საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
2კ-756აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002575398

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

#756აპ-19 ქ. თბილისი

ჩ. კ., 756აპ-19 17 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ჩ-ს ადვოკატის - თ. მესხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ჩ-ს ადვოკატმა თ. მ.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენის შეცვლას. კასატორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენით კ. ჩ-ს უკანონოდ დაედო მსჯავრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და ამავე კოდექსის 120-ე მუხლებით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ვინაიდან ჯანმრთელობის დაზიანების ეპიზოდში იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებაა, ხოლო მკვლელობის ეპიზოდში - აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ. ჩ-ს წარედგინა ბრალდება განზრახ მკვლელობისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:

20.. წლის .. ივნისს, ღამის საათებში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, კ. ჩ-სა და ნასვამ ლ. ს-სა და კ. თ-ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. კონფლიქტის დროს კ. ჩ-მ დანით მოკლა ლ. ს., ხოლო კ. თ-ს, დანის გამოყენებით, მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენით კ. ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

კ. ჩ.ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლზე.

კ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. თ-ს მიმართ კ. ჩ. მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებაა, ხოლო ლ. ს-ს მკვლელობა ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

20.. წლის .. ივნისს, ღამის საათებში, ... ტერიტორიაზე, ლ. ს-მა და ნასვამმა კ. თ-მ კ. ჩ-ს მოსთხოვეს ავტომანქანის გაჩერება, გადმოსვლა და პასუხის გაცემა, რატომ ატყუებდა მათ და მათგან რატომ მალავდა ავტომანქანაში ე. ვ-ს. კ. ჩ. უხსნიდა, რომ არავის მალავდა და მათ არ ატყუებდა, რის შემდეგაც კ. თ-მ ხელი დაარტყა კ. ჩ-ს, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. ჩხუბში ჩაერთო ლ. ს-ც. ფიზიკური დაპირისპირების დროს კ. ჩ-მ მიიღო არაერთი დაზიანება სახის არეში, რამდენჯერმე წაიქცა და წამოდგა, რა დროსაც, საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დანის ქნევით სცადა კ. თ-სა და ლ. ს-ს მოშორება და ლ. ს-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რამაც სიკვდილი გამოიწვია, ხოლო კ. თ-ს - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ და ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენის შეცვლა და კ. ჩ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დიმიტრი ხვიტიას სააპელაციო საჩივარი და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

კ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. ჩ-ს სასჯელად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №58აპ-15 №424აპ-16; №208აპ-18; №379აპ-18 გადაწყვეტილებები), ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - დაზარალებულ კ. თ-სა და მოწმეების - ე. ვ-ს, გ. და ლ. უ-ების, თ. ს-ს, ნ. გ-ს, ჯ. ვ-ს, ლ. კ-ს, გ. გ-ს, გ. გ-სა და სხვათა ჩვენებებით, სამედიცინო, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზების დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოღების ოქმებით და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ. ჩ.ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით არ დადგენილა, რომ კ. ჩ. იყო აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და დადგენილ ფაქტებს არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დადგინდა კ. ჩ-ს ქმედებებში სიცოცხლის განზრახ მოსპობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ელემენტების არსებობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საკასციო პალატა იმეორებს, რომ ნებისმიერი დანაშაულის კონსტრუქცია მოიცავს სამ აუცილებელ ელემენტს: ქმედების შემადგენლობას, მართლწინააღმდეგობასა და ბრალს. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს – პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს თუ არა შესაბამისი შემადგენლობის ნიშნებს. თუკი დადგინდება შემადგენლობის არსებობა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა იმის თაობაზე, არსებობს თუ არა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება, მათ შორის - აუცილებელი მოგერიების ვითარება და შემადგენლობის შემცველი ქმედება განხორციელდა თუ არა ასეთი მოგერიების კანონით განსაზღვრულ ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №424აპ-16 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 3).

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ლ. ს-სა და კ. თ-ს დაზიანებები დანით სწორედ კ. ჩ-მ მიაყენა და მისი ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგებთან, ერთი მხრივ, ლ. ს-ს სიკვდილთან და მეორე მხრივ - კ. თ-ს ჯანმრთელობის დაზიანებასთან. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება. დაცვის მხარის მტკიცებით, კ. ჩ. კ. თ-ს ჯანმრთელობის დაზიანებისას მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებაა, ხოლო ლ. ს-ს მკვლელობისას აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადააცილა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებით, კ. ჩ. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა და მოქმედებდა განზრახ.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს: იმისათვის, რათა დადგინდეს, გადასცილდა თუ არა პირის მოქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, პირველ რიგში უნდა გაირკვეს, იმყოფებოდა თუ არა იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მხოლოდ ამის შემდეგ დადგება დაცვის მართლზომიერების ფარგლების განსაზღვრის აუცილებლობა. საკასაციო პალატა იმეორებს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №593აპ-1 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4).

14. საყურადღებოა, რომ დაპირისპირებისას კ. ჩ-ს ეჩხუბებოდა ორი პირი - ლ. ს. და კ. თ.. დადასტურებულია, რომ კ. თ. იყო ნასვამი, ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულ კ. თ-სა და შემთხვევის ადგილზე მყოფი ე. ვ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ კ. თ-სა და ლ. ს-ს დანა ან სხვა რაიმე საგანი, რომლითაც შესაძლოა, კ. ჩ-ს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხე შეექმნათ, არ ჰქონიათ. ამდენად, უტყუარად დგინდება, რომ ჩხუბის დროს დანით მხოლოდ კ. ჩ. იყო შეიარაღებული, რომელიც შიშველი ხელებით მოჩხუბარ ლ. ს-სა და ნასვამ კ. თ-ს ცივი იარაღით დაუპირისპირდა.

15. საკასაციო პალატა საეჭვოდ მიიჩნევს და, შესაბამისად, ვერ გაიზიარებს შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმე ე. ვ-ს აღქმას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. ს. და კ. თ. კ. ჩ-ს ,,უმოწყალოდ“ სცემდნენ, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც კ. ჩ-ს დაუდგინდა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მხოლოდ სახის, თხემისა და კეფის არეში, ასევე - მარცხენა მტევნის წინა ზედაპირზე, ხოლო სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, რაც ცალსახად გამორიცხავს მსჯავრდებულის ,,უმოწყალოდ“ ცემის ვერსიას. საყურადღებოა ასევე, ჩხუბის მოგვიანებით შემსწრე გ. და ლ. უ-ების ჩვენებები, რითაც მოჩხუბართაგან რომელიმეს განსაკუთრებული ჩაგვრა ან აშკარა უთანასწორო მდგომარეობაში ყოფნა არ დადგენილა.

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს: საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, როგორც წესი, ხდება დაზარალებულისა და მომხდარი შემთხვევის სხვა თვითმხილველი მოწმეების პირდაპირი ჩვენებების, თვით ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ჩვენების გათვალისწინებით, თუმცა ობიექტური რეალობის დასადგენად არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების გათვალისწინება, რომლებიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, უფრო ზუსტი ინფორმაციის მატარებელი იყოს, ვიდრე ის, რაც მოწმემ აღიქვა, დაიმახსოვრა და მოგვიანებით აღიდგინა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ლ. ს-სა და კ. თ-ს სხეულის სხვადასხვა ადგილას დანით მიყენებული დაზიანებების სიმრავლესა და ადგილმდებარეობაზე, რაც დადგენილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, კერძოდ, ლ. ს-ს სხეულზე აღენიშნებოდა: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვნივ, შუა მესამედში (ჭრილობის არხი სიღრმით - 8,3 სმ), გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ, შუა და ქვედა მესამედების დონეზე (ჭრილობის არხი სიღრმით - 13,4 სმ), რომელბიც მიზეზობრივ კავშირშია ლ. ს-ს სიკვდილთან და ასევე - ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ, ზედა მესამედში (ჭრილობის არხი სიღრმით - 4,7 სმ) და ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე, შუა მესამედში, რომლებიც მიზეზობრივ კავშირში არ არის ლ. ს-ს სიკვდილთან; კ. თ-ს სხეულზე აღენიშნებოდა: ქვედა ყბის არეში ნაფლეთოვანი ჭრილობა, წელის არეში ნაკვეთი ჭრილობა, ნაჩხვლეტი ჭრილობები შუბლისა და იღლიის უკანა ხაზზე, მარცხნივ, ნეკნთა რკალის კიდესთან. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია კ. თ-ს ქურთუკის უკანა ზედაპირზე კ. ჩ-ს მიერ დანით ჭრითა და გასმით მიყენებული დაზიანებები. ამდენად, პალატა ყურადღებას ამახვილებს სადავო საკითხის ყველაზე მნიშნელოვან ასპექტებზე; დაზარალებულებისთვის მიყენებული ჭრილობების რაოდენობაზე, ლოკალიზაციაზე, განსაკუთრებით კი, ლ. ს-სთვის გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ზემოდან ქვემოთ მიმართულებით დანით მიყენებულ ჭრილობასა და ასევე, კ. თ-ს ქურთუკის უკანა ზედაპირზე დანით მიყენებულ დაზიანებებზე, რაც ცალსახად გამორიცხავს კ. ჩ.ს მიერ თავდასხმის მოგერიებასა და, შესაბამისად, უკიდურესი თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნას.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ კ. ჩ-ს ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და ამავე კოდექსის 120-ე მუხლებით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში არის კანონიერი.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. ჩ.ს ადვოკატის - თ. მ-ს საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი