საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.02.2020
საქმის ნომერი
2კ-766აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100119002927103

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №766აპ-19 ქ. თბილისი

ჯ. პ. 766აპ-19 3 თებერვალი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით პ. ჯ-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, პ. ჯ-მ ქ.ს-ში, ნ-ს ქუჩის N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, იმის გამო იძალადა ფიზიკურად მეუღლეზე, ნ. ბ-ზე, რომ მან უარი უთხრა თავისი პენსიის მიცემაზე და ასევე, სთხოვა, ვ-ს რ-ს ს. ჭ-ში, დედასთან, გაშვება. კერძოდ, პ. ჯ-მ არასრულწლოვანი შვილის - …. წელს დაბადებული ნ. ჯ-ს თანდასწრებით, ნ. ბ-ს ძლიერად მოქაჩა თმა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე, პ. ჯ-მ ქ.ს-ში, ნ-ს ქუჩის N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, იმის გამო იძალადა ფიზიკურად მეუღლეზე, ნ. ბ-ზე, რომ არ მოეწონა მისი მოდუღებული ყავა, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის - … წელს დაბადებული ნ. ჯ-ს თანდასწრებით, მეუღლეს ზურგის არეში დაარტყა მარჯვენა ფეხი, რის შედეგადაც ნ. ბ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით პ. ჯ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 12 მარტის ორი ეპიზოდი).

გამართლებულ პ. ჯ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილე დარიკო ვადაჭკორია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: პ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და ამ მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

6. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას.

7. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება კასატორის პოზიციას აღნიშნულ საკითხში. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 47-ე მუხლის თანახმად, დაზარალებული სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს და საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლება აქვს, არ მისცეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან აღნიშნული უფლების რეალიზება არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე (მაგ. გამოკითხვის ოქმში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას და არ ადასტურებს დანაშაულებრივი ქმედების არარსებობას. მაგრამ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია.

8. სასამართლო განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარის თქმა შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული. მათ შორის, მოწმე ან/და დაზარალებული შეიძლება მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობა საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზის საფუძველზე უნდა შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი №527აპ-17 ). მოწმის/დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა მით უმეტეს არ გულისხმობს მოწმის ახლო ნათესავის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში.

9. ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. სასამართლო კვლავაც ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე, უზრუნველყოს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, მართლმსაჯულების განხორციელება და ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირება (მაგ.იხ. X and Y v. Georgia, No. 24/2009; U.N. Doc. CEDAW/C/61/D/24/2009, 2015, §§9.7; 9.6).

10. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლი საქართველოს ავალდებულებს, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დანაშაულებზე უზრუნველყოფილი იყოს ex officio სასამართლო პროცესები, რომელიც არ უნდა იყოს „მთლიანად დამოკიდებული“ მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე პირის ბრალდება „მთლიანად დამოკიდებულია“ დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას გამოძიების ორგანოსთვის მიწოდებულ ინფორმაციასა და ირიბ ჩვენებებზე. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ: დაზარალებულმა ნ. ბ-მ და არასრულწლოვანმა მოწმემ ნ. ჯ-მ, ასევე მოწმეებმა ლ. ჯ-მ და დ. ჯ-მ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. დაზარალებულისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენება არ დასტურდება არც ექსპერტის დასკვნით, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პ. ჯ-ს მიერ 2019 წლის 12 მარტს მეუღლის - ნ. ბ-ს მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

12. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნებს.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე