საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002949026
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №316აპ-20 ქ. თბილისი
ა-ა ჯ., 316აპ-20 31 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:
ჯ. ა., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ჯ. ა-ას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ჯ. ა-ას სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2019 წლის 6 მარტიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2019 წლის თებერვალში სოციალურ ქსელ „ო-ში“ ჯ. ა-ამ გაიცნო ხ. ე-ი. სოციალურ ქსელ „ფ-ში“ „u. u. a--ს” მონაცემებით რეგისტრირებულმა ჯ. ა-ამ „x. e--ს” მონაცემებით რეგისტრირებული ხ. ე-ი, მისი წელს ზემოთ შიშველი ფოტოსურათის საჯარო სივრცეში გავრცელების მუქარით აიძულა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი - მთლიანად გაშიშვლებული ფოტოსურათები სოციალურ ქსელ, „ფ-ის“ მეშვეობით მისთვის გადაეგზავნა. ჯ. ა-ამ უკანონოდ მოპოვებული ხ. ე-ის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები სოციალურ ქსელ - „ფ-ის“ მეშვეობით, 2019 წლის 27 თებერვალს - ე. წ-სა და 2019 წლის 28 თებერვალს ა. ე-სათვის გადაგზავნით უკანონოდ გაავრცელა.
2019 წლის თებერვალში სოციალურ ქსელ „ო-ში“ ჯ. ა-ამ გაიცნო ხ. ე-ი. სოციალურ ქსელ „ფ-ში“ „u. u. a.” მონაცემებით რეგისტრირებულმა ჯ. ა-ამ „x. e.” მონაცემებით რეგისტრირებული ხ. ე-ი, მისი წელს ზემოთ შიშველი ფოტოსურათის საჯარო სივრცეში გავრცელების მუქარით აიძულა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი - მთლიანად გაშიშვლებული ფოტოსურათები სოციალურ ქსელ, „ფ-ის“ მეშვეობით მისთვის გადაეგზავნა. ჯ. ა. ხ. ე-ს 2019 წლის 6 მარტს ქ-ში შეხვედრას და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათების გახმაურებით დაემუქრა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებულ ჯ. ა-ას ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
5. კასატორი უთითებს, რომ ბრალდებული დაკავების მომენტიდან აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობდა გამოძიებასთან; იგი არ არის ნასამართლევი.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. ჯ. ა-ას მიერ ჩადენილი ქმედების სახის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ზომის, დანაშაულთა ერთობლიობისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებებს (აღიარება, მონანიება, არ არის ნასამართლევი), სააპელაციო სასამართლომ ისინი სასჯელის დანიშვნის დროს მიიღო მხედველობაში. სხვა რაიმე სახის ახალ გარემოებაზე კი, რაც შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ. ა-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი