საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100117002239907
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №186აპ.-19 30 იანვარი, 2020 წელი
ა-ი მ, 186აპ.-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. 2017 წლის 6 ნოემბერს მ. ა-ი, - დაბადებული … წლის … სექტემბერს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი), 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახური დანაშაული - იძულება, ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა).
2. 2017 წლის 6 ნოემბერს ბრალდებული სასამართლოს პირველად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრა პატიმრობა, ხოლო პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 4 ნოემბრის 16:10 სთ-დან.
3. 2017 წლის 28 დეკემბერს მ. ა-ის მიმართ ბრალი დაზუსტდა და ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით (ოჯახური დანაშაული - სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია), 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახური დანაშაული - იძულება, ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა).
4. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს, კერძოდ, 2018 წლის 3 მარტს, დაზარალებულმა გ. ა-ამ, დაზარალებულის დედამ - ლ. ა-იმ და დაზარალებულის მამამ - ნ. შ-იმ განცხადებით მიმართეს სახელმწიფო ბრალდების მხარეს და განუმარტეს, რომ დაზარალებული გ. ა-ა შეურიგდა ბრალდებულ მ. ა-ს, ისინი ერთად აპირებენ შვილების გაზრდას და ბრალდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ.
5. 2018 წლის 6 მარტს დაზარალებულმა გ. ა-ამ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უარი განაცხადა მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
6. 2018 წლის 13 მარტს თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულ მ. ა-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გააუქმა, დატოვა იგი აღკვეთის ღონისძიების გარეშე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლა სხდომის დარბაზიდან.
7. გამომდინარე იქიდან, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე და საქმეში არ მოიპოვებოდა სხვა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. ა-ის მიერ ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის ჩადენას, 2018 წლის 16 ოქტომბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
8. 2018 წლის 14 ნოემბერს ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი და მოითხოვა მ. ა-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
9. 2018 წლის 6 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი ცნო დასაშვებად და 2019 წლის 8 თებერვალს განიხილა ზეპირი მოსმენით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად.
10. 2019 წლის 5 მარტს ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2019 წლის 8 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
11. საკასაციო საჩივრის ავტორი არ ასაბუთებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული დასაშვებობის კრიტერიუმებიდან არცერთს და ძირითად არგუმენტად მოჰყავს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მხრიდან მტკიცებულებების არასწორი შეფასება.
12. საქმის მასალებიდან ცალსახად ირკვევა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული და გამოკვლეული. საკასაციო სასამართლო განაჩენის კანონიერებას ამოწმებს, არ ადგენს ფაქტებს და არ იკვლევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. საკასაციო სასამართლო ამოწმებს საქმეში არსებული მტკიცებულებების მხოლოდ კანონიერებას და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე ამოწმებს სამართლებრივ საკითხებს.
13. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას.
14. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 47-ე მუხლის თანახმად, დაზარალებული სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს და საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს, არ მისცეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, თუმცა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლოსთვის არ წარმოადგენს მტკიცებულებას და მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოსთვის ვერ დაადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია.
15. საკასაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ოჯახური დანაშაულის ხასიათზე და განმარტავს, რომ დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებშიც, საქმეში დადგენილი ობიექტური გარემოებებისა და მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით სასამართლომ უნდა დაადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი.
16. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლი საქართველოს ავალდებულებს, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დანაშაულებზე უზრუნველყოფილი იყოს ex officio სასამართლო პროცესები, რომელიც არ უნდა იყოს „მთლიანად დამოკიდებული“ მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე, საგამოძიებო და საპროცესო ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ხარვეზების არსებობის გამო, პირის ბრალდება „მთლიანად დამოკიდებულია“ დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაზე და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ ადგენს ობიექტურ გარემოებებს და ვერ უზრუნველყოფს საქმეზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
18. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ირიბი ჩვენებების ერთობლიობა არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
19. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნებს.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი