დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.06.2019
საქმის ნომერი
2კ-23-I-19
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219003024388

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№23I-19 ქ. თბილისი

ჯ. ო. 23I-19 24 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - გ. შ-ს

პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას

ადვოკატ - ნ. მ-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო. ჯ-ს

თარჯიმან - ნ. ი-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო. ჯ-ს (O. C. ) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

2016 წლის 2 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ანკარის საქალაქო მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ო. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2017 წლის 28 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს პირველი სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2018 წლის 15 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ანკარის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ბრძანება ო. ჯ-ს დაკავების შესახებ.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ო. ჯ-ს მიერ თურქეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2010 წლის 1 იანვარს თ-ს რესპუბლიკის ქალაქ ა-ში ო. ჯ. სხვა პირებთან ერთად მეგობრის ბინაში აღნიშნავდა ახალი წლის დღესასწაულს, რა დროსაც ბინაში მყოფ ქ. ა-ს ტელეფონით შეკამათება მოუხდა ყოფილი მეგობარი ქალის საქმროსთან – დ. ა-სთან, რის გამოც განიზრახა მასთან მისვლა და საკითხის გარკვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, იმავე დღეს ბრალდებულები – ო. ჯ., ქ. ა. და ბ. ა. სხვა პირებთან ერთად მივიდნენ დ. ა-სთან ა-ში, სადაც მათ შორის გაიმართა ხმამაღალი საუბარი. ამ დროს მეზობლად მცხოვრები ქ. უ. გამოვიდა საკუთარი ბინიდან და ბრალდებულებს დამშვიდებისაკენ მოუწოდა, რის გამოც ხსენებული პირები შეკამათდნენ. კამათი მალევე გადაიზარდა დაპირისპირებაში, რაშიც ძმის – ქ. უ-ს დასაცავად ჩაერთო გ. უ.. ფიზიკური დაპირისპირებისას ო. ჯ-მ, ქ. ა-მ და ბ. ა-მ დანის გამოყენებით გ. უ-ს გულმკერდის არეში მიაყენეს სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები.

3. ზემოაღნიშნული ქმედება ისჯება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მკვლელობის მცდელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, ამ დანაშაულისათვის ო. ჯ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამ ქმედების საქართველოს იურისდიქციაში ჩადენის შემთხვევაში მისი კვალიფიკაცია მოხდებოდა საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით, ჯგუფურად), რაც ითვალისწინებს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

4. 2018 წლის 31 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ო. ჯ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

5. 2018 წლის 10 ოქტომბერს ო. ჯ. ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

6. 2018 წლის 12 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ო. ჯ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

7. 2019 წლის 4 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ო. ჯ-ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2019 წლის 10 აპრილამდე.

8. 2019 წლის 5 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ო. ჯ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2019 წლის 10 ივლისამდე. ამჟამად ო. ჯ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციურ დაწესებულებაში.

9. 2019 წლის 3 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ო. ჯ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის ანკარის საქალაქო მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მკვლელობის მცდელობა).

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2019 წლის 5 ივნისის განჩინებით დასაშვებად ცნო ო. ჯ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის ანკარის საქალაქო მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მკვლელობის მცდელობა).

11. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო. ჯ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ო. ჯ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: თ-ს რესპუბლიკის ციხეები გადატვირთულია პატიმრებით; საპატიმრო დაწესებულებებში არ არსებობს გადაუდებელი სამედიცინო სერვისი, რაც ზრდის ფატალური შედეგის დადგომის რისკს; დაკავებულია ოპოზიციური მედიასაშუალების სამასამდე ჟურნალისტი, დაიხურა ოპოზიციური ჟურნალ-გაზეთები და ტელევიზია, რაც მიუთითებს თურქეთის რესპუბლიკაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო სამართლებრივ დევნაზე; ო. ჯ. პოლიტიკურად აქტიურია; ის ორგანიზებას უწევდა რეგიონში მიტინგებისა და მანიფესტაციების ჩატარებას, რის გამოც არაერთხელ დააკავეს; ბოლო დაკავებისას მას განუმარტეს, რომ თუკი გააგრძელებდა პოლიტიკურ აქტიურობას, აუცილებლად მოკლავდნენ. სწორედ ამ მიზეზით დატოვა მან თურქეთის რესპუბლიკა; საყურადღებოა ისიც, რომ საქმის განხილვის დროს ო. ჯ-ს არ ჰყავდა სავალდებულო წესით დანიშნული დამცველი. დაცვას მიაჩნია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ აშკარად დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-8 მუხლები.

12. სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ნ. მ-მ მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

13. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა – ო. ჯ-მ ასევე დაუჭირა მხარი ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

14. პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ო. ჯ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 10 ოქტომბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ო. ჯ-ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ო. ჯ-ს სდევნიდნენ პოლიტიკური ნიშნით და ექსტრადიციის შემთხვევაში მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს იმავე მტკიცების სტანდარტითა და გარემოებებით, რაც რელევანტურია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ეს კი გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებებს. ო. ჯ-ს ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია ზემომითითებული საკითხის თაობაზე. ამდენად, დაუსაბუთებელია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ გამოთქმული მოსაზრება თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის შესახებ.

6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).

7. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ო. ჯ-ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა, მეტიც, მის მიმართ არ არსებობს რაიმე ნიშნით დევნის საფრთხე, რაც კიდევ უფრო გაზრდიდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკს.

8. საყურადღებოა ისიც, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ მოწოდებულ მასალებში წარმოდგენილია გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ო. ჯ. ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა.

9. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურის მიერ ინტერნეტის ღია წყაროებში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ო. ჯ-ს მიმართ რაიმე კუთხით დევნის მანიშნებელი არანაირი მასალა არ არსებობს.

10. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ო. ჯ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ-ს რესპუბლიკის მოქალაქე.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციის შესაბამისად, ო. ჯ-ს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე.

12. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ო. ჯ-მ გასაუბრებისას განმარტა, მას საქართველოში ოჯახი არ ჰყავს, თურქეთის რესპუბლიკაში კი ცხოვრობენ მისი მამა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ასეთ ვითარებაში ო. ჯ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-8 მუხლით განატირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ო. ჯ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის ანკარის საქალაქო მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მკვლელობის მცდელობა), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე