გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი

სისხლის სამართლის 29.05.2020
საქმის ნომერი
2კ-733აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002569245

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№733აპ-18 29 მაისი, 2020 წელი

თ. ფ., 733აპ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლიკა ბულიამ, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ფ. თ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებაში. პროკურორის მითითებით, 2018 წლის 18 ივნისის მოვლენების ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ არა ფ. თ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული, დაზარალებული პოლიციას არ მიმართავდა დახმარების თხოვნით და შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს არ დახვდებოდა ისეთ ფსიქოემოციურ მდგომარეობაში, როგორშიც იყო. სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა შემთხვევის ადგილზე გასული საპატრულო ეკიპაჟის მიერ გადაღებული ვიდეოფირი, რაც ერთვის საქმეს და წარმოადგენს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას, თუ როგორ ჩაიდინა დანაშაული ფ. თ-მ. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ ცოლ-ქმარს შორის არსებობდა დაძაბული ურთიერთობა და ფ. თ.სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე, რაც დასტურდება მოწმეების: მ. თ-ს, ა-ს, მ. კ-ს, დ. ქ-ს და ლ. ლ-ს გამოკითხვის ოქმებით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ფ. თ-ს (დაბადებულს 19-- წლის .. აგვისტოს) ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობასა და სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

20.. წლის დასაწყისიდან ... მცხოვრებ მეუღლეებს - ლ. კ-სა და ფ. თ-ს ეჭვიანობის ნიადაგზე ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა. ფ. თ-მ რამდენჯერმე აგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. 20.. წლის .. ივნისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფ. თ-მ, რომელიც სისტემატურად აყენებდა მეუღლეს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეჭვიანობის ნიადაგზე შეაგინა ლ. კ-ს და ყელის არეში მოუჭირა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ფ. თ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ფ. თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლიკა ბულიამ და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ფ. თ-ს დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ფ. თ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

4. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლომ უნდა შეაფასოს სწორედ ამ უდავო მტკიცებულებების შინაარსობრივი მხარე, რათა დადგინდეს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურების შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება და აკმაყოფილებს თუ არა მათი ერთობლიობა თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, კერძოდ:

5. დაზარალებულ ლ. კ-ს 2018 წლის 18 ივნისის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ფ. თ. არის მისი მეუღლე. ისინი 13 წელია, ერთად ცხოვრობენ და ჰყავთ სამი შვილი. 20.. წლის .. ივნისს, დაახლოებით 09:10 საათზე, იგი იყო სახლში, რა დროსაც მეუღლე დაინტერესდა, ვის და რატომ ესაუბრებოდა მობილური ტელეფონით, რის გამოც შეკამათდნენ. იგი გავიდა სხვა ოთახში, ჩაიკეტა, მეუღლის კუთვნილი მობილური ტელეფონით - ... დარეკა 112-ში და აცნობა, რომ მეუღლე მასზე ძალადობდა. დაახლოებით 15 წუთში მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც მოახსენა, რომ მეუღლემ - ფ. თ-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. იგი ამ დროს იყო აფექტში. მეუღლეს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ვინაიდან იგი განერიდა კამათს და ჩაიკეტა სხვა ოთახში. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მან ასევე უთხრა, რომ მეუღლესთან წლების მანძილზე ჰქონდა კონფლიქტი და იგი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამ დროსაც იყო აფექტში, ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს და არც ის ახსოვს ზუსტად, რა უთხრა პატრულ-ინსპექტორებს. ფ. თ-სთან კონფლიქტი აქვს დაახლოებით 6 თვეა, რადგან მეუღლე ეჭვიანობს და ვერ იტანს, როდესაც იგი მობილური ტელეფონით საუბრობს. სწორედ ამ მიზეზით იწყება ხოლმე კონფლიქტი. 2018 წლის 18 ივნისს მათ კონფლიქტს არავინ შესწრებია. მას არ სურს მეუღლის დაკავება, რადგან მისთვის ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ბოლო 6 თვის განმავლობაში ისინი მხოლოდ კამათობდნენ, რასაც არავინ შესწრებია, მათ შორის არც ოჯახის წევრები. დაახლოებით ერთი და ასევე სამი თვის წინ ეჭვიანობის ნიადაგზე ჰქონდათ კონფლიქტები, რაც მხოლოდ კამათში გამოიხატებოდა, რასაც არავინ შესწრებია. სამივე კონფლიქტის დროს მეუღლე აგინებდა მას დედას. რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება მიღებული არ აქვს, რის გამოც კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ჩაუტარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მედდებს, რომლებიც მის სახლში მივიდნენ, აუკრძალა მისი შემოწმება, ვინაიდან ფიზიკური დაზიანება მისთვის არავის მიუყენებია. კამათი გენდერულ საკითხებთან მიმართებით არასდროს ჰქონიათ. ზუსტი რიცხვი, თუ როდის იკამათეს, არ ახსოვს. მეუღლის მხრიდან გინება, რომელიც ატარებს სისტემატურ ხასიათს, აყენებს ძლიერ სულიერ ტანჯვას.

6. დაზარალებულ ლ. კ-ს 2018 წლის 19 ივნისის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იგი გაეცნო დადგენილებას მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ. მის მეუღლეს - ფ. თ-ს მისთვის ფიზიკური შურაცხყოფა არასდროს მიუყენებია და ფიზიკური ტკივილიც არასდროს განუცდია. 6 თვის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე აგინა დედა. მეუღლის მიმართ პრეტენზია არ გაჩნია, იგი მისი შვილების მამაა და მასთან სურს ცხოვრების გაგრძელება. ფ. თ. ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და არ სურს, სასჯელი მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში.

7. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების №... სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ 2018 წლის 18 ივნისს ლ. კ-მ უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე.

8. მოწმე ლ. ლ-ს 2018 წლის 18 ივნისის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურში (...) პატრულ-ინსპექტორის პოზიციაზე. 2018 წლის 18 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მეწყვილე - დ. ქ-სთან ერთად და მოძრაობდა სამსახურებრივი ,,შკოდას“ მარკის ავტომანქანით, სახელწიფო ნომრთ ..., საძახისით .... დაახლოებით 09:40 საათზე, რადიოსადგურ ,,...“ ოპერატორმა გადმოსცა, რომ ... ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ითხოვდნენ პოლიციის დახმარებას. იგი მეწყვილესთან ერთად რამდენიმე წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე, ავიდა სახლის მეორე სართულზე, სადაც კართან იდგა დაახლოებით 30 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც იყო აღელვებული და ტიროდა. ქალი აღმოჩნდა ლ. კ., რომლის განმარტებით, მეუღლე - ფ. თ. სისტემატურად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს მასზე. იმ დილით ყელში სწვდა ხელით. დაზარალებულმა თავად მიუთითა მეუღლეზე, რომელიც იქვე იყო ოთახში. მისი იდენტიფიცირების შემდეგ, ვინაიდან ქმედება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, ფ. თ. დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. მას დაუყოვნებლივ განემარტა მისი, როგორც ბრალდებულის, უფლებები და ადგილზე შედგა დაკავების ოქმი. ფ. თ. გადაიყვანეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...თავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. დაკავებისას ფ. თ-ს წინააღმდეგობა არ გაუწევია, გაეცნო დაკავების ოქმს და მოაწერა ხელი. შემთხვევის ადგილზე ყოფნისას ფ. თ-ს და ლ. კ-ს გარდა, ოთახში იყო კიდევ რამდენიმე ქალი. აუდიო-ვიდეოკონტროლის №---- სამკერდე კამერით დაფიქსირებულია ლ. კ-ს მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტი, რომლის ვიდეოფირი ინახება შსს ერთობლივი ცენტრის (დეპარტამენტი) ტექნიკური მხარდაჭერისა და ტექნოლოგიური განვითარების სამმართველოში.

9. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის . მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურში (...) პატრულ-ინსპექტორ დ. ქ-ს 2018 წლის 18 ივნისის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით.

10. შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ტექნიკური მხარდაჭერისა და ტექნოლოგიური განვითარების სამმართველოდან გამოთხოვილ №... კამერა სტიკერით ჩაწერილ ფაილში, სახელწოდებით ,...., ჩანს: ორსართულიანი სახლი, რომლის მეორე სართულზე კიბით ადის პატრულ-ინსპექტორი და შედის ხის კარში. კადრში ისმის დაზარალებულის აღელვებული ხმა: ,,ძალადობს ჩემზე, ფიზიკურად, მორალურად, ისეთ ზიანს მაყენებს, ცხოვრების საშუალებას არ მაძლევს“. დერეფანში მოძრაობს არასრულწლოვანი ყმაწვილი. დერეფანი სრულდება ოთახით, სადაც ჩანს მამაკაცი, რომელსაც ხელში უკავია მცირეწლოვანი ბავშვი და ქერათმიანი ქალი, რომელიც პატრულ-ინსპექტორის შეკითხვაზე განმარტავს, რომ არის ლ. კ. და ხელში უჭირავს ჯოხისმაგვარი საგანი. ოთახში ჩანს კიდევ ერთი ბავშვი და შავთმიანი ქალი. პატრულ-ინსპექტორის შეკითხვაზე: ,,რა ხდება?“ ლ. კ. აღელვებული პასუხობს: ,,ძალადობს ჩვენზე, უკვე მეცამეტე წელია. აქამდე ხმას არ ვიღებდი. ახლა სახლიდან გაგდებით მემუქრება, შვილების წართმევით. ვეუბნები ასე ნუ იქცევიო, არ ესმის. ბავშვსაც ყელში სწვდა და ახრჩობდა ამ დილით. დედას ნუ სცემო და...“ პატრულ-ინსპექტორის შეკითხვაზე: ,,დღეს დილით ფიზიკურად შეგეხოთ?“ ლ. კ. პასუხობს: ,,დიახ, აგერ ქამრით მახრჩობდა“. თან ახდენს ყელის არის დემონსტრირებას. პატრულ-ინსპექტორის შეკითხვაზე: ,,ქამრით გახრჩობდათ?“ პასუხობს: ,,დიახ!“ პატრულ-ინსპექტორის შეკითხვაზე: ,,თქვენი სახელი და გვარი“, ოთახში მყოფი მამაკაცი, რომელსაც ხელში ეკავა ბავშვი და რომელიც ზის სავარძელზე, პასუხობს: ,,ფ. თ..“ პატრულ-ინსპექტორის შეკითხვაზე: ,,თქვენ ხვდებით რა ხდება, რა ელის ამ კაცს?“ ლ. კ.პასუხობს: ,,გასაგებია, მაგრამ რატომ ძალადობს ჩემზე?!“ პატრულ-ინსპექტორის შეკითხვაზე: ,,ეს თქვენი შვილების მამაა და რაღაცით რომ მოგვარებულიყო?“ ლ. კ. პასუხობს: ,,დაწეროს ხელწერილი, რომ უსაფრთხოდ ვიქნებით ჩვენ და არ შეგვეხება.“ პატრულ-ინსპექტორის განარტებაზე: ,,როდესაც ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე დაიწყება თქვენი მეუღლის მიმართ“, ლ. კ. პასუხობს: ,,მე არაერთი მქონია ასეთი შემთხვევა ამ ცამეტი წლის განმავლობაში და მოწმეებიც მყავს.“ პატრულ-ინსპექტორის შეკითხვაზე: ,,ექიმი გჭირდებათ?“ ლ. კ. პასუხობს: ,,არა“. დაზარალებული აღელვებულია და საუბრის დროს ეტირება.

11. მოწმე მ. თ-ს 2018 წლის 18 ივნისის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ფ. თ. არის მისი ძმა, რომელსაც ჰყავს მეუღლე - ლ. კ. და სამი შვილი. ისინი ცხოვრობენ ერთ ოჯახად. დაახლოებით 5 თვეა, რაც ლ-სა და მის ძმას შორის არის კონფლიქტი და მათი ოთახიდან ხშირად ისმოდა ხმამაღალი საუბარი. იგი არაერთხელ ჩარეულა ძმისა და რძლის კამათში, მაგრამ ფ-ს ლ-სთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. მათი კამათის მიზეზი იყო ფ-ს ეჭვიანობა. 2018 წლის 18 ივნისს, დილით, იგი იყო სამსახურში, რა დროსაც დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ ფ-ს და ლ-ს შორის იყო კონფლიქტი და სასწრაფოდ მისულყო სახლში. იგი დაახლოებით 5-10 წუთში მივიდა სახლში კუთვნილი ავტომანქანით. მისი და საპატრულო პოლიციის მისვლა ერთი იყო. ლ. რომ ნახა, ტიროდა და ამბობდა, რომ რამდენიმე წუთის წინ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი ლ-სა და თავისი ძმის კონფლიქტს არ შესწრებია, თუმცა ერთი თვის წინ ძმის ოთახიდან ისმოდა უცენზურო სიტყვები ლ. კ-ს მიმართ. იგი ჩაერია და სიტუაცია განმუხტა. ანალოგიურად მოიქცა სამი თვის წინაც, როდესაც ხმამაღალი საუბრის ხმა გამოდიოდა ძმისა და რძლის ოთახიდან. მისმა ძმამ უთხრა, რომ მეუღლესთან ეჭვიანობის ნიადაგზე კამათობდა. კამათის დროს ბავშვები ახლო-მახლო არასდროს უნახავს. დარწმუნებით შეუძლია თქმა, რომ მის ძმას ლ-სთვის ფიზიკური შურაცხყოფა არ მიუყენებია. ფ-ს განუმარტეს მისი უფლებები, რის შემდეგ - დააკავეს.

12. მოწმე მ. კ-ს 2018 წლის 19 ივნისის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ჰყავს მეუღლე - მ. თ. და ორი მცირეწლოვანი შვილი. მათთან ერთად ასევე ცხოვრობს მისი მეუღლის ძმა - ფ. თ., მეუღლესთან - ლ. კ. და სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად. დაახლოებით 4 თვეა, რაც ლ-სა და ფ-ს აქვთ კონფლიქტი და მათი ოთახიდან ხშირად გამოდიოდა ხმამაღალი საუბრის ხმა, თუმცა იგი არასდროს ჩარეულა მათ პირად ცხოვრებაში. მეუღლისგან სმენია, რომ მათი კამათის მიზეზი იყო ეჭვიანობა. 2018 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 09:10 საათზე, იგი იყო სახლში, პირველ სართულზე ალაგებდა ოთახს. ესმოდა, რომ ფ. ი ლ-ს უწმაწური სიტყვებით მიმართავდა და მის მშობლებს აგინებდა. დაახლოებით 5-10 წუთში მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელთან ერთადაც ავიდა სახლის მეორე სართულზე. რამდენიმე წუთში პატრულ-ინსპექტორებმა ფ-ი დააკავეს. დაახლოებით ერთი თვის წინ ანალოგიური ხმა გამოდიოდა ლ-სა და ფ-ს ოთახიდან. ფ-ი აგინებდა და ლანძღავდა ლ. კ-ს. იგი არის უმუშევარი, ძირითადად სახლშია და მას არასდროს უნახავს ფ-ს მიერ ლ. კ-ს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ლ. მას აუცილებლად ეტყოდა, ასეთი რამ რომ მომხდარიყო.

13. მოწმე ა-ს 2018 წლის 18 ივნისის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ფ. თ. ცხოვროს მის მეზობლად, რომელსაც ჰყავს მეუღლე ლ. კ. და სამი შვილი. იგი არის ფ. თ-ს ვაჟის - ბ. თ-ს ნათლია. თ-ების ოჯახთან აქვს ახლო ურთიერთობა და იცის მათი პრობლემები. სამი თვეა, რაც ლ-სა და ფ-ს აქვთ ოჯახური კონფლიქტი. დაახლოებით ერთი თვის წინ ფ-ს სახლიდან ისმოდა ხმამაღალი საუბარი, კერძოდ, ფ. ლ-ს ლანძღავდა და აგინებდა დედიას. 2018 წლის 18 ივნისს, დილის საათებში, დაახლოებით 09:10 საათზე, გაიგონა პატრულის ხმოვანი სიგნალი, გამოვიდა გარეთ და პატრულ-ინსპექტორებთან ერთად ავიდა ფ-ს სახლის მეორე სართლზე. იმავდროულად მივიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, მათ გაუზომეს ლ-ს წნევა, მისცეს დამამშვიდებელი საშუალება და წავიდნენ. იგი 2018 წლის 18 ივნისის დილის ფაქტს არ შესწრებია, რადგან ამ დროს იყო სახლში. შემთხვევის ადგილზე მისი ყოფნისას ფ. დააკავეს.

14. არასრულწლოვნებმა: ნ. და ბ. თ-ებმა გამოძიებაში არ მისცეს მამის - ფ. თ-ს საწინააღმდეგო ჩვენებები.

15. ბრალდებულ ფ. თ-ს 2018 წლის 18 ივნისის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ლ. კ. არის მისი მეუღლე, 13 წელია ერთად ცხოვრობენ და ჰყავთ ორი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი. 2018 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 09:00 საათზე, იყო თავის საცხოვრებელ სახლში. მისაღებ ოთახში მობილური ტელეფონით საუბრობდა მისი მეუღლე, რომელიც მანამდე რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ მობილურით არ ესარგებლა. 5-6 თვეა, რაც იგი მეუღლეზე ეჭვიანობს და ამის გამო უზღუდავს მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლებას. ამ 6 თვის განმავლობაში, კონკრეტული რიცხვი არ ახსოვს, სამჯერ ჰქონდათ კონფლიქტი მობილური ტელეფონით სარგებლობის გამო. სამივე კონფლიქტისას ლ. კ-ს მხოლოდ დედას აგინებდა, მისთვის ფიზიკური შურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. 2018 წლის 18 ივნისს მათ შორის კონფლიქტი ასევე დასრულდა ლ-ს დედის გინებით. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა განუმარტეს მისი უფლება-მოვალეობები და დააკავეს მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მეუღლესთან გენდერულ საკთხზე კონფლიქტი არასდროს ჰქონია. ბოლო კონფლიქტის დროს, საპატრულო პოლიციის მისვლამდე, მასთან სახლში მივიდნენ მისი ძმა - მ. თ. და მეზობელი - ა..

16. ბრალდებულ ფ. თ-ს 2018 წლის 19 ივნისის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იგი ცხოვრობს ოჯახის წევრებთან ერთად. მეუღლესთან - ლ. კ-სთან მოუვიდა კონფლიქტი 2018 წლის 18 ივნისს, დილის საათებში. აღიარებს, რომ მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეაგინა დედა. ეს გრძელდებოდა რამდენიმე თვეს. ლ. კ-სთვის არასდროს მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა და მისთვის ხელი არასდროს გაურტყამს. აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს - მეუღლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.

17. ფ. თ-მ სასამართლოში თავი სრულად ცნო დამნაშავედ მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებაში, თუმცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე არაფერი უთქვამს.

18. საკასაციო პალატამ შეაფასა სასამართლოში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა ფ. თ-ს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავედ ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

19. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 18 ივნისს ფ. თ-ს მიერ მეუღლეზე - ლ. კ-ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში თავადვე აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ლ. კ-მ, რომლის გამოკითხვის ოქმი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კატეგორიულად უარყო 2018 წლის 18 ივნისს მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი, ხოლო საქმეზე გამოკითხული არცერთი სხვა მოწმე შემთხვევის თვითმხილველი არ ყოფილა; ბრალდებულმა ფ. თ-მ, რომლის გამოკითხვის ოქმი მხარეებს ასევე არ გაუხდიათ სადავოდ, არ დაადასტურა მეუღლეზე რაიმე სახის ფიზიკური ძალადობა; მოწმეების: დ. ქ-სა და ლ. ლ-ს გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა მათ დაზარალებულმა შემთხვევის ადგილზე მისვლისას და შესაბამისად, ამ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს ირიბად; საკასაციო პალატა გვერდს არ აუვლის ისეთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, როგორიც არის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრეკამერის ვიდეოჩანაწერი, რომელიც არის იმის პირდაპირი მტკიცებულება, თუ რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული 2018 წლის 18 ივნისს და რას ჰყვებოდა იგი მისდამი მეუღლის მოპყრობასთან დაკავშირებით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ლ. კ-მ მოგვიანებით, ყველა გამოკითხვისას, უარყო მის მიმართ ფიზიკური ძალადობა, უარი განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაზე, დაზიანებების დასადგენად არ ჩაიტარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ხოლო საქმეზე გამოკითხულმა მოწმეებმა: მ. თ-მ, ა-მ და მ.კ-მ გამორიცხეს ფ. თ-ს მიერ ლ. კ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაზარალებულისა და ბრალდებულის არასრულწლოვანმა შვილებმა - ნ. და ბ. თ-ებმა კი არ მისცეს მამის საწინააღმდეგო ჩვენებები, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, როგორც სუბიექტურად (დაზარალებულის განმარტებებით), ასევე ობიექტურად (საქმეში არსებული მასალების ანალიზით) უტყუარად დაადგინოს განიცდიდა თუ არა დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს 2018 წლის 18 ივნისს ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ცალსახად დაადასტურებდა 2018 წლის 18 ივნისს ფ. თ-ს მიერ მეუღლეზე - ლ. კ-ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

20. საკასაციო პალატამ შეისწავლა ფ. თ-ს საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ფ. თ-ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა, უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ ფ. თ-ს, გარდა 2018 წლის 18 ივნისს მეუღლეზე ფიზიკური ძალადობისა, ასევე ბრალად წარდგენილი ჰქონდა ლ. კ-ს სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა, რაც ცალსახად დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რაც არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ და მათ პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული, კერძოდ:

22. დაზარალებულ ლ. კ-ს გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ მისი მეუღლე - ფ. თ. 2018 წლის დასაწყისიდან ეჭვიანობდა და მათ ჰქონდათ ოჯახური კონფლიქტები. დაახლოებით ერთი და სამი თვის წინ, ასევე 2018 წლის 18 ივნისს, მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დედა აგინა. მეუღლის სისტემატური გინების გამო იგი განიცდიდა ძლიერ სულიერ ტანჯვას.

23. ბრალდებულ ფ. თ-ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ 5-6 თვეა, რაც იგი ეჭვიანობდა მეუღლეზე. ბოლო 6 თვის განმავლობაში ლ. კ-სთან სამჯერ ჰქონდა კონფლიქტი, მათ შორის ბოლოს - 2018 წლის 18 ივნისს და სამივე კონფლიქტისას მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინა დედა.

24. ლ. კ-სა და ფ. თ-სთან ერთ ოჯახად მცხოვრები მ. თ-სა და მ. კ-ს გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ ბოლო 4-6 თვის განმავლობაში ლ-სა და ფ-ს ჰქონდათ კონფლიქტები, რადგან ფ. მეუღლეზე ეჭვიანობდა და მათი ოთახიდან ხშირად ისმოდა ხმამაღალი საუბარი. მ. თ. პირადად ჩაერია და განმუხტა ძმისა და რძლის კამათი, როდესაც დაახლოებით ერთი და სამი თვის წინ ფ-ს ოთახიდან შემოესმა, როგორ მიმართავდა იგი ლ-ს უცენზურო სიტყვებით, ხოლო 2018 წლის 18 ივნისს მ. კ-ს ესმოდა ლ-ს მიმართ მისი უწმაწური სიტყვები და მშობლების გინება.

25. ფ. თ. და ლ. კ-ს მეზობლისა და ოჯახის ახლობლის - მოწმე ა-ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ დაახლოებით 3 თვეა, რაც ლ-სა და ფ-ს აქვთ ოჯახური კონფლიქტი, ხოლო დაახლოებით ერთი თვის წინ ფ-ს სახლიდან მან გაიგონა, როგორ ლანძღავდა და აგინებდა დედის მისამართით ფ. ლ-ს.

26. ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 18 ივნისს გამოძახებაზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სამხრეკამერის ჩანაწერით დასტურდება, რომ ლ. კ. აცხადებდა, რომ მეუღლე 13 წელია, რაც მასზე ძალადობს როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად და არ აძლევს მშვიდი ცხოვრების საშუალებას. ჩანაწერში ნათლად ჩანს დაზარალებულის მძიმე ემოციური მდგომარეობა. იგი აღელვებულია, ეტირება და სამართალდამცავებისაგან ითხოვს შველას.

27. ამდენად, საკასაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ფ. თ. ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ლ. კ-ს, კერძოდ, ლანძღავდა და აგინედა მას დედას, რაც დაზარალებულს აყენებდა ტანჯვას, რომლის კვალიფიკაციაზე საკასაციო პალატა ქმედების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

28. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

29. ფ. თ-ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა როგორც ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - ბ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა.

30. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად ვერ დადგინდა, რომ 2018 წლის 18 ივნისს ფ. თ-მ ყელის არეში მოუჭირა ხელი მეუღლეს - ლ. კ-ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ამდენად, ფ----------- თ----------- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

31. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მე-111 მუხლი (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) და 1261-ე მუხლი (ოჯახში ძალადობა). კანონის პროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანი ეხმიანება ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზანს - დაამკვიდროს ნულოვანი ტოლერანტობა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. აღნიშნული სულისკვეთებიდან გამომდინარე, ოჯახური დანაშაულის ცალკე ნორმებად არსებობის მიზანიც ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად კვალიფიკაცია და ადეკვატური სანქციის დანიშვნაა (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება №355აპ-18, სამოტივაციო ნაწილის პუნქტი 4) და აღნიშნავს, რომ სისტემატური შეურაცხყოფა ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომელსაც თან სდევს ადამიანის ფსიქიკის მოშლა და მისი სულიერი და გონებრივი მდგომარეობისათვის ზიანის მიყენება. შეურაცხყოფის ერთ-ერთი მწვავე ფორმაა გინება, რომელიც ხშირად ოჯახში კონფლიქტის წარმოშობის მთავარი წინაპირობაა. სისტემატურობა კი უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული პერმანენტულობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რეგულარულად, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედება მინიმუმ, ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი. შესაბამისად, ძალადობა, როდესაც ქმედებები დროის ინტერვალით საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან, არ შეიძლება მივიჩნიოთ სისტემატურად. სისტმატურობა გამოკვეთილია მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის არსებული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ დაზარალებული კვლავ განიცდის პირველი ქმედებით მიყენებულ ზიანს.

32. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ფ. თ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, ვინაიდან ფ. თ-ს, გარდა 2018 წლის 18 ივნისს მეუღლეზე ფიზიკური ძალადობისა, ბრალად წარდგენილი ჰქონდა ასევე 2018 წლის დასაწყისიდან ლ. კ-ს სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და მიაჩნია, რომ დაზარალებულ ლ. კ-ს, ბრალდებულ ფ. თ-სა და მოწმეების: მ. თ-ს, მ. კ-სა და ა-ს გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ცალსახად დასტურდება, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ფ. თ სისტემატურად აგინებდა და შეურაცხყოფდა ლ. კ-ს, ხოლო დაზარალებულის გამოკითხვის ოქმითა და 2018 წლის 18 ივნისის ვიდეოჩანაწერით უტყუარად არის დადგენილი, რომ მეუღლის მხრიდან ამგვარი ძალადობის შედეგად დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

33. საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ფ. თ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა, ჩადენა რისი გათვალისწინებითაც, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

34. საკასაციო პალატა დასძენს, რომ ფ. თ-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

35. სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

36. საკასაციო პალატა სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ . თ-მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რომელსაც სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლომ, ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლის სისტემატური შეურაცხყოფით მისი ტანჯვა), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის ურყევ სურვილს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფსიქოლოგიურად ეძალადა მეუღლეზე), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელიც, მისი გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით, საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ფ. თ. რამდენიმე თვის განმავლობაში სისტემატურად აგინებდა და შურაცხყოფდა ლ. კ-ს), მის პიროვნებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ფ. თ-ს პიროვნების/მისი წარსულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას (ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი და იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია), ასევე დაზარალებულის ლმობიერ პოზიციას (ლ. კ-ს პრეტენზია არ გააჩნია და სურს მეუღლის მსუბუქად დასჯა) და მიიჩნევს, რომ ფ. თ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

37. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო (2018 წლის 18 ივნისიდან 2018 წლის 22 ივნისის ჩათვლით) ფ. თ--ს უნდა ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 125 საათით.

37. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ფ. თ-ს მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დადგენილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენში ფ. თ-ს მიმართ შევიდეს ცვლილება;

3. ფ. თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში - 2018 წლის 18 ივლისს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

4. ფ. თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით;

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო (2018 წლის 18 ივნისიდან 2018 წლის 22 ივნისის ჩათვლით) ფ. თ-ს ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 125 საათით;

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. სხვა, მათ შორის ყადაღისა და ნივთმტკიცების ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.ვასაძე

მოსამართლეები: ლ.ფაფიაშვილი

მ.გაბინაშვილი