დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.06.2019
საქმის ნომერი
109აგ.-2018
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020141318700068679

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №109აგ-18 ქ. თბილისი

ბ. მ. 109აგ-18 7 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ე-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სართანიას შუამდგომლობა ბრალდებულ მ. ბ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით, შპს „ა. . ბ.ნ-ს სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) მოთავსების თაობაზე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ. ბ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სისხლის სამართლის N0…. საქმეზე.

მ. ბ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

მ. ბ-ს დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით, მოთავსდა სტაციონარში – შპს ,,ა. ბ.ნ-ს სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი- ქუტირი).

მ. ბ-ს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადად განესაზღვრა 1 წელი.

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩასატარებლად მ. ბ-ს სტაციონარში მოთავსების ვადა აითვალა მისი შპს „ა. ბ.ნ-ს სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) მოთავსების მომენტიდან.

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა შეიძლება შეწყდეს დადგენილ ვადაზე ადრე „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 221-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანვე, თუ მათი აღმოფხვრა დადასტურდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. განჩინების შესრულება დაევალათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სენაკის რაიონული სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და შპს „აკად. ბ. ნ-ს სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“ (ხონი-ქუტირი).

2. 2018 წლის 30 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ო-მ, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ო-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვის შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად.

4. კასატორი – მ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ე. საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმებას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვას, ვინაიდან სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა გაცემულია სხვა პირის - მ. ხ-ს ძე ბ-ს სამედიცინო ისტორიის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ე-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, საჩივრის ავტორს ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და სასამართლო მიიჩნევდა ახლად გამოვლენილ გარემოებად, არ წარმოუდგენია. სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა სამართლებრივად შეაფასა სენაკის რაიონულმა სასამართლომ, მ. ბ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით, მისი შპს „აკად. ბ.ნ-ს სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ მოთავსების თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვისას, ხოლო მისი ხელახლა შეფასების სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში საკასაციო პალატას არ გააჩნია.

3. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს განემარტა სენაკის რაიონული სასამართლოს განჩინების ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრების უფლების თაობაზე მისი გამოტანიდან 48 საათში, რითაც, დაცვის მხარეს არ უსარგებლია.

4. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ე-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე