საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.05.2018
საქმის ნომერი
2კ-701აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე #701აპ-17. ქ. თბილისი

ვ. ა. 701აპ–17. 24 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი(თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ა. ვ-ს. ბრალი დაედო ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 20.00 საათზე, მ–ის რაიონის სოფელ შ-ში ა. კ-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებმა - ა. ვ-მა, კ. ო-მა და ს. ჩ-მა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ისინი გააშველა ასევე თანასოფლელმა კ. ა-მა, რომელმაც ა. კ--ი გაარიდა მათ და მასთან ერთად დადგა დაახლოებით 6–7 მეტრის მოშორებით. აღნიშნულით განაწყენებულმა ა. ვ-მა ქურთუკიდან ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფი და დამიზნებით, მოკვლის მიზნით, ესროლა ა. კ-სა და კ. ა-ს. სროლის შედეგად ა. კ-მა და კ. ა-მა სხეულის სხვადასხვა ნაწილში მიიღეს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. ა. ვ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სკ–ის 19, 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განაჩენით ა. ვ. გამართლდა საქართველოს სსკ–ის 19, 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ა. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 376–ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ა. ვ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 29 მაისიდან.

3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული ა. ვ. 11 თვითა და 20 დღით ადრე, პირობით ვადამდე გათავისუფლდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა ა. ვ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო სასჯელის ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძელზე საბოლოოდ სასჯელის ზომად 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ვ-ს ინტერესების დამცველის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო პროკურორ გიორგი ღონღაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:

მსჯავრდებულ ა. ვ-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 376–ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

ა. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–7 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ა. ვ-ს სასჯელის მოხდა უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 29 მაისიდან 2016 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ვ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ფ-ემ და ითხოვა ა. ვ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა. ვ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი; განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულ კ-ის ჩვენებას, რომელიც არ არის სარწმუნო და ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ა. ვ-ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან დაზარალებულების - ა. კ-ისა და კ. ა-ის ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და საქმის სხვა მასალათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ა. ვ-მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

9. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება დაზარალებულ კ-ის ჩვენების არასარწმუნოობის შესახებ, ვინაიდან დაზარალებული გამოძიების ეტაპიდანვე იძლევა თანმიმდევრულ და დამაჯერებელ ჩვენებას, რომელიც თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან და რაიმე გარემოება, რაც პალატას მისი ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს მისცემდა, საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ გამოვლენილა.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე