საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
2კ-473აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002412852

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №473აპ-19 ქ. თბილისი

ს. უ. 473აპ-19 19 თებერვალი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით უ. ს-ს, - დაბადებულს 1… წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 25 მარტს, ღამის საათებში, ნასვამი უ. ს. მივიდა თავისი მეუღლის - შ. ვ-ს საცხოვრებელ სახლში მისამართზე: ქ. ა., ი-ს ქ. №…-ში, სადაც ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზედაც ოჯახში მყოფმა მისმა არასრულწლოვანმა შვილმა თ. ს-მ მისცა შენიშვნა და მოუწოდა, სახლი დაეტოვებინა. აღნიშნულზე განაწყენებულმა უ. ს-მ ხელის დარტყმით მარცხენა ხელის არეში, მისივე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით,შვილს - თ. ს-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით უ. ს. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა უ. ს-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

ყადაღა უნდა მოეხსნას 6000 ლარის ფარგლებში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ, მის საკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ქონებას (მდებარე ქ. ა-ში, შ. რ-ს ქუჩა N.., სართ. .., ბინა N…კვ.მ, საკადასტრო კოდი- …).

განემარტა გამართლებულს, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი კახაბერ ლეკიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და უ. ს-სათვის კანონიერი სასჯელის შეფარდებას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეული ფაქტობრივი მტკიცებულებები ქმნის მტკიცებულებათა იმ სტანდარტს, რაც გახდებოდა უ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

6. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

7. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გ. ს-ს და შ. კ-ს ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობის კვალი და დაზარალებულის აღელვებულ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი, თუმცა დაზიანების გამომწვევი მიზეზების, დაზიანების მიყენების დროის, ვითარების, ხერხის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.

8. დაზარალებული თ. ს. და მოწმეები - შ. ვ., მ. ს. და გ. ს. გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმებით უ. ს-ს ამხელდნენ მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას აღნიშნულმა პირებმა ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მამისა და მეუღლის − უ. ს-ს მამხილებელი ჩვენების მიცემაზე; უშუალო თვითმხილველი, რომელსაც ექნებოდა რაიმე ინფორმაცია ბრალდებულის მიერ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია; სასამართლო პროცესზე არ დაუკითხავთ მოწმე ნ. შ.; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს დაზიანების კვალი არ აღენიშნება, ხოლო მოწმეების - ლ. მ-ს, მ. ჯ-ს, გ. ნ-სა და ზ. ნ-ს ჩვენებებით უტყუარად არ დასტურდება უ. ს-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; საგამოძიებო ექსპერიმენტთან მიმართებით სასამართლოში საქმის წარმოებისას აღინიშნა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მოწმეების მიერ გამოკითხვის ფარგლებში მიწოდებული ინფორმაცია არ შემოწმებულა (რამდენად შეეძლოთ გაეგოთ ან დაენახათ ის, რაზეც მოწმეები მიუთითებდნენ).

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას ისეთ საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი. ეს არ არის ადვილი ამოცანა გამოცდილი სამართალდამცავი პირებისთვისაც კი, თუმცა გამოწვევა დაუძლეველი ხდება მსხვერპლისთვის, რომელმაც თავად უნდა შეაგროვოს მტკიცებულებები და ამავდროულად, განაგრძოს მოძალადესთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, მისგან ანგარიშსწორების შიშში და მასზე ფინანსურად დამოკიდებულმა (იხ. Volodina v Russia, ECtHR, no.41261/17, §82, 09/07/2019).

10. სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ „ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №766აპ-19).

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს ბავშვის დაცვა, მათ შორის მშობლების მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისგან, იმისგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ (კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, 1989წ., მუხლი 19).

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით - არასრულწლოვნებზე. ამიტომ, როდესაც საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი ოჯახის წევრი, მით უმეტეს, როდესაც დაზარალებული არასრულწლოვანია, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა დაცული იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ნორმალურ გარემოში ცხოვრებისა და განვითარების უფლება და წარდგენილი ბრალდების დასაბუთება არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე და 50-ე მუხლებით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე ( იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №628აპ-19).

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ ბრალდებულის ბრალეულობა არ იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრი მოწმეების მამხილებელ ჩვენებებზე, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ გამოკვეთილა.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე