საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.01.2020
საქმის ნომერი
2კ-648აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002414129

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №648აპ-19 ქ. თბილისი

ა-ი ვ 648აპ-19 16 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ა-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ტ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით:

ვ. ა-ი, - დაბადებული …. წლის …. ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების მომენტიდან - 2019 წლის 23 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 2018 წლის 30 მარტიდან - 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის დრო.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

3.1. 2018 წლის 30 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, ვ. ა-ა თავისი საცხოვრებელი სახლიდან (მდებარე: ქ. თ-ი, დაბა კ-ი, ვ-ს ქუჩის N…-ში) თავისი მობილური ტელეფონით დაურეკა ყოფილ მეუღლეს - თ. გ-ს მობილურ ტელეფონზე და დაემუქრა ყელის გამოჭრითა და მოკვლით, რამაც თ. გ-ს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. კასატორის პოზიციით, კანონის მოთხოვნის თანახმად, მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და აღქმული - რეალურად, რაც ამ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი. სასამართლომ არასრულყოფილად შეისწავლა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. დაზარალებული მოწმის - თ. გ-ს თანმიმდევრული ჩვენებით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ. ა-ს მიერ საქართველოს 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

8. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ა-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი