საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115736024
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№657აპ-19 ქ. თბილისი
ი. გ., 657აპ-19 29 იანვარი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ი-ს ბრალად დაედო სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად.
გ. ი-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ. ჯ., როგორც შპს ,,მ. ბ-ს” დირექტორი და ამავე კომპანიის მენეჯერი, დირექტორის მოადგილე გ. ი. 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის 26 სექტემბრამდე ეწეოდნენ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ: ... მდებარე ფართში და ... მოწყობილი ჰქონდათ და ეწეოდნენ ტოტალიზატორის მოწყობის საქმიანობას, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის პირობების დარღვევითა და მისი მოწყობის ნებართვის გარეშე. მათმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობამ სახელმწიფოსათვის - სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის, ... მდებარე ფართში ტოტალიზატორის მოწყობამ ნებართვის გარეშე და სათანადო სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელად ტოტალიზატორის ფუნქციონირებამ 200 000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ... ტოტალიზატორის მოწყობამ ნებართვის გარეშე და სათანადო სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელად ტოტალიზატორის ფუნქციონირებამ 80 000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. იმავდროულად, მათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას თან ახლდა 43 229 020,12 ლარის - დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ზემოთ ხსენებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობით ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გარეშე ტოტალიზატორის ფუნქციონირების შედეგად შპს ”მ. ბ-ს” მიერ უნაღდო ანგარიშსწორებით სს ....” არსებულ კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიღებული თანხებიდან ბ. ჯ-მ გამოიტანა 218 450 ლარი, გ. ი-მ კი - 795 108 ლარი, რაც ამ კომპანიის სალაროსა და საგადასახადო ანგარიშგებაში მათ არ ასახეს.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით გ. ი., - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. ი-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 მარტის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - კ. ი-ს (პ/ნ ....) და ც. ბ-ს (პ/ნ ...) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ...,) ასევე .... - 15 000 ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულ გ. ი-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
იმავე განაჩენით ბ. ჯ-ს (ძებნილის) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ბ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული ფულადი თანხა, კერძოდ: შპს „მ. ბ-ს“ თ-სა და ბ-ს ოფისებიდან ამოღებული ფულადი თანხა - 1774, 95 ლარი და 129, 30 ლარი; 2115,12 ლარი - უნდა მიექცეს სახელმწიფოს სასარგებლოდ.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
აპელანტმა, აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორმა დავით ჭარბაძემ საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. ი-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორმა დავით ჭარბაძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ი-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებებიდან; მოწმთა ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა არაერთი წერილობითი მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ გ. ი. იყო შპს „მ. ბ-ს“ ხელმძღვანელი პირი და რეალური მესაკუთრეც.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას და უთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ გ. ი. დანიშნული იყო შპს „მ. ბ-ს“ დირექტორის მოადგილედ ან აღჭურვილი იყო მისი უფლებამოსილებით. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებიც გ. ი-ს ბრალდებას დაედო საფუძვლად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ი-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ.ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი