საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002252760
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №34აპ-20 ქ. თბილისი
ო-ნ ფ. ო, 34აპ-20 6 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ო. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ფ. ო. ო-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით (2018 წლის 6 ივნისის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით (2018 წლის 6 ივნისის ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ფ. ო. ო-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 25 ნოემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2.1. ფ. ო. ო-ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა საბრძოლო მასალას – 40 ქარხნული წესით დამზადებულ 1974 წლის ნიმუშის, 5.45 მმ კალიბრიან ვაზნებს, რომლებიც განკუთვნილია 5.45 მმ „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის AK–74, AKC–74, AKC-74Y ავტომატისა და РПК–74, РПКC–74 ტყვიამფრქვევისათვის და ერთ ქარხნული წესით დამზადებულ Ф–1 ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს სასკდომი მუხტით, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. ზემოაღნიშნული საბრძოლო მასალა 2017 წლის 25 ნოემბერს, ქ. ქ-ი, დ. ა-ს ქუჩის №...–ში მდებარე სახლის წინ, ფეხით სავალ ბილიკზე ჩატარებული ფ. ო. ო-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
2.2. ფ. ო-მ ო-ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს – ქარხნული წესით დამზადებულ, 5,45 მმ კალიბრიან AK–74 მოდელის №GG9511 „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატს მჭიდით, რომელიც მიეუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის და საბრძოლო მასალას – 18 ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის, 5.45 მმ კალიბრიან ვაზნებს, რომლებიც განკუთვნლია 5.45 მმ „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის AK–74, AKC–74, AKC-74Y ავტომატისა და РПК–74, РПКC–74 ტყვიამფრქვევისათვის. 2017 წლის 25 ნოემბერს, ქ. ბ-ი, გ-ს ქუჩის №...–ში მდებარე ფ. ო-მ ო-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის (№..) ჩხრეკის შედეგად, ზემოაღნიშნული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
2.3. ფ. ო. ო-ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა: ქარხნული წესით დამზადებულ, 5.45 მმ კალიბრიან AK–74 მოდელის №1375696 „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატს, რომელიც მიეკუთვნება ავტომატურ ცეცლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; ქარხნული წესით დამზადებულ, 5.45 მმ კალიბრიან AK–74 მოდელის ლულის კოლოფზე №256864, ჩამკეტის ჩარჩოზე №200711 „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატს, რომელიც მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; ქარხნული წესით დამზადებულ რუმინული წარმოების, 7.62 მმ კალიბრიან AKM მოდელის SV8303 „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატს, რომელიც მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის და საბრძოლო მასალას – 115 ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის, 5.45 მმ კალიბრის ვაზნებს, რომლებიც განკუთვნილია 5.45 მმ „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის AK–74, AKC–74, AKC-74Y ავტომატებისა და РПК–74, РПКС–74 ტყვიამფრქვევისათვის, 83 ქარხნული წესით დამზადებულ, 1943 წლის ნიმუშის, 76.2 კალიბრიან ვაზნებს, რომლებიც განკუთვნილია 7.62 მმ კალიბრის „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის AK–47, AKC–47, AKM, AKMC, AKMCY ავტომატებისათვის, კარაბინისათვის - CKC, ხელის ტყვიამფრქვევებისა - РПД, РПК და ერთ ქარხნული წესით დამზადებულ, Ф–1 ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს სასკდომი მუხტით. 2017 წლის 25 ნოემბერს, ქ-ს რაიონის სოფელ კ-ი, საავტომობილო ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს, მდინარე კ-ნ მდგარი ფანჩატურის უკან, მიწაში ჩაფლული კასრიდან ზემოაღნიშნული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ფ. ო. ო-ს გამართლებას.
4.1. კასატორის მითითებით, ფ. ო. ო-ი დაკავებულად და ბრალდებულად ითვლებოდა იმ მომენტიდან, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკის ჩატარებამდე გააჩერეს და შეუზღუდეს მიმოსვლის თავისუფლება, ანუ 2017 წლის 25 ნოემბრის 16:05 საათიდან და არა - 16:50 წუთიდან. სწორედ იმ მიზნით, რომ გამოძიებას ფ. ო. ო-ს პირადი ჩხრეკა ჩაეტარებინა ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, ფაქტობრივად ჩხრეკის დაწყებამდე დაკავების ოქმში მიეთითა, რომ იგი თითქოს, მისი ჩატარების შემდეგ დააკავეს. იგი არ ყოფილა უზრუნველყოფილი სავალდებულო დაცვითა და თარჯიმნით. თარჯიმნის სერტიფიკატი საქმეში წარმოდგენილი არ არის. გამოძიებამ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩხრეკის ჩატარების დადგენილება გააცნო და ჩხრეკა ჩაატარა ბინის მესაკუთრის თანხმობითა და მისი მონაწილეობით (რომელსაც ბინა ო-ე ჰქონდა მიქირავებული), მაშინ, როდესაც იმ დროისათის ფ. ო-ი ითვლებოდა ბინის პირდაპირ მფლობელად. ბრალდების მხარემ ფ. ო-ს მონაწილეობა არ მიაღებინა მის წინააღმდეგ ჩატარებულ ამოღებაში.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №455აპ-16 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
8. ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ბალისტიკური და პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმეების - ე. უ-ს, ა. ჩ-ს, ნ. მ-ს ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ფ. ო. ო-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მიერ საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიებს და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ფ. ო. ო-ი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე პირადად გაჩხრიკეს და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს სსსკ-ის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობის გამო (მათ შორის, რომ: მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე) - დააკავეს. ორივე, კერძოდ, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს თარჯიმანი. რაც შეეხება ადვოკატს, როგორც საქმის მასალებით დგინდება, გამომძიებელმა იმავე დღეს (ე.ი. 2017 წლის 25 ნოემბერს, როდესაც ფ. ო. ო-ი დააკავეს) მიმართა შესაბამის სამსახურს სახელმწიფოს ხარჯზე ფ. ო. ო-ს ადვოკატის გამოყოფის თხოვნით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თარჯიმნის მიერ შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენის ვალდებულებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
10. რაც შეეხება კასატორის საჩივარში გამოთქმულ სხვა პრეტენზიებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით არ იკვეთება რაიმე ისეთი სახის დარღვევა, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ფ. ო. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი