საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.07.2020
საქმის ნომერი
2კ-199აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100117001798723

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №199აპ-20 ქ. თბილისი

ნ–ე ლ., 199აპ-20 15 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით შაკიაშვილისა და მსჯავრდებულ ლ. ნ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით შაკიაშვილმა და მსჯავრდებულ ლ. ნ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. კ–მა.

ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ლ. ნ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით:

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ლ. ნ–მ ნამდვილად იცოდა, რომ ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტს ვერ განკურნავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოროტად ისარგებლა დაზარალებულის მშობლების ნდობით და მოტყუებით გადაახდევინა - 27 800 ლარი; მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას; განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულებს არ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი - 27 800 ლარი, ხოლო სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი, რაც შესაძლოა, იყოს ხელის შემწყობი ფაქტორი ახალი დანაშაულის ჩადენისათვის.

დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ლ. ნ–ე არის სახალხო მკურნალი და არა - ექიმი, რომელსაც თავისი საქმიანობისათვის კანონმდებლობის თანახმად, არ ესაჭიროება რაიმე სახის ლიცენზია; დაზარალებულის მდგომარეობა მკურნალობის შედეგად არ გაუარესებულა; ლ. ნ–ის მიმართ უნდა გავრცელებულიყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. ნ–ს მსჯავრი დაედო თაღლითობაში, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში მოტყუებით, დიდი ოდენობით.

ლ. ნ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

გ. და მ. ა–ების ვაჟიშვილი, .... წელს დაბადებული ნ. ა–ი დაავადებული იყო საშუალო სიმძიმის სპასტიური დიპლეგიით - ცერებრალური დამბლით. იგი მშობლებს წლების განმავლობაში სამკურნალოდ დაჰყავდათ სხვადასხვა კლინიკაში, რის შედეგადაც შეძლო დედის დახმარებით გადაადგილება. ნ–ისა და მისი მშობლების მიზანი იყო, რომ მას შეძლებოდა დამოუკიდებლად სიარული. ლ. ნ–ე (ქორწინებამდელი გვარი - რ–ი), რომელსაც არ გააჩნდა სამედიცინო განათლება და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია, როგორც ექიმი, მუშაობდა ქალიშვილის - დ. ნ–ის კუთვნილ შპს ,,....... კლინიკაში“. მიუხედავად იმისა, რომ ლ. ნ–ს არ შეეძლო ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტის განკურნება, ა–ების კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გ. და მ. ა–ებს დაჰპირდა, რომ ცერებრალური დამბლით დაავადებულ მათ შვილს - ნ. ა–ს გამოაჯანმრთელებდა და ფეხზე დააყენებდა. ა–ებს მან თავი მოაჩვენა პროფესიონალ ექიმად, მოსთხოვა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება, რომლის ნახვის შემდეგაც პირობა მისცა, რომ მასთან კლინიკაში მკურნალობის კურსის გავლის შემთხვევაში, ნ–ი დამოუკიდებლად სიარულს შეძლებდა. ამისათვის იგი სამი თვის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო კლინიკაში, სადაც ლ. ნ–ე (რ–ი) ჩაუტარებდა სამედიცინო პროცედურებს, ხოლო კლინიკიდან გაწერის შემდეგ ცხრა თვის განმავლობაში საჭირო იქნებოდა სარეაბილიტაციო კურსის გავლა. კლინიკაში გატარებული თითოეული დღისათვის მათ უნდა გადაეხადათ - 420 ლარი. ვინაიდან კლინიკა, რომელშიც ლ. ნ–ე (რ–ი) მუშაობდა, იყო კეთილმოწყობილი სამედიცინო დაწესებულება და ატარებდა ლ. რ–ის სახელს, ამასთან, ლ. ნ–ე (რ–ი) ამბობდა, რომ მას იმავე დაავადების მქონე პაციენტები ჰყავდა მორჩენილი და იძლეოდა ნ. ა–ის განკურნების გარანტიას, გ. და მ. ა–ები ენდნენ მას და მის შეთავაზებას დასთანხმდნენ. 2010 წლის 10 ნოემბერს ნ. ა–ი დააწვინეს თ–ში, ..... გამზირი N..-ში მდებარე შპს ,,...... კლინიკაში“, თუმცა ამ პერიოდისათვის კლინიკას სტაციონარული დაწესებულების ნებართვა არ გააჩნდა. პალატაში ნ. ა–ი ლ. ნ–მ (რ–ი) მოათავსა ხის, ჯვრის ფორმის ტრავმატოლოგიურ საწოლზე, რაზედაც იგი გაშლილი ხელებითა და ფეხებით დამაგრებული და გადახვეული იყო ლ. ნ–ის (რ–ი) მიერ დამზადებული, ეთერ ზეთებში ამოვლებული სახვევებით, უკეთ ფიქსაციისათვის კი ჩამოკიდებული ჰქონდა გირები. ასეთ მდგომარეობაში ნ. ა–ი იმყოფებოდა სამი თვის განმავლობაში, 2011 წლის 19 თებერვლამდე. ზემოაღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ ნ. ა–მა, არათუ დამოუკიდებლად სიარული ვერ შეძლო, არამედ - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ ლ. ნ–მ (რ–ი) საკუთარი გამოცდილებითაც იცოდა, რომ ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტს ვერ განკურნავდა და მის მიერ გამოყენებული მეთოდი ნ. ა–სათვის დაპირებული შედეგის მომტანი არ იქნებოდა, ისარგებლა მშობლების მზად ყოფნით - ნებისმიერი მსხვერპლი გაეღოთ შვილის ფეხზე დასაყენებლად, მოიპოვა მათი ნდობა და ნ. ა–სათვის თითქოსდა ,,მკურნალობისათვის“ გაწეული საფასურის სახით, მოტყუებით, 2010 წლის 10 ნოემბრიდან 2011 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, თავისი ოჯახის კუთვნილი შპს ,,..... კლინიკის“ სასარგებლოდ გ. ა–ს გადაახდევინა - 27 800 ლარი, რითაც გ. ა–ს მიადგა დიდი ოდენობით - 27 800 ლარის მატერიალური ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით ლ. ნ–ე, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 (ათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ლ. ნ–ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის დიდუბე- ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ მისაბიშვილმა და მსჯავრდებულ ლ. ნ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. კ–მა.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება - სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრით.

დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ მისაბიშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ ლ. ნ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ლ. ნ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

ლ. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10.000 (ათი ათასი) ლარი.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7.საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მსჯავრდებულ ლ. ნ–ის უდანაშაულობის შესახებ და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივებს, რომ ლ. ნ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ გ. ა–ის, მოწმეების - მ. ა–ის, ქ. მ–ის, ფ. ბ–ის, მ. თ–ის, შ. დ–ს, კ. ტ–ის, ი. ა–ის, ე. ჩ–ის, დ. გ–ას, მ. ფ–ის, მ. მ–ისა და სხვათა ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით, ნ. ა–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, ქიმიური ექსპერტიზის N..... დასკვნით, ნ. ა–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნით, ნ. ა–ის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N. დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე (მათ შორის ლ. ნ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების შეუძლებლობაზე), რის შესახებაც დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის არგუმენტაციას მსჯავრდებულ ლ. ნ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილშიც, რის შესახებაც სააპელაციო პალატამ ამომწურავად და დეტალურად იმსჯელა განაჩენში, რასაც საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს.

10. რაც შეეხება ბრალდების მხარის კიდევ ერთ მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ. ნ–სათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის (არის ონკოლოგიური ავადმყოფი), ასაკის (83 წლისაა) და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, შეფარდებული აქვს სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით შაკიაშვილისა და მსჯავრდებულ ლ. ნ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ–ის საკასაციო საჩივრები.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი