საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
2კ-801აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119002900158

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №801აპ-19 ქ. თბილისი

მ. ს. 801პ-19 12 თებერვალი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. მ-ს, ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 17 თებერვალს, ღამის საათებში, მ-ს რ-ს ს. ს-ში, მ-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ს. მ-მ, საერთო საკუთრებაში არსებული სახლის განაწილების გამო წარმოშობილი კონფლიქტისას, მუშტის თავის არეში ერთხელ დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავის ძმაზე ს. მ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის მარტის დასაწყისში, ღამის საათებში, მ-ს რ-ს ს. ს-ში, მ-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ს. მ-მ, საერთო საკუთრებაში არსებული სახლის განაწილების გამო წარმოშობილი კონფლიქტისას, მუშტის თავის არეში რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავის ძმაზე ს. მ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით ს. მ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2019 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებებში (2019 წლის მარტის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ს. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ს. მ-მ (ს. მ-ს ძმამ) და გამართლებულ ს. მ-ს მამამ - ნ. მ-მ, 1-ლი ინსტანციის სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაზე უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე (საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი)

რაც შეეხება მოწმეების - ლ. ლ-ს, ხ. ხ-ს და დ. ბ-ს ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა ს. მ-სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის (ს. მ-ს) ინფორმაციას და იმ ვითარებაში, როდესაც ს. მ-მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად, სასამართლომ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა.

6. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ს. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი არის უკანონო, ბრალდების მხარემ სასამართლოში გამოიკვლია წერილობითი მტკიცებულებანი, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმი, რომელიც სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა როგორც დამოუკიდებელი მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

9. დაზარალებულმა ს. მ-მ და თვითმხილველმა მოწმემ - ნ. მ-მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი; ვიზუალური დათვალიერების შესახებ ოქმით ს. მ-ს სხეულზე დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება; ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო პოლიციის თანამშრომლების - დ. ბ., ლ. ლ. და ხ. ხ-ს ჩვენებები ეხება მათ მიერ ამ საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს და ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში სხვა მოწმეებისგან მოპოვებულ ინფორმაციას, რის გამოც ამ ნაწილში მათი ჩვენებები ირიბი ჩვენებებია.

10. სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ: „სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არ არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №766აპ-19).

11. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ სსსკ–ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარლებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას(იხ., A. v. Croatia, ECtHR, no. 55164/08, § 67, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, ECtHR, no. 47666/13, § 50, 11/07/2017; Volodina v Russia, ECtHR, no. 41261/17, 09/07/2019, §78 ).

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის რომ ბრალდებულის ბრალეულობა არ იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრი მოწმეების მამხილებელ ჩვენებებზე, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

13. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის...... დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი #424აპ-16). სასამართლო აღნიშნავს, რომ ოქმში მართალია დაზარალებულმა მიუთითა ადგილები, სადაც განხორციელდა მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა და ოქმს ახლავს ფოტოსურათები, რომლებიც ასახავს დაზარალებულს, რომელიც მონაწილეობს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენაში, თუმცა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას და არ ადგენს ბრალდებულის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე