დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802219003206736
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
44I-19 თბილისი
გ. პ., 44I-19 5 ნოემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის
ადვოკატ - ვ. კ.-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - პ. გ-ს
თარჯიმან - თ. ც.ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – პ. გ.-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
1. 2019 წლის 15 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პ. გ.
2. 2019 წლის 17 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით პ. გ.-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
3. 2019 წლის 28 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ დაუშვებლად ცნო პ. გ.-ისა და მისი ადვოკატის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
4. 2019 წლის 17 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურაამ მიიღო პ. გ.-ის ექსტრადიციის თაობაზე რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
5. 2019 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით პ. გ.-ის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 15 სექტემბრამდე.
6. 2019 წლის 18 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ განჩინებით დაუშვებლად ცნო პ. გ.-ისა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
7. 2019 წლის 12 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით პ. გ.-ის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 15 დეკემბრამდე.
რუსეთის ფედერაციაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
8. 2018 წლის 11 აპრილს პ. გ.-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 171.2 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (აზარტული თამაშების უკანონო ორგანიზება და ჩატარება, ჩადენილი სათამაშო მოწყობილობების სათამაშო ზონის მიღმა და ინტერნეტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) და 291-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემა შუამავლის მეშვეობით განზრახ უკანონო უმოქმედობისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით.
9. 2018 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავმა ორგანოებმა პ. გ.-ის მიმართ გამოაცხადეს ძებნა.
10. 2018 წლის 19 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავმა ორგანოებმა პ. გ.-ის მიმართ გამოაცხადეს საერთაშორისო ძებნა.
11. 2018 წლის 22 ნოემბერს ქ. ეკატერინბურგის ლენინის რაიონული სასამართლოს განჩინებით პ. გ.-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა 2 თვით.
12. 2019 წლის 1 აპრილს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მეოთხე საგამოძიებო სამმართველოს პირველი საგამოძიებო განყოფილების მიერ გამოცემული პ. გ.-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად, მას ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 171.2 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (აზარტული თამაშების უკანონო ორგანიზება და ჩატარება, ჩადენილი სათამაშო მოწყობილობების სათამაშო ზონის მიღმა და ინტერნეტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ), 291-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემა შუამავლის მეშვეობით განზრახ უკანონო უმოქმედობისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 30-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად, 291-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემის მომზადება შუამავლის მეშვეობით განზრახ უკანონო უმოქმედობისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 291-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემა შუამავლის მეშვეობით განზრახ უკანონო უმოქმედობისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
13. 2019 წლის 17 იანვრიდან პ. გ. იძებნება ინტერპოლის არხებით.
ქმედების ფაქტობრივი გარემოებები:
14. 2016 წლის 21 იანვრიდან 2016 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში პ. გ, ს. მ და ი. გ სისტემატურად ატარებდნენ აზარტულ თამაშებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ქ.ე-ში, სვერდლოვსკის ოლქში. მათთვის ცნობილი იყო, რომ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით აზარტული თამაშების ორგანიზება და ჩატარება შეიძლება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე - სათამაშო ზონებში, რომლებიც არ არსებობდა ს-ის ოლქში. ერთობლივი დანაშაულებრივი გეგმის განხორციელების მიზნით, ისინი ინაწილებდნენ როლებს.
15. პ. გ. და ს. მ. იყვნენ დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზატორები, საერთო ხელმძღვანელობას უწევდნენ უკანონო სათამაშო აპარატების დარბაზს, ანაწილებდნენ დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებულ ფულად სახსრებს, იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაკავშირებული იყო დანაშაულებრივი საქმიანობის დაგეგმვასა და ორგანიზებასთან და აგრეთვე, აკონტროლებდნენ ი. გ.-ას საქმიანობას აზარტული თამაშების ჩატარებასთან მიმართებით.
16. ამასთან, დროის იმავე პერიოდში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, შუამავლის მეშვეობით, ორ შემთხვევაში გადასცეს, ერთ შემთხვევაში კი - შეეცადნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გადაცემას შესაბამისი თანამდებობის პირისათვის - შსს ს.-ის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ. რ.-სათვის, მათი უკანონო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ, ვ. რ.-თან შუამავლების მეშვეობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, მან მიიღო ქრთამი, ჯამურად - 1 500 000 რუბლი და ყოველთვიურად უნდა მიეღო ქრთამი - 1 200 000 რუბლის ოდენობით (რათა ამ უკანასკნელს თავისი უფლებამოსილების გამოყენებით ხელი შეეწყო პ. გ.-ისა და მისი თანამზრახველების უკანონო საქმიანობისათვის და ეს საქმიანობა სამართალდამცავ ორგანოებს არ გამოევლინათ).
17. 2019 წლის 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი:
პ. გ.-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მეოთხე საგამოძიებო სამმართველოს პირველი საგამოძიებო განყოფილების 2019 წლის 1 აპრილის დადგენილებაში პ. გ.-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია: რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 171.2 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (აზარტული თამაშის უკანონო ორგანიზება და ჩატარება, ჩადენილი სათამაშო მოწყობილობების სათამაშო ზონის მიღმა და ინტერნეტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ), 291-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემა შუამავლის მეშვეობით განზრახ უკანონო უმოქმედობისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 30-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად, 291-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემის მომზადება შუამავლის მეშვეობით განზრახ უკანონო უმოქმედობისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 291-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემა შუამავლის მეშვეობით განზრახ უკანონო უმოქმედობისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით).
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი პ. გ.-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია:
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მეოთხე საგამოძიებო სამმართველოს პირველი საგამოძიებო განყოფილების 2019 წლის 1 აპრილის დადგენილებაში პ. გ.-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია: რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 171.2 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (აზარტული თამაშის უკანონო ორგანიზება და ჩატარება, ჩადენილი სათამაშო მოწყობილობების სათამაშო ზონის მიღმა და ინტერნეტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ), 291-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემა შუამავლის მეშვეობით განზრახ უკანონო უმოქმედობისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 30-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად, 291-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემის მომზადება შუამავლის მეშვეობით განზრახ უკანონო უმოქმედობისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 291-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემა შუამავლის მეშვეობით განზრახ უკანონო უმოქმედობისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით).
19. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატი ვ. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას.
20. საკასაციო საჩივრის მიხედვით, პ. გ.-ს საქართველოში ჰყავს მეუღლე (რუსეთის მოქალაქე) და შვილები. 2013 წლიდან პ. გ.-მ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან დაიწყო თანხების გადმორიცხვა. მან და მისმა პარტნიორმა ა. ც.-მ დააფუძნეს შპს „მეგა სითი“ და დაიწყეს სამშენებლო ბიზნესი. აღნიშნული თანხების გადმორიცხვის შემდეგ პ. გ.-ს პრობლემები შეექმნა რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებთან, რომლებიც მისგან თანხების უკან გადარიცხვას მოითხოვდნენ. პ. გ.-მა წაყენებული მოთხოვნის შესრულებაზე უარი განუცხადა პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს სახელით მას უკავშირდებოდა. აღნიშნულის შემდეგ პ. გ.-ს დაეწვა სასტუმრო, ხოლო გამოძიების დაწყებაზე კი ეთქვა უარი, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ასევე ჩატარდა პ. გ.-ის სახლის ჩხრეკა.
21. კასატორი საჩივარში ასევე ზოგადი სახით უთითებს რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა მასობრივად დარღვევის სხვადასხვა ფაქტზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პ. გ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 15 მარტს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. დაუდასტურებელია დაცვის მხარის მითითება, რომ პ. გ.-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე იარსებებს. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, შესაბამის ქვეყანაში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება არ არის საკმარისი და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის რისკების არსებობის სამტკიცებლად ეს ყოველივე საჭიროებს დამატებით დადასტურებას სხვა მტკიცებულებებით (იხ. „მამატკულოვი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey), N46827/99, 46951/99, 04/02/2005, §72-73), კერძოდ: საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიშების საფუძველზე მხოლოდ ზოგადი სახით მიუთითა რუსეთის ფედერაციაში პ. გ.-ის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხის შესახებ.
5. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომლის მიხედვითაც, ექსტრადიციის შემთხვევაში პ. გ. არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს. იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებით. ამასთან, გარანტიის მიხედვით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის გადაცემის მოთხოვნა მიზნად არ ისახავს მის დევნას პოლიტიკური მოტივებით, მისი რასობრივი კუთვნილების, აღმსარებლობის, ეროვნების ნიშნით ან/და პოლიტიკური შეხედულებების გამო.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გარანტია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოს, კერძოდ, გენერალური პროკურატურის მიერ არის გაცემული; ამასთან, მისი შინაარსი არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ.ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და “ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105). შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნია რაიმე სახის საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.
7. წარმოდგენილი საქმის მასალებით გამოკვეთილი არ არის ფაქტი, რომელიც მიუთითებდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების კავშირზე 2018 წელს პ. გ.ის სასტუმროს დაწვასთან. დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ მიუთითებს, რომ ინციდენტი გამოწვეული იყო დამონტაჟებული დანადგარების გაუმართაობით. ამავე დადგენილების ფარგლებში არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე იმ პირების მიმართ, ვისაც ევალებოდა სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა, ვინაიდან ინციდენტის შედეგად გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არავის მიუღია (რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილი).
8. პ. გ.-ის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რის გამოც მისი გამეორება აღარ მიაჩნია მიზანშეწონილად.
9. რაც შეეხება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ოჯახის წევრების საქართველოში ცხოვრების ფაქტს („ოჯახური ურღვეობის“ პრინციპის დარღვევის საფრთხე), საკასაციო პალატა ამ ნაწილში აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში შესაძლოა გახდეს; ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29). მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოში მყოფი მეუღლისა და შვილების ცხოვრების ფაქტი არ წარმოადგენს იმ საგამონაკლისო გარემოებას, რომელიც ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს გადაწონიდა. პ. გ.-თან გასაუბრების ოქმით (ტ. III, ს.ფ. 254-257) დგინდება, რომ მისი მეუღლე და შვილები რუსეთის მოქალაქეები არიან. ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის და, ძმა და დედა რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი პ. გ.-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია:
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მეოთხე საგამოძიებო სამმართველოს პირველი საგამოძიებო განყოფილების 2019 წლის 1 აპრილის დადგენილებაში პ. გ.-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია: რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 171.2 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (აზარტული თამაშების უკანონო ორგანიზება და ჩატარება, ჩადენილი სათამაშო მოწყობილობების სათამაშო ზონის მიღმა და ინტერნეტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ), 291-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემა შუამავლის მეშვეობით განზრახ უკანონო უმოქმედობისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 30-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად, 291-ე მუხლის მე-5 ნაწილით (თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემის მომზადება შუამავლის მეშვეობით განზრახ უკანონო უმოქმედობისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 291-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემა შუამავლის მეშვეობით განზრახ უკანონო უმოქმედობისათვის, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით) - კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – პ. გ.-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე