დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
2კ-38-I-19
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219003109511

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

38I-19 თბილისი

გ. ი., 38I-19 24 სექტემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას

ადვოკატების - დ. ბ.-ის, დ ბ.-ას

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. გ.-ის

თარჯიმნების - ნ. ჯ.-ის, თ. ც.-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. გ.-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ.-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. გ.-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

1. 2019 წლის 12 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ-ის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. გ.

2. 2019 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. გ.-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

3. 2019 წლის 6 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ი. გ.-ის ექსტრადიციის თაობაზე რ-ის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

4. 2019 წლის 8 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. გ.-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 12 აგვისტომდე.

ი. გ.-ის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები რ-ის ფედერაციაში:

5. 2018 წლის 24 აპრილს რ-ის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახაზო სამმართველოს დ-ოს აეროპორტის საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ი. გ.-ის ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად:

ი. გ.-ს ბრალი დაედო რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228.1-ე მუხლის მე-5 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაგზავნა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და ამავე კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 228.1-ე მუხლის მე-5 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6. იმავე დღეს რ-ის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახაზო სამმართველოს დ-ს აეროპორტის საგამოძიებო განყოფილების გადაწყვეტილებით გამოცხადდა ი. გ.-ის ძებნა.

7. 2018 წლის 26 ივნისს რ-ის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახაზო სამმართველოს დ-ოს აეროპორტის სამძებრო განყოფილების გადაწყვეტილებით გამოცხადდა ი. გ.-ის საერთაშორისო ძებნა.

8. 2018 წლის 27 ივნისს რ-ის ფედერაციის მ-ის ოლქის დ-ოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ი. გ.-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენეს პატიმრობა.

9. 2018 წლის 14 სექტემბერს გამოცხადდა ი. გ.-ის ძებნა ინტერპოლის არხებით.

რ-ის ფედერაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთა ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:

10. ი.გ.-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მიზნით, გამოძიების მიერ დაუდგენელ პირთან შეთანხმებით, მ. ლ.-ს შესთავაზა, მიეღო საფოსტო გზავნილი - ამანათი, მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებით, განეხორციელებინა მისი სათანადო ადგილას, სამალავში განთავსება და ეცნობებინა ი. გ.-სთვის სამალავის შესაბამისი კოორდინატები, რასაც 2017 წლის 1 ივნისს მ. ლ. დასთანხმდა. ამასთან, ნარკოტიკული საშუალების გადაგზავნასა და მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებები ი. გ.-სა და მ. ლ.-ს შორის შეთანხმდა მობილური ტელეფონის გამოყენებით, აპლიკაცია ,,w--ის“ მეშვეობით.

11. აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის 3 ივნისს, რ-ის ფედერაციის ქ. ი.დან გამოძიების მიერ დაუდგენელმა პირმა საფოსტო გზავნილების მიწოდების სერვისის გამოყენებით, მ. ლ.-ს თავის საცხოვრებელ მისამართზე, ქ. ე.-ში გაუგზავნა შეთანხმებული ამანათი, აუდიომოწყობილობა, რომელშიც მალულად მოთავსებული იყო 1,100.8 გრ ნარკოტიკული საშუალება - მეფედრონი. მოგვიანებით, 2017 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 13:30 საათზე, მ-ის ოლქში, დ-ოს აეროპორტის გასაგზავნი ამანათების დათვალიერების პუნქტში, მ. ლ.-სთვის გასაგზავნად განკუთვნილი ამანათის დათვალიერების პროცესში, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს ამანათში მალულად, სამ შეკვრად მოთავსებული ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალება მეფედრონი, საერთო წონით - 1,100.8 გრ., რომელიც რ-ის ფედერაციის კანონმდებლობით წარმოადგენს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას.

12. შემდგომში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაგეგმილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - კონტროლირებადი მიწოდების - ფარგლებში, პოლიციის თანამშრომლებმა, ზემოხსენებულ ამანათში მოათავსეს ნარკოტიკული საშუალება მეფედრონის ე.წ. მულაჟი, რის შემდეგაც ამანათი შემდგომი მიღების მიზნით, საცხოვრებელ მისამართზე გაუგზავნეს ადრესატს - მ. ლ.-ს. მოგვიანებით, 2017 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ. ლ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე - ქ. ე.-ში, ბ. ქუჩის -ში, -ში, საფოსტო გზავნილების მიწოდების სერვისის კურიერის მეშვეობით მიიღო ზემოხსენებული ამანათი, რაც დაადასტურა ხელმოწერით.

13. აღნიშნულის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა 2017 წლის 9 ივნისს, 00:05-03:30 საათებს შორის მონაკვეთში, მ. ლ.-ს საცხოვრებელ ბინაში გადაუდებლად ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მ. ლ.-სთან აღმოაჩინეს და ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება მეფედრონის მულაჟი, რომელიც ამანათში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში მოთავსდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. გ.-მა, მ. ლ.-მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ვერ მიიყვანეს ბოლომდე, რამდენადაც მ. ლ. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს.

14. 2019 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ი. გ.-ის რ-ის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია:

15. რ-ის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახაზო სამმართველოს დ-ოს აეროპორტის საგამოძიებო განყოფილების 2018 წლის 24 აპრილის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228.1-ე მუხლის მე-5 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაგზავნა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და ამავე კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 228.1-ე მუხლის მე-5 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ი. გ.-ის რ-ის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია:

17. რ-ის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახაზო სამმართველოს დ-ოს აეროპორტის საგამოძიებო განყოფილების 2018 წლის 24 აპრილის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228.1-ე მუხლის მე-5 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაგზავნა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და ამავე კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 228.1-ე მუხლის მე-5 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

18. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატი დ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმებას.

19. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ი. გ. არ იმყოფებოდა რ-ში, როდესაც მისთვის ბრალადშერაცხული ქმედება განხორციელდა. დაცვის მხარემ მიმართა პროკურატურას ,,w--ის“ მიმოწერაში არსებული ხმოვანი ფოსტის დამატებით გამოთხოვის შესახებ, რაც პროკურატურამ არ გაიზიარა. შემდეგ მათ სასამართლოს მიმართეს ანალოგიური თხოვნით, თუმცა ეს შუამდგომლობაც არ იქნა გაზიარებული. ი. გ.-მა აღნიშნა, რომ იგი რ-ის ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ ყოფილა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ის უ-ის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა. რ-ის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი გარანტიები არ არის სანდო. იქ ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. კასატორი უთითებს, რომ ი. გ.-ს საქართველოში ჰყავს მეუღლე, რომელზეც 2018 წლის 24 დეკემბრიდან არის დაქორწინებული. ამდენად, მისი ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა „ოჯახის ურღვეობის“ პრინციპიც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. რ-ის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. გ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 12 თებერვალს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. დაუდასტურებელია დაცვის მხარის მითითება, რომ ი. გ.-ის რ-ის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე იარსებებს. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, შესაბამის ქვეყანაში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება არ არის საკმარისი და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის რისკების არსებობის სამტკიცებლად ეს ყოველივე საჭიროებს დამატებით დადასტურებას სხვა მტკიცებულებებით (იხ. „მამათკულოვი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey), N46827/99, 46951/99, 04/02/2005, §72-73), კერძოდ: საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რ-ის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა რ-ის ფედერაციაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის შესახებ.

5. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რ-ის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა მიხედვითაც, ექსტრადიციის შემთხვევაში ი. გ.ი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს. მას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიეცემა თავის დაცვის ყველა საშუალება.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გარანტია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოს, კერძოდ, გენერალური პროკურატურის მიერ არის გაცემული; ამასთან, მისი შინაარსი არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ.ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და “ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105). შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნია არანაირი სახის, საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.

7. რაც შეეხება „ოჯახური ურღვეობის“ პრინციპის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო პალატა ამ ნაწილში სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში შესაძლოა გახდეს; ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოში მყოფი მეუღლის არსებობის ფაქტი არ წარმოადგენს იმ საგამონაკლისო გარემოებას, რომელიც ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს გადაწონიდა. ი. გ.-სა და ქ. რ.-ს საქართველოში თანაცხოვრების მხოლოდ ხანმოკლე გამოცდილება აქვთ; მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის დედა და და რ-ის ფედერაციაში ცხოვრობენ.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. გ.-ის რ-ის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ-ის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახაზო სამმართველოს დ-ოს აეროპორტის საგამოძიებო განყოფილების 2018 წლის 24 აპრილის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228.1-ე მუხლის მე-5 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაგზავნა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და ამავე კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 228.1-ე მუხლის მე-5 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), - კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ.-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე