საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002139024
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№16აპ-19 ქ. თბილისი
ფ. კ. 16აპ-19 1 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
კ. ფ-ს, – დაბადებულს 1... წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) – 6-6 წლით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) – 4-4 წლით, ხოლო 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (6 ეპიზოდი) – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და კ. ფ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 24 ივლისიდან;
ი. ტ-ს, – დაბადებულს 1... წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) – ჯარიმა 7000-7000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) – ჯარიმა 5000-5000 ლარი, ხოლო 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (6 ეპიზოდი) – ჯარიმა 2000-2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და ი. ტ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა – 7000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 24 ივლისს, ასევე – 2017 წლის 18 ოქტომბრიდან იმავე წლის 28 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ი. ტ-ს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი;
ს. ტ-ს, – დაბადებულს 1... წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) – ჯარიმა 7000-7000 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) – ჯარიმა 5000-5000 ლარი, ხოლო 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (6 ეპიზოდი) – ჯარიმა 2000-2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და ს. ტ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა – 7000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 24 ივლისს, ასევე – 2017 წლის 18 ოქტომბრიდან იმავე წლის 28 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ს. ტ-ს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი;
ვ. შ-ს, – დაბადებულს 1... წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 24 ივლისიდან იმავე წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ფ-მ, ი. ტ-მ და ს. ტ-მ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (3 ეპიზოდი); ასევე – თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (3 ეპიზოდი); ასევე – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება (6 ეპიზოდი), ხოლო ვ. შ-მ – ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წელს კ. ფ. , ი. ტ. და ს. ტ. შეთანხმდნენ, რომ დაუკავშირდებოდნენ ა-ის ავტონომიურ რესპუბლიკაში (საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე) მცხოვრებ პირებს, რომელთაც დაუმზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს სხვადასხვა კომერციული ბანკიდან სესხის აღების მიზნით, რასაც შემდგომში ერთმანეთში გაინაწილებდნენ, ხოლო სესხის ამღები პირები დაბრუნდებოდნენ ა-ის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რაც შეუძლებელს გახდიდა ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით ბანკების ინტერესების დაკმაყოფილებას. ისინი მოქმედებდნენ შემდეგი სქემის შესაბამისად: ა-ის ავტონომიური რესპუბლიკიდან გადმოჰყავდათ მოქალაქეები, რომლებსაც ეხმარებოდნენ პირადობის მოწმობის აღებაში; მათ სახელზე ამზადებდნენ ყალბ სახელფასო ცნობებსა და საბანკო ანგარიშის ამონაწერებს, რის შემდეგაც კომერციული ბანკებიდან სხვადასხვა პირზე სესხის სახით გაცემულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდნენ.
· 2017 წლის ივნისში კ. ფ-მ, ი. და ს. ტ-ებთან ერთად, ა-ის ავტონომიური რესპუბლიკიდან გადმოიყვანა მოქალაქე ჟ. ა., რომელსაც დაეხმარნენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის აღებაში, მის სახელზე დაამზადეს სს „ლ. ბ-ს“ ყალბი საბანკო ამონაწერი და სამსახურებრივი ცნობა. ამ დოკუმენტებით ჟ. ა-ამ 2017 წლის 20 ივნისს სს „თ. ბ-დან“ სესხის სახით აიღო 5900 ლარი. მასვე „თ. ბ-მა“ 2017 წლის 16 ივნისს განვადების სახით დაუმტკიცა სესხი – 1729.98 ლარზე, 2017 წლის 22 ივნისს ასევე განვადების სახით დაუმტკიცა სესხი – 1933.43 ლარზე, 2017 წლის 21 ივნისს ჟ. ა-ს სახელზე p. C. -ის სახით გაიცა 850 ლარი. 2017 წლის 15 ივნისს სს „ლ. ბ-მა“ მას განვადების სახით დაუმტკიცა სესხი – 2129.80 ლარზე. მითითებული თანხების უმეტესი ნაწილი ი. ტ-მ, კ. ფ-მ და ს. ტ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, ხოლო ნაწილი გადაუხადეს კრედიტის ამღებს.
· 2017 წლის ივლისში კ. ფ-მ, ი. და ს. ტ-ებმა ა-ის ავტონომიური რესპუბლიკიდან გადმოიყვანეს მოქალაქე ვ. შ. , რომელსაც დაეხმარნენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის აღებაში და მის სახელზე დაამზადეს სს „პ. ბ-ს“ ყალბი საბანკო ამონაწერი. აღნიშნული დოკუმენტებით ვ. შ-მ 2017 წლის 24 ივლისს სს „თ. ბ-დან“ სესხის სახით აიღო 4000 ლარი, რაც გადასცა კ. ფ-ს ჯგუფის წევრებისათვის გადასანაწილებლად.
· 2017 წლის ივნისში კ. ფ-მ, ი. და ს. ტ-ებმა ა-ის ავტონომიური რესპუბლიკიდან გადმოიყვანეს მოქალაქე ნ. დ., რომელსაც დაეხმარნენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის აღებაში და მის სახელზე დაამზადეს სს „პ. ბ-ს“ ყალბი საბანკო ამონაწერი. მითითებული დოკუმენტებით ნ. დ-მ, კ. ფ-სთან, ი. და ს. ტ-ებთან წინასწარი შეთანხმებით, 2017 წლის 19 ივნისს სს „თ. ბ-დან“ სესხის სახით აიღო 11600 ლარი; მასვე სს „თ. ბ-მ “ 2017 წლის 22 ივნისს განვადების სახით დაუმტკიცა სესხი– 1961.27 ლარზე, 2017 წლის 23 ივნისს – 570 ლარზე. 2017 წლის 17 ივნისს ნ. დ-ს სს „ლ. ბ-ში“ განვადების სახით დაუმტკიცდა სესხი – 2129,80 ლარზე, 2017 წლის 23 ივნისს სწრაფი სესხის სახით – 300 ლარზე. მასვე 2017 წლის 16 ივნისს სს „ს. ს ბ-ში“ დაუმტკიცდა სწრაფი სესხი – 800 ლარზე. ამ თანხების უმეტესი ნაწილი ი. ტ-მ, ს. ტ-მ და კ. ფ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, ხოლო ნაწილი გადაუხადეს კრედიტის ამღებს.
· 2017 წლის ივლისში კ. ფ-მ, ი. და ს. ტ-ებმა ა-ის ავტონომიური რესპუბლიკიდან გადმოიყვანეს მოქალაქე ჯ. დ., რომელსაც დაეხმარნენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის აღებაში და მის სახელზე დაამზადეს სს „პ. ბ-ს“ ყალბი საბანკო ამონაწერი. მითითებული დოკუმენტებით ჯ. დ-მ 2017 წლის 6 ივლისს სს „ს. ბ-დან“ სესხის სახით აიღო 6120 ლარი, 7 ივლისს დაუმტკიცდა სწრაფი სესხი – 800 ლარზე, ხოლო 12 ივლისს დაუმზადდა „ა. ე-ს“ საკრედიტო ბარათი 500-ლარიანი ლიმიტით. ამასთან, ჯ. დ-ს სს „თ. ბ-მ“ 2017 წლის 4 ივლისს განვადების სახით დაუმტკიცა სესხი – 1698.26 ლარზე, 2017 წლის 10 ივლისს სს „ლ. ბ-ში“ განვადების სახით დაუმტკიცდა სესხი – 2400,96 ლარზე. ამ თანხების უმეტესი ნაწილი ი. ტ-მ, ს. ტ-მ და კ. ფ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, ხოლო ნაწილი გადაუხადეს კრედიტის ამღებს.
· 2017 წლის ივლისში კ. ფ-მ, ი. და ს. ტ-ებმა ა-ის ავტონომიური რესპუბლიკიდან გადმოიყვანეს მოქალაქე ე. ვ. , რომელსაც დაეხმარნენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის აღებაში და მის სახელზე დაამზადეს სს „ბ. ბ-ს“ ყალბი საბანკო ამონაწერი. მითითებული დოკუმენტებით ე. ვ-მ 2017 წლის 7 ივლისს სს „ს. ბ-დან“ სესხის სახით აიღო 5100 ლარი, მასვე დაუმზადდა „ა. ე-ს“ საკრედიტო ბარათი 3100-ლარიანი ლიმიტით, 10 ივლისს განვადების სახით დაუმტკიცდა სესხი – 1660,94 ლარზე, ხოლო 11 ივლისს – სწრაფი სესხი 700 ლარზე. 2017 წლის 5 ივლისს ე. ვ-ს სს „ლ. ბ-ში“ განვადების სახით დაუმტკიცდა სესხი – 1796,30 ლარზე. ამ თანხების უმეტესი ნაწილი ი. ტ-მ, კ. ფ-მ და ს. ტ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, ხოლო ნაწილი გადაუხადეს კრედიტის ამღებს.
· 2017 წლის ივლისში კ. ფ-მ, ი. და ს. ტ-ებმა ა-ის ავტონომიური რესპუბლიკიდან გადმოიყვანეს მოქალაქე მ. დ., რომელსაც დაეხმარნენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის აღებაში და მის სახელზე დაამზადეს სს „ბ. ბ-ს“ ყალბი საბანკო ამონაწერი. ამ დოკუმენტებით მ. დ-მ 2017 წლის 24 ივლისს სს „ს. ბ-დან“ სესხის სახით აიღო 3500 ლარი, რომლის უმეტესი ნაწილი ი. ტ-მ, კ. ფ-მ და ს. ტ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, ხოლო ნაწილი გადაუხადეს კრედიტის ამღებს.
· 2017 წლის ივლისში კ. ფ-მ, ი. და ს. ტ-ებმა ა-ის ავტონომიური რესპუბლიკიდან გადმოიყვანეს მოქალაქე ვ. შ. , რომელსაც დაეხმარნენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის აღებაში და მის სახელზე დაამზადეს სს „პ. ბ-ს“ ყალბი საბანკო ამონაწერი. მითითებული დოკუმენტები ვ. შ-მ წარადგინა სს „თ. ბ-ში“ და 2017 წლის 24 ივლისს სესხის სახით აიღო 4000 ლარი, რაც გადასცა კ. ფ-ს ჯგუფის წევრებზე გადასანაწილებლად.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: კ. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) მიესაჯა 6-6 წლითა და 6-6 თვით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) – 4-4 წლითა და 6-6 თვით, ხოლო 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (6 ეპიზოდი) – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და კ. ფ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 24 ივლისიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ კ. ფ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მ. მან ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ. ფ-ს გამართლება წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს მის ბრალეულობაზე. კასატორმა ასევე ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინება მოწმეების წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნების შესახებ.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას კ. ფ-ს უდანაშაულობის შესახებ მისთვის წარდგენილ ბრალდებებში, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება თაღლითობის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური ნიშნების არსებობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: მოწმეების – ი. კ-ს, დ. კ-ს, ა. მ-ს, გ. გ-ს, ს. პ-ს, ც. თ-ს, ვ. კ-ს, პ. მ-ს, მ. ფ-ს, ს. ჯ-ს, ნ. რ-ს, თ. გ-ს, დ. მ-ს, გ. შ-ს, შ. დ-ს, ჯ. ჩ-ს, ი.ტ-ს, ზ. ჯ-ს, თ. თ-ს და სხვათა ჩვენებებით, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, წინასწარ გამოძიებაში მიცემული მოწმეების – მ. დ-ს, ა. კ-ს, ნ. დ-ს, კ. მ-ს ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, ყალბი საბანკო ამონაწერებითა და ყალბი ცნობებით სამუშაო ადგილებიდან, 2017 წლის 24 ივლისის პირადი ჩხრეკისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2017 წლის 23 აგვისტოსა და 24 აგვისტოს ოქმებით, 2017 წლის 11 ოქტომბრის გრაფიკული ექსპერტიზისა დასკვნით, მსჯავრდებულების – ს. ტ-ს და ი. ტ-ს ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ კ. ფ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა (3 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენა.
8. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მოწმეების წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეთა ჩვენებები გამოქვეყნდა კანონის დაცვით და მითითებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე