განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 22.07.2020
საქმის ნომერი
40აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
22.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142220700113995

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №40აგ-20 22 ივლისი, 2020 წელი

გ-ი გ., 40აგ.-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინებაზე.

1. საპროცესო მოქმედებები:

1.1. 2017 წლის 9 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

1.2. 2020 წლის 8 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მსჯავრდებულმა გ. გ-მა და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის N1/19/1265,1318 გადაწყვეტილების შესაბამისად.

1.3. 2020 წლის 25 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად ცნო.

1.4. 2020 წლის 8 ივლისს გ. გ-ის ადვოკატმა დ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმება და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობის განსახილველად დაშვება.

2. საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, რომლითაც განსაზღვრულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები.

2.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის N1/19/1265,1318 გადაწყვეტილების თანახმად, მოსახმარად გამოუსადეგარი ნარკოტიკული საშუალების ოდენობა უნდა დადგინდეს კონკრეტული საქმის გარემოების ინდივიდუალური შეფასების შედეგად, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარებით უნდა შეაფასოს საქმის განმხილველმა სასამართლომ.

2.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა იმაზე, რომ, მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით გ. გ-ი მსჯავრდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების - 0,00069 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) და 0,000105 გრამი ამფეტამინის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, მაგრამ მსჯავრდებულს სასამართლოში არ წარმოუდგენია და შუამდგომლობას არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ზემოთ მითითებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა წარმოადგენს მოსახმარად გამოუსადეგარ ოდენობას.

2.4. 2020 წლის 8 ივლისს მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატმა დ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმება და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობის განსახილველად დაშვება. აღნიშნულ საკასაციო საჩივარს თან დაურთო 2020 წლის 7 ივლისის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N--- დასკვნა.

2.5. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი, წონით 0,00069 და ამფეტამინი, წონით 0,000105 გრამი არ შეესაბამება ერთჯერადი გამოყენებისთვის ვარგის დოზას.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს, რომ საკასაციო სასამართლომ გააუქმოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.

3.2. საკასაციო საჩივრის ავტორი ამ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს არ ჰყავდა ადვოკატი. ადვოკატის აყვანის შემდეგ, 2020 წლის 3 ივლისს, დაინიშნა ნარკოლოგიური ექსპერტიზა. 2020 წლის 7 ივლისის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N--- დასკვნის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი, წონით 0,00069 გრამი და ამფეტამინი, წონით 0,000105 გრამი არ შეესაბამება ერთჯერადი გამოყენებისთვის ვარგის დოზას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1 საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით არსებობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებულ გ. გ-ის განაჩენის გადასინჯვის იურიდიული საფუძველი, რადგან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის N1/19/1265,1318 გადაწყვეტილება.

4.2 აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის.

4.3 ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 23-ე პუნქტის თანახმად, „წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის ქმედება ნარკოტიკული საშუალების მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით შეძენა-შენახვას, უნდა დადგინდეს კონკრეტული საქმის გარემოების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარის და საქმის განმხილველი სასამართლოს (სათანადო ცოდნის მქონე სპეციალისტის დახმარებით) შესაფასებელია წარმოადგენს თუ არა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება/ნარკოტიკულ საშუალებათა ნარევი მოსახმარად გამოსადეგ ოდენობას“.

4.4 დაცვის მხარემ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივართან ერთად, წარმოადგინა ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სათანადო ცოდნის მქონე სპეციალისტის გამოკვლევებს ეყრდნობა.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინება გაუქმდეს;

3. მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ დაუშვას მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი