საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.07.2020
საქმის ნომერი
2კ-99აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100119002944149

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №99აპ-20 ქ. თბილისი

მ–ე თ., 99აპ-20 7 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი ანა ლეკიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: თ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. მ–ს, - დაბადებულს ..... წელს, - ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 5 მარტს, დღის საათებში, ქ......, ...... ქ.№... ,,..“ ბლოკში მდებარე, მ. მ–ის კუთვნილ ბინა №..-ში თ. მ–ე მ. ო–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მ. ო–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენით თ. მ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, თ. მ–ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა თ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; საქმეში არ მოიპოვება ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა თ. მ–ის დამნაშავედ ცნობისათვის. საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულს სასამართლოსთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია პირის ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ. პირიქით, 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა მ. ო–მ უარყო თ. მ–ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი, კერძოდ: მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ მუშაობს მ. მ–სთან ძიძად. 2019 წლის 5 მარტს, დილის 08:30 საათიდან საღამოს 18:30 საათამდე, იმყოფება მის მცირეწლოვან შვილთან. შუადღის საათებში დაურეკა მ–მ და უთხრა, რომ ბავშვი არ ჩაეყვანა ეზოში, თვითონ დაბრუნდებოდა სამსახურიდან ადრე და გაასეირნებდა. დაახლოებით 16 საათზე, ახალი გაღვიძებული იყო ბავშვი, როდესაც მათთან მივიდა მ. მ–ის ყოფილი მეუღლე, თ. მ–ე და მოითხოვა ბავშვის სასეირნოდ წაყვანა. მ. ო–მ ბავშვის წაყვანაზე უთხრა უარი, რადგან მის სასეირნოდ წაყვანას აპირებდა დედამისი. როდესაც თ. მ–ე გამოვიდა ბავშვის ოთახიდან, განაწყენებულმა, მ. ო–ს ჰკითხა, თვითონაც ხომ ჰყავდა შვილი და დადებითი პასუხის შემდეგ სახლიდან წავიდა. მ. ო–მ დაურეკა მ–ს და უამბო მომხდარი ფაქტის შესახებ, რის შემდეგაც, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, მ–ს დაურეკავს პოლიციაში. მ. ო–მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას უარყო თ. მ–ის მხრიდან მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი. აღნიშნა, რომ თ. უბრალოდ ნაწყენი იყო, ბავშვი რომ არ გაატანა სასეირნოდ, თორემ რომ დამუქრებოდა, თვითონვე დარეკავდა 112-ში. მ–ს დაურეკა იმიტომ, რომ შეეშინდა, როდესაც თ–მა ჰკითხა, შვილი ხომ გყავსო. როდესაც პოლიცია მივიდა მასთან დაკითხვაზე, იყო ანერვიულებული, რადგან პოლიციასთან მანამდე შეხება არ ჰქონია, არ ჰქონდა სათვალე და არ წაუკითხავს, რა ეწერა გამომძიებლის მიერ დაწერილ ჩვენებაში, იგი ენდობოდა სამართალდამცველებს.

8. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ. ო–მ გამორიცხა მის მიმართ თ. მ–ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის საკანონმდებლო ფორმულირების თანახმად, ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდეს, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ( მათ შორის მუქარის ფორმის, ვითარების, თავად მუქარის განმახორციელებული პირის პიროვნული მახასიათებლების და მსხვერპლის მდგომარეობის გათვალისწინებით). მართალია, მუქარის რეალურობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული დასაშვები მტკიცებულებებით ( იმ პირობებში როდესაც დაზარალებულმა ცალსახად გამორიცხა მის მიმართ თ. მ–ის მხრიდან მუქარის ფაქტი, ხოლო მ. მ–მ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, ამასთან, სასამართლო სხდომაზე არ დაიკითხა გამომძიებელი თ. ს–ე) ვერ დგინდება, რომ თ. მ–მ მოცემულ საქმეზე პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილ მ. ო–ის მიმართ ნამდვილად ჩაიდინა მუქარა.

9. რაც შეეხება კასატორის მითითებას თ. მ–ისა და მ. მ–ის მიმოწერის ამსახველ ე.წ. ,,სქრინშოთებზე“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. საკასაციო სასამართლო განმარტავს რომ მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის 78-ე მუხლი პირის დაკითხვას უკავშირებს იმპერატიულად განსაზღვრულ ორ მიზანს: დოკუმენტის ავთენტიკურობისა და წარმომავლობის დადგენას. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ ზოგადად, დოკუმენტის ავთენტიკურობის და წარმომავლობის დასადასტურებლად საკმარისია ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი პირის დაკითხვა, თუმცა იმის არჩევა, ვინ უნდა დაიკითხოს, დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე (მათ შორის დოკუმენტის სახეზე, დოკუმენტის მოპოვების ვითარებაზე, დოკუმენტის წარმომდგენი პირის მიერ ჩვენების მიცემაზე და ა.შ.) რათა მიღწეულ იქნეს დაკითხვის ორი კუმულაციური მიზანი - დადგინდეს მტკიცებულების ავთენტიკურობა და წარმომავლობა. მოცემულ შემთხვევაში ასეთი შეიძლება ყოფილიყო ან უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი პირი ან ე.წ. ,,სქრინშოთის“ მიმწოდებელი პირი (მ. მ–ე). სხვა პირის დაკითხვა იმ პირობებში როდესაც მ. მ–მ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, ვერ უზრუნველყოფდა სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზანს, ვინაიდან მას არ აქვს ინფორმაცია ამ დოკუმენტის წარმოდგენასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ( წარმომავლობა).

10. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმე მ. მ–მ ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს რომ დაუშვებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ირიბი ჩვენებები ( იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №1აგ-19; №746აპ-19; N 550აპ-19).

11. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ(იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დაადგინა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე