საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 31.01.2020
საქმის ნომერი
2კ-658აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002364397

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№658აპ-19 ქ. თბილისი

ძ. ნ., 658აპ-19 31 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ნ. ძ., - დაბადებული 19... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, იმავე კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, იმავე კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, იმავე კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მსჯავრდებულ ნ. ძ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, იმავე კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მსჯავრდებული ნ. ძ. დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში. მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ძ-მ ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

20.. წლის .. ივნისს, დაახლოებით 22 საათზე, მთვრალი ნ. ძ. ავტომანქანა „ფორდ-ტრანზიტით“, სახ. ნომრით „...“, 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ვ-ს რაიონის სოფელ ბ-ში, .... საავტომობილო გზაზე. ამ დროს მან ვერ უზრუნველყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვა და უკნიდან დაეჯახა მის ზოლში, თანხვედრი მიმართულებით, ხსენებული კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით მოძრავ მინიტრაქტორს, რომელსაც მართავდა აწ გარდაცვლილი გ. ხ. ტრაქტორზე გ. ხ-სთან ერთად ისხდნენ მ. ს., ლ. ს. და არასრულწლოვნები - გ. ს., ს. ს. და ე. ს..

მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, არასრულწლოვანმა ს. ს-მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ლ. ს-მ - ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო გ. ხ. სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანების შედეგად 20...წლის ... ივლისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ძ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ნ. ძ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი გაუქმდა.

ნ. ძ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში.

ნ. ძ. გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. ძ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით - მოწმეთა ჩვენებებითა და ავტოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია ნ. ძ-ს დანაშაულებრივმა ქმედებამ.

6. მსჯავრდებულ ნ. ძ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოკვლეული ახალი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ნ. ძ-ს უდანაშაულობა; ე.წ. „თვითმხილველი“ მოწმეების ჩვენებები არის წინააღმდეგობრივი, მოგონილი და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს; ექსპერტ დ. დ-ს მიერ გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არასწორად შეფასდა ნ. ძ-ს ქმედება, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, კერძოდ:

10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 20... წლის ... ივლისის N... ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ნ. ძ-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გ. ხ-ს მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21.13 მუხლის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაში, მას, ტექნიკური თვალსაზრისით, შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 20.. წლის .. ნოემბრის N ... დასკვნით დადგენილია შემდეგი: 1. მიკროავტობუს ,,ფორდ-ტრანზიტის’’ მძღოლის დამატებითი დაკითხვით საჭირო იყო დამატებით დადგენა, რა დროს მოანდომებდა შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი შორი და ახლო მაშუქების გადართვის მოქმედების ჩატარებას და ამის შემდეგ, რა დროში დაეჯახა მის წინ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. 2. შექმნილ საგზაო სიტუაციაში, მინიტრაქტორის მძღოლის, გ. ხ-ს, მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის მოთხოვნებს.

12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის 20.. წლის .. დეკემბრის N ... დასკვნით დგინდება შემდეგი: მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მიკროავტობუს ,,ფორდ-ტრანზიტის’’ მძღოლ ნ. ძ-ს ნებადართული, არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (მინიტრაქტორთან შეჯახების) თავიდან აცილება შეეძლო, თუ იგი იმოქმედებდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური 20.. წლის .. თებერვლის N ... ექსპერტიზის დასკვნის (დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული) მიხედვით დადგენილია შემდეგი: 1. მოცემულ კონკრეტულ პირობებში შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ფორდ-ტრანზიტის“ ... მძღოლი ნ. ძ., ტექნიკური თვალსაზრისით, მინიტრაქტორზე შეჯახების თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. 2. მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შემთხვევაში მონაწილე მინიტრაქტორის მძღოლ გ. ხ-ს მოქმედება, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 20.. წლის .. მარტის N... დასკვნის მიხედვით, მოცემულ კონკრეტულ პირობებში შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,ფორდ-ტრაზიტის’’ მძღოლი, ტექნიკური თვალსაზრისით, მინიტრაქტორზე შეჯახების თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნებოდა. რაც შეეხება შემთხვევაში მონაწილე მინიტრაქტორის მძღოლ გ. ხ-ს მოქმედებას, მოცემულ საგზაო სიტუაციაში მისი მოქმედება ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

15. ზემოხსენებულ დასკვნებში მოყვანილი საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - დ. დ-მ, ც. გ-მ, გ. გ-მ, მ. ნ-მ, კ. ქ-მ, დ. გ-მ, ი. ჭ-მ, ა. ს-მ და ი. ს-მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

16. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე არსებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის ერთი დასკვნით იკვეთებოდა, რომ ნ. ძ-ს მინიტრაქტორზე შეჯახების თავიდან აცილება შეეძლო, ხოლო სხვა სამი დასკვნის თანახმად, იგი ვერ შეძლებდა შეჯახების თავიდან აცილებას, ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარდა ბოლო კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზა. მითითებული ექსპერტიზის 20.. წლის .. დეკემბრის N... დასკვნით (დასკვნა წარედგინა სააპელაციო პალატას სააპელაციო განხილვის ეტაპზე), რომლის სისწორეც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა - ი. ს-მ, დ. გ-მ და ა. ს-მ და რომელიც ჩატარდა წინასწარი გამოძიების მასალებისა და ასევე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის - საგამოძიებო ექსპერიმენტის, ასევე იმ მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, რომელთა თანახმად, მინიტრაქტორს მაშუქები გამართული ჰქონდა, დგინდება შემდეგი: მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის სრული მასალების (გამოძიებისა და სასამართლო განხილვის) მიხედვით, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლ ნ. ძ-ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება; მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის სრული მასალების (გამოძიებისა და სასამართლო განხილვის) მიხედვით, მძღოლ გ. ხ-ს მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ვინაიდან ნ. ძ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებით წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.

18. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი