დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700071202
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №6აგ-19 2 აგვისტო, 2019 წელი
გ-ი ს., 6აგ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის განაჩენით ს. გ-ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. ს. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განაჩენით მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს. ფცქიალაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის განაჩენში ს. გ-ის მიმართ შევიდა ცვლილება: ს. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,108-ე მუხლზე. ს. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. 2018 წლის 14 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ადვოკატმა მ. კ-მა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვა მსჯავრდებულ ს. გ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. კასატორი - ს. გ-ის ინტერესების დამცველი მ. კ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმებას. ადვოკატის პოზიციით, კითხვაზე, თუ რატომ მაშინვე არ მიმართეს ახალმა მოწმეებმა საგამოძიებო ორგანოებს და მაშინვე რატომ არ მისცეს ჩვენებები, შესაძლებელია, მრავალი ფაქტორით იყოს განპირობებული (მათ შორის დასახელებულია ხსენებულ მოწმეთა შიში მათთვის გაუგებარ ენაზე სამართალწარმოებისადმი). აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ რამდენად რეალური საფუძველი გააჩნდა მათ სიფრთხილეს. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი თანხვდენილია მსჯავრდებულის პოზიციასთან და შემდგომმა სასჯელის გამკაცრებამ გაუგებრობა გამოიწვია. საქმეში არსებული მონაცემებიც არ იძლეოდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენის გადახედვის რაიმე ფაქტობრივ საფუძველს, დანაშაულის ადგილზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური საგამოძიებო ღონისძიებები, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, საერთოდ არ განხორციელებულა, შემთხვევის თვითმხილველები არ დადგენილა და არც მათი დაკითხვა მომხდარა – გამოძიება შემოიფარგლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–6 ნაწილით მინიჭებული ბრალდების ფუნქციით: მხოლოდ ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებითა და სასამართლოში მათი წარდგენით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა შუამდგომლობასა და საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით (მოწმეთა, მათ შორის - მ. გ-ას გამოკითხვის ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე) იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს პოზიციას. ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მასალის შინაარსი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის შესახებ არსებულ მოთხოვნებს. მ. გ-სა და არათვითმხილველ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც შეეძლო კანონით დადგენილი წესით გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ეჭვქვეშ დაეყენებინა.
3. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე