საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.06.2019
საქმის ნომერი
2კ-820აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002584023

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№820აპ-18 ქ. თბილისი

მ. რ. 820აპ-18 17 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 სექტემბრის განაჩენით რ. მ. - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ. მ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ რ. მ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 9 ივლისიდან.

გაუქმდა რ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

2. აღნიშნული განაჩენით რ. მ-ს მსჯავრი დაედო სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან; ასევე - ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებაში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

რ. მ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის ზაფხულში, გამოძიებით დაუდგენელ თვესა და რიცხვში, დღის საათებში, თ. ც. თავის 12 წლის შვილთან, ს. ც-სთან ერთად, მივიდა სტუმრად თ-ში, ლ-ს დასახლებაში ... კვარტლის, ... -ე კორპუსში მდებარე, ბინა N ..-ში მცხოვრებ თავის მეგობარ მამაკაცთან, რ. მ-სთან. ცოტა ხნის შემდეგ თ. ც. გავიდა საქმეზე და შვილი დატოვა სახლში რ. მ-სთან. მან იცოდა, რომ ს. ც. იყო თოთხმეტ წელს მიუღწეველი. რ. მ. ზურგიდან მოხვია ხელები და მისი ნების საწინააღმდეგოდ, დაუწყო მოფერება მკერდსა და კისერზე. ს. ც-მ შეძლო თავის დაღწევა, ხოლო რ. მ-მ ძალადობის მუქარით მოსთხოვა, არავისთვის მოეყოლა მომხდარის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ, იმავე წლის შემოდგომაზე, გამოძიებით დაუდგენელ თვესა და რიცხვში, დღის საათებში, თ. ც. ს. ც-სთან ერთად, სახლში კვლავ ესტუმრა რ. მ-ს. თ. ც. შევიდა სააბაზანო ოთახში, ხოლო შვილი დატოვა ოთახში მყოფ რ. მ-სთან ერთად. ამ დროს მან, ძალადობის მუქარით, რომ ს. ც-ს არავისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ და არ დაეყვირა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, დაუწყო ხელებით მოფერება ფეხებსა და შემდეგ - სასქესო ორგანოზე, თუმცა ს. ც-მ კვლავ შეძლო თავის დაღწევა. რ. მ. საკუთარი მობილური ტელეფონიდან 2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 6 ივლისამდე პერიოდში სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა 13 წლის ს. ც- ს, რითიც მან ჩაიდინა ინტელექტუალური სახის გარყვნილი ქმედება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. მ-მ. კასატორი საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ საფუძვლით, რომ მან აღიარა დანაშაული, არ არის ნასამართლევი, ჰყავს მოხუცი, ავადმყოფი დედა, რომელსაც სხვა მარჩენალი არ ჰყავს.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 39–ე და 53-ე მუხლების საფუძველზე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ რ. მ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი, რაც, პალატის მოსაზრებით, სამართლიანია და არ არსებობს მისი კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე