შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი დამძიმებისაკენ

სისხლის სამართლის 16.07.2020
საქმის ნომერი
2კ-54აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002646751

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№54აპ-20 ქ. თბილისი

ა. შ., 54აპ-20 16 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: შ. ა-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობასა და მისთვის მკაცრი სასჯელების განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივი მოხდით, ვინაიდან მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი; დაზარალებულ ე. გ.ს შ. ა-ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის შემდეგ შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების თავისუფლება, ჩაკეტილი იყო საცხოვრებელ ბინაში და მისი მოქმედება სრულად იყო მოქცეული მოძალადის კონტროლის ქვეშ; დაზარალებულს აკრძალული ჰქონდა ტელეფონით სარგებლობა და მხოლოდ მაშინ მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება ქალიშვილს, როდესაც მოძალადემ ყურადღბა მოადუნა; შ. ა-მ მას შემდეგ გააღო ბინის კარი, როდესაც ი. მ.მ ქვით ჩაამტვრია სახლის ფანჯარა; შ. ა-სთვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 531-ე და 58-ე მუხლის მოთხოვნები და ჩადენილი ქმედებების ხასიათისა და მსჯავრდებულის პიროვნების შეუსაბამო სასჯელები განუსაზღვრა.

2. შ. ა-ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118- ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

შ. ა-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 11 აგვისტოს, შ. ა-მ .... მდებარე ბინა №--ში, თავის ოჯახის წევრზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, თავის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ე. გ-ს, ხელების დარტყმით სახის არეში და სხეულზე მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

- 2018 წლის 11 აგვისტოს შ. ა-მ ... მდებარე, ბინა №--ში, თავის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ე. გ-ს უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, სცემა, ასევე დაემუქრა და მოსთხოვა სხვა მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობის აღიარება, აიძულა დარჩენილიყო ბინაში.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განაჩენით შ. ა-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

შ. ა. - დაბადებული 19-- წლის .. სექტემბერს - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და შ. ა-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

შ. ა-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო 2018 წლის 11 აგვისტოდან.

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შ.ა-მ ჩაიდინა ოჯახის წევრის - ე. გ-ს მიმართ იძულება, რა დროსაც მას უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, ჩაიდინა მის მიმართ ფიზიკური იძულება - სცემა, ასევე ფსიქიკური ზემოქმედება - დაემუქრა, მოსთხოვა სხვა მამაკაცთან ურთიერთობის აღიარება, აიძულა, დარჩენილიყო ბინაში, შესაბამისად, განაცდევინა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე ირაკლი გაჩეჩილაძემ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, შ. ა-ს დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივი მოხდით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (დაზარალებულ ე. გ-ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ა. კ-ს, ზ. ხ-სა და გ. ბ-ს ჩვენებები, მოწმე ი. მ-ს გამოკითხვის ოქმი, 2018 წლის 11 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები), რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ შ. ა-მ ნამდვილად ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და, ამდენად, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) არის კანონიერი.

3. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს სასამართლოს მიერ შეცვლილი კვალიფიკაციის ნაწილში და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ შ. ა-მ ჩაიდინა არა იძულება, როგორც ეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, არამედ - თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

4. იმისათვის, რათა სამართლებრივად სწორად შეფასდეს მხარეთა შორის დავის საგნად ქცეული ქმედების კვალიფიკაცია, უნდა გაივლოს ზღვარი იძულებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას შორის, უნდა გაიმიჯნოს ამ დანაშაულთა შემადგენლობებისთვის სავალდებულო ნიშნები და დადგინდეს, მსჯავრდებულის ქმედებები შემოიფარგლა თუ არა დაზარალებულის ნებაზე მხოლოდ ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედებით, რამაც აიძულა იგი, ემოქმედა საკუთარი შეხედულების საწინააღმდეგოდ, თუ იძულების ხერხით - დაზარალებულისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით - შ. ა--ს ქმედება გასცდა იძულების ფარგლებს და ეს თავისუფლების უკანონო აღკვეთად უნდა შეფასდეს.

5. საკასაციო პალატა განმარტავს: ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ფუნდამენტური უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფოს მხრიდანაც კი უნდა წარმოადგენდეს ultima ratio-ს. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, რომელსაც ფაქტობრივად შეზღუდული აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. სწორედ გადაადგილების თავისუფლება განასხვავებს თავისუფლების უკანონო აღკვეთას იძულებისაგან, როდესაც პირს შეუძლია შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და მიუხედავად მის ნებაზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედებისა, გადაადგილების თავისუფლება ფაქტობრივად (ობიექტურად) შეზღუდული არ აქვს.

6. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება შ. ა-ს მიერ ე. გ-ს მიმართ იძულება, რა დროსაც დაზარალებულს უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, ჰყავდა ისეთ ადგილას, სადაც ყოფნა, ქმედების თავისუფლად განხორციელების პირობებში, არ წარმოადგენდა მის ნებას, ჩაიდინა მის მიმართ ფიზიკური იძულება - სცემა, ასევე ფსიქიკური ზემოქმედება - დაემუქრა, მოსთხოვა სხვა მამაკაცთან ურთიერთობის აღიარება, აიძულა დარჩენილიყო ბინაში და, შესაბამისად, განაცდევინა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს: ბრალად წარდგენილი ქმედების ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც ჩადენილია ისეთი დანაშაული, რომელიც თვითმხილველი მოწმეების სიმრავლით არ გამოირჩევა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენებისა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებების ერთობლივად შეფასება და იმის დადგენა, რამდენად ურთიერთთავსებადი და თანხვდენილია ისინი საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებებთან მიმართებით.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულ ე. გ-ს გამოკითხვის ოქმი არის თანმიმდევრული, შეესაბამება მოწმეების: ა. კ-ს, ი. მ-ს, ზ. ხ-სა და გ. ბ-ს ჩვენებებს, ე. გ-სა და ა. კ-ს მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმებს, 2018 წლის 11 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს და, ამასთან, დაზარალებულის სანდოობაში დაეჭვების გონივრული საფუძველი სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა, კერძოდ:

9. დაზარალებულ ე. გ-ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, შ. ა-სთან სახლში ყოფნისას, მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე გამეტებით სცემა, აუკრძალა ტელეფონით სარგებლობა და არ აძლევდა სახლიდან წასვლის უფლებას, აიძულებდა, სხვასთან სქესობრივი კავშირის აღიარებას. იგი ვერც დაყვირებას ბედავდა და ვერც წინააღმდეგობის გაწევას, რადგან იყო შეშინებული. მეორე დილით შ. ა-მ ბინის კარი გარედან ჩაუკეტა და სახლიდან წავიდა, აუკრძალა საძინებლიდან გამოსვლა და დაემუქრა, არ ეყვირა, თორემ ინანებდა. მას შეეშინდა, შ. ა.კართან არ ყოფილიყო ჩასაფრებული და საშველად არავისთვის მოუხმია. შ. ა. დაახლოებით 10 წუთში უკან დაბრუნდა, თუმცა მალევე ისევ წავიდა, მისი ტელეფონიც წაიღო და კარი ისევ გარედან ჩაუკეტა. დაახლოებით 15 წუთში შ. ა. უკან დაბრუნდა. მოგვიანებით მას ტელეფონით დაურეკა ქალიშვილმა - ა. კ-მ, რომელსაც მეუღლის ნებართვითა და თანდასწრებით დაელაპარაკა, უთხრა, რომ იყო სამსახურში. სიმართლე შიშით ვერ გაუმხილა, რადგან . დაემუქრა, რამეს თუ ეტყოდა, უარესს დამართებდა. როდესაც შ. ა-ს ჩაეძინა, ვინაიდან ბინა შიგნიდან ჰქონდა ჩაკეტილი, აიღო ტელეფონი და ქალიშვილს მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, უთხრა, რომ იყო ო-ს ქუჩაზე და შველა სთხოვა. ალ. კ-მ გადმოურეკა, თუმცა სატელეფონო საუბრისას მეუღლის შიშით ქალიშვილს ისევ ვერაფერი გაუმხილა. მალევე შ. ა-ს სახლში მიაკითხა ქალიშვილმა, რომელსაც შეშინებულმა სთხოვა, წასულიყო, თუმცა მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა, არ დაეტოვებინა. ამ დროს მოესმა პოლიციელებისა და მისი ნათესავების ხმა. შ. ა.კარს არ აღებდა, თუმცა ვიღაცამ ფანჯარა ჩაამტვრია და იძულებული გახდა, კარი გაეღო.

10. მოწმე ა. კ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს ტელეფონით დაურეკა დედამისს - ე. გ-ს. ტელეფონი იყო გათიშული. მალევე თვითონ გადმოურეკა დედამ, რომელსაც განერვიულებული ხმა ჰქონდა და უთხრა, რომ იყო სამსახურში, თუმცა ე.გ-საგან მალევე მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ იყო ო-ს ქუჩაზე და დახმარებას სთხოვდა. სასწრაფოდ მივიდა მითითებულ მისამართზე. შ.ა-მ გაუღო კარი და უთხრა, რომ ე. გ. იყო სამსახურში. მან ფაჯრიდან დაინახა ნაცემი დედა, რის გამოც გამოიძახა პოლიცია და დაურეკა ნათესავებს. შ. ა. ბინის კარს არ აღებდა, რის გამოც ქვით ჩაამტვრიეს ფანჯარა. შემთხვევის დღეს ე. გ-ს აშკარად ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი, რაშიც მის მეუღლეს ამხელდა.

11. დაზარალებულ ე. გ-ს და მოწმე ა. კ-ს მონათხრობი 2018 წლის 11 აგვისტოს დაზარალებულის მიერ ქალიშვილისათვის საშველად გაგზავნილი შეტყობინებების თაობაზე უტყუარად დადასტურებულია ე. გ-სა და ალ. კ-ს მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმებით და ირკვევა, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს, 17:37 საათიდან 18:02 საათამდე, ე.გ-მ მართლაც მისწერა ქალიშვილს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც უთითებდა თავის ადგილსამყოფელს (ო-ს ქუჩა) და საშველად იხმობდა, მოგვიანებით კი სთხოვდა, არ დაეტოვებინა და არსად წასულიყო.

12. ა. კ-ს პოლიციისათვის შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელების: ზ. ხ-სა და გ. ბ-ს ჩვენებებით ირკვევა, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს შ. ა----ს საცხოვრებელ სახლთან მისულებს ადგილზე დახვდათ დაზარალებულის ქალიშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ შ. ა-ს თავის სახლში გამოკეტილი ჰყავდა და ძალადობდა მის დედაზე. დააკაკუნეს, თუმცა ბინის კარი არავინ გააღო. დაზარალებულის ნათესავმა - ი. მ-მ აგურით ჩაამტვრია ფანჯარა, რის შემდეგაც შ.ა-მ კარი გააღო. ბინაში დახვდათ ე. გ..., რომელსაც აშკარად ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი, რაშიც ამხელდა შ.ა-ს.

13. ასევე, მოწმე ი. მ-ს გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადასტურებულია, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს სწორედ მან ჩაამსხვრია აგურით შ. ა-ს ბინის ფანჯარა, რადგან მას თავის ბინაში ჰყავდა გამოკეტილი ე. გ. და მიუხედავად პოლიციელების მოწოდებისა, კარს არ აღებდა. იგი დაუყოვნებლივ შევიდა შ.ა-ს ბინაში, სადაც ჩაბნელებული საძინებლის კუთხეში ნახა დაზარალებული, რომელიც ხმას ვერ იღებდა, შიშისაგან კანკალებდა და თვალნათლივ ეტყობოდა დაზიანებების კვალი, მოსდიოდა სისხლი. ე. გ-ს გადმოცემით, შ. ა. მოითხოვდა მისგან ღალატის აღიარებას, სცემა და გარეთ არ უშვებდა.

14. გარდა მოწმეების ჩვენებებისა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ შ. ა. ტყვეობიდან დახსნილ ე. გ-ს თვალნათლივ ემჩნეოდა მეუღლის მხრიდან ძალადობის კვალი, შემთხვევის დღეს დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებები უტყუარად დგინდება 2018 წლის 24 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით, ე. გ-ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში: მარცხენა თვალბუდის არეში, ორივე ქუთუთოზე - მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი, ასეთივე სისხლნაჟღენთი -მარჯვენა მხრის ზედა მესამედში, ასევე შუა მესამედში, კისრის მარჯვენა გარეთა ზედაპირზე და მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში.

15. 2018 წლის 11 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ შ. ა-ს ბინას ჰქონდა ხის კარი, ლითონის ჩამკეტითა და გასაღებით. კარის შესასვლელის გვერდით, ბინიდან აივანზე გამომავალ ფანჯარას, რომელიც იყო ჩამსხვრეული, შიგნიდან ჰქონდა ლითონის გისოსი. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა აგური, თმის გროვა, ბალიშის პირი და პირსახოცი მოწითალო, სისხლისმაგვარი ლაქებით, რომლებიც 2018 წლის 20 დეკემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე. გ-ს.

16. ამდენად, საკასაციო პალატა ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ შ. ა-ს ბინაში მყოფი ე. გ. დაექვემდებარა იმგვარ მოპყრობას, რომელიც ნორმალური ფსიქიკისა და განვითარების ადამიანში შიშის აღმძვრელია.

17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულ ე. გ-ს გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია საქმის არსებით გარემოებებთან მიმართებით ზედმიწევნით თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობა შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს როგორც ფაქტების უტყუარად დადგენას, ასევე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ე. გ-ს გამოკითხვის ოქმით დადასტურებულია, რომ შ. ა. თავის ბინაში მყოფ დაზარალებულს ცემითა და მუქარით აიძულებდა ღალატის აღიარებას, რის გამოც სცემა, დააშინა და ბინაში გამოკეტა, აუკრძალა ოთახიდან გამოსვლა და ტელეფონით სარგებლობა. დაზარალებულის მონათხრობით აშკარად გამოკვეთილია, რომ მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულის იძულების ხერხი, გარდა ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედებისა, ასევე იყო მისთვის გადაადგილების თავისუფლების აღკვეთა; 2018 წლის 11 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შესასვლელი კარის გვერდით, რომელიც გარედან ჩაუკეტა შ. ა-მ ე. გ-ს, ბინას ჰქონდა აივანზე გამავალი ფანჯარა, შიგნიდან გისოსებით, რაც ასევე შეუმცირებდა დაზარალებულს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას; ა. კ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებული იყო მართლაც უკიდურესად დაშინებული, ვინაიდან სატელეფონო საუბრისას ვერ გაუმხილა ქალიშვილს, სად იყო და რა სჭირდა და მხოლოდ მას შემდეგ სთხოვა შველა, როდესაც შ. ა-მ დაიძინა; 2018 წლის 11 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება შ. ა-ს ფიზიკური ძალადობა ე. გ-ზე, რომლის კვალი აღმოჩენილია დაზარალებულის სხეულსა და შემთხვევის ადგილზე; მოწმეების: ა. კ-ს, ი. მ-ს, ზ. ხ-სა და გ. ბ-ს ჩვენებებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შ.ა-მ, ე. გ-ს ოჯახის წევრებისა და პოლიციის მოწოდებების მიუხედავად, მხოლოდ მას შემდეგ გააღო კარი, რაც აგურით შეამტვრიეს ბინის ფანჯარა და მისთვის აშკარა იყო, რომ დანაშაულში ამხილეს; შ. ა-ს ბინიდან ე.გ-ს სამშვიდობოს გამოყვანა მხოლოდ პოლიციისა და დაზარალებულის ნათესავების ჩარევით გახდა შესაძლებელი.

18. საკასაციო პალატა დაზარალებულ ე. გ-ს გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებასთან მიმართებით საჭიროდ მიიჩნევს, მოიშველიოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე ,,ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ შემუშავებული პრინციპების მიხედვით, აუცილებელია სამ ეტაპად იქნეს შესწავლილი სამართალწარმოების შესაბამისობა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ და მე-3 (დ) პუნქტებთან, როდესაც სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების სახით გამოყენებულ იქნა იმ მოწმის ჩვენება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს და არ დაუკითხავთ. სასამართლომ უნდა შეისწავლოს:

(i) არსებობს თუ არა მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი და შედეგად შესაძლებელია თუ არა დაუსწრებელი მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენებების გამოყენება;

(ii) არის თუ არა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი, ან გადამწყვეტი საფუძველი;

(iii) არსებობს თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის -ქმედითი პროცესუალური გარანტიები, რათა დაცვისთვის გადაუმოწმებელი მტკიცებულებების დაშვებით მიყენებული ზიანი დაბალანსდეს და უზრუნველყოფილი იყოს მთლიანი სასამართლო განხილვის სამართლიანობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება N9154/10 საქმეზე ,,ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ“ Schatschaschwili v. Germany, [GC], §105-107).

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებობდა დაზარალებულის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი - ე. გ- იმყოფებოდა საზღვარგარეთ და საკმარისი ქმედითი პროცესუალური გარანტიები, რათა დაცვისთვის გადაუმოწმებელი მტკიცებულების დაშვებით მიყენებული ზიანი დაბალანსებულიყო - სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რა დროსაც როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა წარმოადგინეს თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღეს მოწინააღმდეგე მხარის სამხილების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაიცვეს თავიანთი პოზიციები; იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებული იმყოფებოდა საზღვარგარეთ და ობიექტურად ვერ მოხერხდა მისი ჯვარედინი დაკითხვა, დანაშაულის ჩადენის დროის, ადგილისა და თვითმხილველების გათვალისწინებით, ბრალდების მხარემ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც თანხვდენილი იყო დაზარალებულის გამოკითხვის ოქმთან და რომელიც დაცვის მხარემ უშუალოდ და ზეპირად გამოიკვლია; ყველა დანარჩენმა მოწმემ ჩვენება მისცა სასამართლო განხილვისას და მათი სარწმუნოობა ჯვარედინი დაკითხვით შემოწმდა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულ ე. გ-ს გამოკითხვის ოქმი არ ყოფილა არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მტკიცებულება, ვინაიდან შ. ა-ს ბრალეულობის დასადასტურებლად, გარდა დაზარალებულის გამოქვეყნებული ჩვენებისა, სასამართლოს წარედგინა: მოწმეების - ა. კ-ს, ი. მ-ს, ზ. -სა და გ. ბ-ს ჩვენებები, ე. გ-სა და ალ. კ-ს მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმები, 2018 წლის 11 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა ერთობლიობა ცალსახად მიუთითებდა შ. ა-ს ბრალეულობაზე.

20. საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა სასამართლოს შ. ა-მ, რომლის განმარტებით, 2018 წლის 11 აგვისტოს თავის სახლში ის და ე. გ. შკამათდნენ, რა დროსაც ხელი მოუქნია მას და მიაყენა დაზიანება. დაზარალებულთან ერთობლივად გადაწყვიტა, რომ მეორე დღეს ე. გ. სამსახურში არ წავიდოდა. დაზარალებულმა იცოდა, რომ იგი აპირებდა მის ძმასთან ე. გ-ს შესახებ დალაპარაკებას და ვარაუდობს, რომ შემთხვევის დღეს სწორედ ამის ასარიდებლად მისწერა შეტყობინება ქალიშვილს. მან კატეგორიულად გამორიცხა ე. გ-სათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. არც ტელეფონით სარგებლობა დაუშლია მისთვის, რამდენჯერმე ბინიდან გავიდა კიდეც და ე. გ. სახლში მარტო დატოვა, რა დროსაც თავისუფლად შეეძლო მას, მეზობლებისთვის ეთხოვა დახმარება. სახლი, რომელშიც იმყოფებოდნენ, არის ორსართულიანი, ე.წ. ,,იტალიური ეზოს“ მეორე სართულზე და არ წარმოადგენს პრობლემას აივნის საშუალებით სახლიდან წასვლა.

21. საკასაციო პალატა არ იზიარებს შ. ა-ს განმარტებას, რომ თითქოს, მას ე. გ-სათვის თავისუფლება არ აღუკვეთავს, კარი არ ჩაუკეტავს, არც ტელეფონით სარგებლობა შუზღუდავს და დაზარალებული საკუთარი ნებით იყო მის ბინაში, ვინაიდან საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით: თავად დაზარალებულ ე. გ-ს გამოკითხვის ოქმით, ა. კ-ს, ი. მ-ს, ზ. ხ-სა და გ. ბ-ს ჩვენებებით, მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმებით, 2018 წლის 11 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დთვალიერების ოქმით, სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებიც ზემოთ უკვე მიმოიხილა საკასაციო პალატამ და სარწმუნოდ მიიჩნია.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა, როდესაც ადამიანი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფება გარკვეულ ადგილას, არ არის არჩევანში თავისუფალი და არ შეუძლია შეიცვალოს გადაწყვეტილება და ადგილსამყოფელი. თავისუფლების უკანონო აღკვეთად არ ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც პირს წაუყენებენ მოთხოვნას, არ დატოვოს ესა თუ ის ადგილი და ამ მოთხოვნის შესასრულებლად მის ნებაზე ზემოქმედებენ.

23. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში გვაქვს განსხვავებული მოცემულობა, რადგან შ. ა., გარდა იმისა, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა დაზარალებულზე, ასევე ჩაუკეტა მას ბინის კარი და შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რითაც მსჯავრდებულის ქმედება გასცდა იძულების ფარგლებს და გადაიზარდა თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რომელიც ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია სხვა პირისათვის გადაადგილების თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.

24. საყურადღებოა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ შ. ა-მ ე. გ-ს სახლში გამოკეტვამდე სცემა მას, აუკრძალა ტელეფონით სარგებლობა, კართან მისვლა და საშველად ვინმეს მოხმობა, მაგრამ არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ დაზარალებულისათვის კარგად იყო ცნობილი მსჯავრდებულის კრიმინალური წარსული, რომელიც არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და უგულებელყვეს ე. გ-ს მდგომარეობა, რომელიც იყო აშკარად დაშინებული და მოძალადისაგან მომდინარე საფრთხის განეიტრალება (თვითგადარჩენა) მხოლოდ დროებითი მორჩილებით შეძლო. ასევე, საფუძველს მოკლებულია იმაზე აპელირება, ჰქონდა თუ არა დაზარალებულს საშუალება, დახმარება ეთხოვა, მაგალითად, მეზობლებისათვის, ვინაიდან, ერთი მხრივ, დადგენილია, რომ დაზარალებული იყო ნაცემი და იმდენად დაშინებული, რომ ადგილიდან განძრევას ვერ ბედავდა, ხოლო, მეორე მხრივ, დადასტურებულია, რომ ე. გ-მ მაშინვე ითხოვა შველა, როგორც კი მოძალადემ ყურადღება მოადუნა და დახმარების რეალური შანსი გაუჩნდა. დაზარალებულს ფანჯრიდან გაქცევის შესაძლებლობა რომც ჰქონოდა, რასაც, თავის მხრივ, გამორიცხავს 2018 წლის 11 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, აივანზე გამავალ ფანჯარას შიგნიდან ჰქონდა გისოსი, გასათვალისწინებელია, რომ იგი იყო უკიდურესად შეშინებული და ემუქრებოდა იმწუთიერი და რეალური საფრთხე. ამასთან, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ფორმალური დანაშაულია და იგი იმ მომენტში დამთავრდა, რა წამს შ. ა-მ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა შეუზღუდა დაზარალებულს. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ხარისხს, მთავარია, რომ გადაადგილების უფლება შეიზღუდა მისივე ნების საწინააღმდეგოდ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სმართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ნოემბრის №275აპ-17 განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 14), რაც მოცემულ საქმეში ცალსახად დადგენილია დაზარალებულ ე. გ-ს გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულის მიერ ქალიშვილისათვის გაგზავნილი შეტყობინებებითა და მოწმე ა. კ-ს ჩვენებით.

25. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443-ე, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551-ე, 3811-ე, და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება, მათ შორის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შ. ა-სა და ე. გ-ს ჰყავთ საერთო შვილი და ისინი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ქმედება საჭიროებს დამატებით კვალიფიკაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის.

26. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შ. ა-ს ქმედება, რომელმაც 2018 წლის 11 აგვისტოს მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ე. გ-ზე ფიზიკურად იძალადა, ჩაუკეტა ბინის კარი და უკანონოდ შეუზღუდა გადაადგილების თავისუფლება, სცდება ფიზიკური და ფსიქიკური იძულების ფარგლებს და ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ოჯახის წევრის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დანაშაულს, რაც გათვალიწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით და, ამდენად, უნდა შეიცვალოს შ. ა-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების კვალიფიკაცია და შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში, როგორც ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების, ასევე - სასჯელის ნაწილშიც.

27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

28. სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

29. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), დანაშაულის ჩადენა, მათ შორის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

30. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

31. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, შ. ა-ს ამ დანაშაულისათვის სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა, რომლის დამძიმება, როგორც ამას პროკურორი ითხოვდა საკასაციო საჩივრით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით შეუძლებელია.

32. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის განსაზღვრას, საკასაციო პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს (ეჭვიანობა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის იძულება, ეღიარებინა სხვასთან სქესობრივი კავშირი), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულების ერთობლიობა), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (მსჯავრდებულმა სცემა დაზარალებულს და გამოკეტა თავის ბინაში), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მსჯავრდებულის ურყევ და საშიშ ნებას ოჯახის წევრზე ძალადობით მიეღწია თავისი მიზნისათვის), მის პიროვნებას (შ. ა. წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულმა მიიღო სხეულის დაზიანებები, განიცადა ფიზიკური ტკივილი და სტრესი) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შ. ა-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

33. ამასთან, შ. ა. დანაშაულის ჩადენის დროს - 2018 წლის 11 აგვისტოს იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის და მას დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. შ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ შ. ა-ს სასჯელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. შ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.ვასაძე

მოსამართლეები: ლ.ფაფიაშვილი

მ.გაბინაშვილი