საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002032778
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №761აპ-19 ქ. თბილისი
ბ-ე ზ, 761აპ-19 1 აპრილი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განაჩენით ზ. ბ-ე, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 23 ივნისიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ზ. ბ-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,1921 გრამი კანაბინამიმეტურად მოქმედი ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,5672 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი“, რომლებსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად, რაც 2017 წლის 22 ივნისს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქ. თ-ი, დ. ა-ს ხ-ში, დ-ს გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას.
2. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ზ. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებული ზ. ბ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ზ. ბ-ს გამართლებას.
5. კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით არ არის უტყუარად დადგენილი და დადასტურებული, რომ ზ. ბ-მ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული მსჯავრდებულის ბრალეულობა განაჩენით მისთვის შერაცხულ ქმედებებში. ეს მტკიცებულებებია: მოწმეების - ვ. ჩ-ს, კ. წ-ს, ზ. ქ-ს, ჯ. ტ-ს, მ. ჩ-ს ჩვენებები, ზ. ბ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ქიმიური ექსპერტიზის #... დასკვნა, ექსპერტების - თ. უ-ა და ს. ც-ს ჩვენებები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები.
7. კასატორები გამოთქვამენ ეჭვს ნივთმტკიცების გამოცვლის შესახებ და აღნიშნულის დასაბუთებისთვის უთითებენ ერთი მხრივ იმ გარემოებაზე რომ სააპელაციო სასამართლოში ნივთმტკიცების ხელახალი დათვალიერებისას ერთერთ პაკეტში არ აღმოჩნდა ნივთმტკიცებაზე საექსპერტო კვლევის ჩატარების შემდგომ ნარჩენი მასა, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასების გარეშე იქნა დატოვებული. მეორე მხივ კასატორი ასევე სადავოდ ხდის თუ როგორ მოხდა რომ ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთმტკიცებების 6 პაკეტის არსებობის პირობებში ექსპერტიზაზე 7 პაკეტი იყო წარდგენილი. კასატორი სადავოდ ხდის ასევე სააპელაციო სასამართლოს პოზიციას ნივთმტკიცებებზე ნომერ N… ლუქის არსებობასთან დაკავშირებით. კერძოდ, კასატორები მიუთითებენ, რომ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთმტკიცებების აღწერილობა და ლუქის ნომრები არ ემთხვევა ექსპერტიზის დასკვნისთვის გაგზავნილი ნივთმტკიცებების ლუქის ნომრებს (ექსპერტების დასკვნაში მითითებულია რომ ნივთმტკიცება დალუქული იყო N.. და N.. ლუქებით, ხოლო პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია რომ ნივთმტკიცებები დალუქული იყო N.. ლუქით).
8. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს: ზ. ბ-ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები პირობითად დაინომრა სამ ობიექტად - ლურჯი ფერის თეთრწარწერებიანი ლითონის კოლბა, მასში მოთავსებული 66 ცალი ექვსკუთხა თეთრი ფერის აბებით, წარწერით ,,N..“ (ობიექტი №..), 2 ცალი კონვალუტა, თითოეულზე დამაგრებული თითო-თითო აბებით, წარწერით - ,,Suboxone” (ობიექტი №..), 4 ცალი პაკეტი, მათგან ერთ პაკეტში მოთავსებულია თეთრი ფერის აბის ნატეხები, ფხვნილისებრი მასით, ხოლო სამ პაკეტში - ცალ-ცალკე მოთავსებულია მცენარეული მასები (ობიექტი №3). ჩხრეკის ოქმში მითითებულია (აღწერილია) აბების ოდენობა (წარწერა აბებზე), კონვალუტის ოდენობა (მათ შორის თითო კონვალუტაზე დამაგრებულია თითო აბი), წარწერა კონვალუტაზე (,,Suboxone”). ზ. ბ-ს პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ზ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული სამივე ობიექტი მოთავსდა თეთრი ფერის ქაღალდის ერთ ცალ კონვერტში, რომელიც დაილუქა ერთ ფუთად შსს ცკპდ №.. ლუქის ბეჭდებით, რომლებსაც დაესვა თარიღი და გაუკეთდა ხელმოწერები. სწორედ ამგვარი დალუქული სახით იქნა გადაგზავნილი ზ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ზემოხსენებული ნივთიერი მტკიცებულებები შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ქიმიური ექსპერტიზის #... დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილია ქაღალდის ერთი პაკეტი, დალუქული სახით. ვიზუალური დათვალიერებით პაკეტის დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ იყო. ამავე ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კვლევის შედეგად დარჩენილი ობიექტები (## 1-6) დაილუქა 1 (ერთ) პაკეტში …
9. საქმეში არსებული მიმართვის წერილის თანახმად, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოს შესანახად გაეგზავნა 2017 წლის 22 ივნისს ზ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი 0,55672 გრამის ოდენობით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 5-fluoro-ADB და FUB-AMB 0,1921 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი 0,0145 გრამის ოდენობით და ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა 1,8715 გრამის ოდენობით (ტ.1.ს.ფ.77); ხოლო ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების მიღება-ჩაბარების შესახებ ცნობის თანახმად, ჩაიბარეს გახსნის გარეშე დალუქულ მდგომარეობაში ერთი პაკეტი 25,9932გრ, 0,7684 გრ, 1,4292 გრ ბუპრენორფინის შემცველი მივთიერება, 0,1256 გრ ახალი ფ/ნ შემცველი მცენარეული მასა, 0,5270 გრ ,,ტჰკ“ შემცველი მცენარეული მასა და 1,6424 გრ მარიხუანა (ტ.1.ს.ფ.78).
10. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ზემოხსენებული ნივთიერი მტკიცებულებები მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა 2018 წლის 5 მარტის სხდომაზე. სხდომის ოქმის თანახმად, შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტიდან წარმოდგენილია დალუქული პოლიეთილენის პაკეტი, რომლის მთლიანობა არ არის დარღვეული, ლუქის ნომერია - F….. პაკეტზე მითითებულია თარიღი, საქმის ნომერი, ნარკოტიკული საშუალებების დასახელება და ოდენობა. ლუქის მთლიანობა არ არის დარღვეული. პაკეტში გახსნისას აღმოჩნდა ერთი ცალი ქაღალდის კონვერტი დალუქულ მდგომარეობაში, მასზე მითითებულია 4 ლუქი, შესაბამისი ხელმოწერებით და თარიღებით, ლუქის ნომერი #...პაკეტებისთვის, სისხლის სამართლის საქმე და ზ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები. მხარეები გაეცნენ ნივთიერ მტკიცებულებებს. თეთრი ფერის კონვერტში აღმოჩნდა პირობითად 6 პოლიეთილენის პაკეტი. კიდევ 1 თეთრი ფერის კონვერტი წარმოდგენილია დალუქულ მდგომარეობაში. ცალკე დათვალიერდა მარიხუანაც. აღნიშნული 6 პაკეტი მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში, რომელზეც გაკეთდა მითითება საქმის ნომერზე, ზ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნივთიერებებზე. აღნიშნული მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში და დაილუქა სასამართლოს ლუქით. ლუქზე გაკეთდა თარიღი - 5 მარტი, 2018 წელი, ასევე ხელი მოაწერეს მხარეებმა. აღსანიშნავია, რომ ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევის დროს ბრალდებულ ზ. ბ-ს არანაირი განცხადება ან შენიშვნა არ გაუკეთებია იმის თაობაზე, რომ ნივთიერი მტკიცებულებების შესაფუთი ქაღალდები არ შეესაბამება იმ ქაღალდებს, რაც თავდაპირველი დალუქვის დროს, თითქოსდა, მას აჩვენეს, რაზეც შემდგომში აპელირებდა დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში.
11. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე (4 აპრილი, 2019 წელი), დაცვის მხარის შუამდგომლობით, ხელმეორედ დათვალიერდა ნივთიერი მტკიცებულება, რა დროსაც გაიხსნა დალუქული ქაღალდის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერი მტკიცებულებები, რომელიც ასევე გაიხსნა, პოლიეთილენის პაკეტზე მითითებულია სისხლის სამართლის საქმის ნომერი, თარიღი, ობიექტების დასახელება ცალ-ცალკე აღებული გრამების მიხედვით, პოლიეთილენის პაკეტზე ასევე მითითებულია ლუქის ნომერი - F…. ხელს აწერენ ექსპერტები. თავის მხრივ გაიხსნა ქაღალდის პაკეტი, რომელიც დალუქულია 4 ლუქით, ლუქების ნომერია #... ( სასამართლო ცალსახად მიუთითებს რომ პაკეტზე არსად არ არის მითითებული ლუქი N…, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარეც. იხ. სხდომის ოქმი 13:20:58-13:21:06). ამ ქაღალდის პაკეტზეც მითითებულია საქმის ნომერი, ხელმოწერები, თავის მხრივ ამ პაკეტში აღმოჩნდა 6 შეფუთვა. მოსამართლის შეკითხვაზე, სურდათ თუ არა მხარეებს ამ 6 შეფუთვის გახსნაც, მხარეებმა უარი განაცხადეს. ამდენად, აღნიშნული შეფუთვები მხარეთა შეთანხმებით, აღარ გახსნილა.
12. კასატორის პრეტენზია, რომ ნივთმტკიცების ხელახალი დათვალიერებისას გახსნილ ერთერთ პაკეტში რომელშიც უნდა აღმოჩენილიყო საექსპერტო კვლევის შემდგომ ნივთმტკიცების ნარჩენი მასა, არ დასტურდება სხდომის ოქმებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით ( იხ. 04/04/2019 წლის სააპელაციო სასამართლოს სხდომა 13:30:11). სხდომის ოქმით დასტურდება რომ მსჯავრდებულის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპროტესტებდა რომ საექსპერტო კვლევის შედეგად ნივთმტკიცებები არ იქნა შეფუთული იგივე ქაღალდში რომელში შეფუთული სახითაც იქნა ისინი გადაგზავნილი საექსპერტო კვლევისთვის და მითითებულია როგორც დასკვნაში ( მაგ. „მოყავისფრო ქაღალდის ნაჭერში“, „უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში“, „თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში“), ასევე ასახულია დასკვნაზე თანდართულ ფოტოებზე. როგორც სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, საექსპერტო კვლევის შემდეგ ნივთმტკიცების ნარჩენი მასა ექსპერტების მიერ მოთავსებულია ვარდისფერ პაკეტებში, ხოლო ქაღალდები, რომლებიც გამოყენებული იყო ნივთიერებების თავდაპირველი შეფუთვისას დაკეცილი სახით თან ერთვის და არის დალუქული, რის გამოც ნივთმტკიცების ნარჩენი მასაც არ იყო თავდაპირველი შეფუთვის ქაღალდებში. ამდენად, საქმეში არსებული, ზ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების უტყუარობის შესახებ დაცვის მხარის პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი.
13. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნაში (დათვალიერების ნაწილი) #1.. ლუქთან ერთად მითითებულ #.. ლუქს, სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას რომ აღნიშნული უკავშირდება ექსპერტიზის დასკვნის შედგენისას (დაბეჭდვისას) ტექნიკური ხასიათის შეცდომას, ვინაიდან საქმის მასალებში, გარდა #.. ლუქისა, სხვა ლუქი (მხედველობაშია ზ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების თავდაპირველი დალუქვის ლუქი) არ ფიგურირებს; პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხნენ აღნიშნული ექსპერტიზის ჩამტარებელი და გაცემული დასკვნის ავტორები თ. უ-ა და ს. ც-ა, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, თუმცა მხარეებს აღნიშნული საკითხის გასარკვევად ექსპერტებისთვის შეკითხვა არ დაუსვამთ. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ნივთმტკიცების ხელახალი დათვალიერებისას სასამართლომ ცალსახად აღნიშნა რომ ქაღალდის პაკეტზე არსად არ არის მითითებული ლუქი N2 რასაც დაეთანხმა დაცვის მხარეც. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას რომ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთმტკიცების აღწერილობა არ ემთხვევა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ (საექსპერტო კვლევისთვის წარდგენილ) ნივთმტკიცების აღწერილობას, რის გამოც არსებობს ნივთმტკიცების გამოცვლის ეჭვი და აღნიშნული ნივთმტკიცებები დაუშვებლად ცნობის მოთხოვნას, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც უკვე აღინიშნა, მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დანიშნვის შესახებ დადგენილების და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საექსპერტო კვლევისათვის გადაიგზავნა სამი ობიექტი. როგორც საკასაციო საჩივრიდან ირკვევა, დაცვის მხარე სადავოდ ხდის სწორედ N3 ობიექტის შიგთავსს. აღნიშნული ოქმის და დადგენილების თანახმად N3 ობიექტის შიგთავსს წარმოადგენდა „ 4 ცალ პაკეტს, რომელთაგან 3-ში ცალკ-ცალკე იყო მოთავსებული მცენარეული მასები, ხოლო 1 პაკეტში მოთავსებული იყო თეთრი ფერის აბის ნატეხები ფხვნილისებრი მასით“. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი აღნიშნული უფრო დეტალურად არის აღწერილი ( ცალკ-ცალკე არის მითითებული მცენარეული მასების ფუთები თითოეული მათგანის შესაფუთი ქაღალდის ფერზე და წონაზე მითითებით, ტაბლეტის ნატეხებთან მიმართებით აღნიშნულია როგორც ნატეხების შესაფუთი ქაღალდის ფერი და რაობა (ვერცხლისფერი სიგარეტის ფოლგის ქაღალდის ნაჭერ), ასევე, წონა და ნატეხებზე ამოტვიფრული ლოგოები). ამდენად, როგორც პირადი ჩხრეკის ოქმში, ასევე დადგენილებაში და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ნივთმტკიცებების მონაცემებს შორის არ არსებობს წინააღმდეგობა.
14. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნივთმტკიცების ამოღების და დალუქვისას მისი ზედმიწევნით დეტალურად აღწერის საჭიროებაზე. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის დროს აღმოჩენილი საგანი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი ობიექტი დაწვრილებით უნდა აღიწეროს, დაილუქოს და შესაბამის შემთხვევაში - შეიფუთოს, ხოლო 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ოქმში ყველა ობიექტი უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის ღირებულების ( თუ შესაძლებელია) ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. ამასთანავე, ჩხრეკის ფარგლებში აღმოჩენილი ობიექტების ოქმში ასახვისას დაშვებული ყოველგვარი უზუსტობა a priori არ წარმოადგენს აღმოჩენილი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველს. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მტკიცებულება დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია სსს კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. ამდენად, ეჭვი ერთი მხრივ უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და იმავდროულად ეხებოდეს მტკიცებულების გამოცვლას ან კვალის/ ნიშან-თვისებების არსებით შეცვლა-გაქრობას, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.
15. კასატორი ითხოვს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემას და მიუთითებს , რომ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას და „რათა ერთხელ და სამუდამოდ დაიცვან ექსპერტებმა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა საპროცესო დოკუმენტებისა და საექსპერტო დასკვნების შედგენის წესები“.
16. საქართველოს სსსკ-ის 304-ე მუხლის თანახმად, საქმის განსახილველად დიდი პალატისთვის გადაცემა ხდება, თუ:
ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის;
ბ) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას.
17. საკასაციო საჩივრიდან და საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 304-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ.
18. რაც შეეხება კასატორების მითითებას, რომ საკასაციო წესით საქმის განხილვისას სასამართლო გაეცნოს ადვოკატის შესავალ და დასკვნით სიტყვებში მოყვანილ არგუმენტებსა და მოსაზრებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორმა მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვეობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული რატომ ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. შესაბამისად, კასატორმა უნდა განსაზღვროს და მიუთითოს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც ( მათ შორის დასკვნითი სიტყვიდან), რომლებიც განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ, კასატორის აზრით, უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად არ იყო გაზიარებული.
19. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ ზ. ბ-ს ბრალდების საქმე განხილულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. ზ. ბ-ს მიმართ საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენაში.
20. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მოთხოვნის ხარვეზიანობაზე. კერძოდ, კასატორი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას. სასამართლო აღნიშნავს რომ საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცვლელად ტოვებს, აუქმებს ან ცვლის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, მაგრამ არ იხილავს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს. შესაბამისად, დაცვის მხარის მოთხოვნა ამ ნაწილში არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნებს.
21. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო აფასებს საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვეობას, რელევანტურობას და უტყუარობას საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე, მაგრამ არ ახდენს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას. შესაბამისად, სასამართლო ამ ნაწილშიც ვერ გაიზიარებს კასატორთა მოთხოვნას .
22. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). ხოლო თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე