დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.07.2020
საქმის ნომერი
9აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
02.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №9აგ-20 თბილისი

გ-ე გ-ი, 9აგ-20 2 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით გ. გ-ე, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი, რაც ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2014 წლის 16 სექტემბრიდან იმავე წლის 18 სექტემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა 500 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. განაჩენის მიხედვით, გ. გ-ეს მსჯავრი დაედო პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვასა და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ü 2014 წლის 4 ივლისის დადგენილებით ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა გ. გ-ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა მცირე ოდენობით - 0.493 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას“, რაც 2014 წლის 16 სექტემბერს ბ-ში, ჯ-ის ქუჩის --ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიღეს ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსის“ ჩხრეკისას, რომელსაც თვითონ მართავდა;

ü 2014 წლის 4 ივლისის დადგენილებით ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა გ. გ-ემ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, რაც დაუდგინდა 2014 წლის 16 სექტემბერს ბათუმში, ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმებისას.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. 2019 წლის 27 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა გ. გ-ემ და მისმა ადვოკატმა ი. ა-ემ, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვეს: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენების გადასინჯვა და მათი გაუქმება; ამ განაჩენებით შეფარდებული სასჯელისაგან გათავისუფლება და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა; ასევე - ნასამართლობის მოხსნა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ისა და მისი ადვოკატის - ი. ა-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატმა ი. ა-ემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენების გადასინჯვასა და მათ გაუქმებას; ამ განაჩენებით შეფარდებული სასჯელისაგან გ. გ-ის გათავისუფლებასა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენას; ასევე - ნასამართლობის მოხსნას იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ისა და მისი ადვოკატის - ი. ა-ის მიერ შუამდგომლობაში მითითებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმესთან მიმართებით არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მაგრამ, ვინაიდან დასაშვებობის ეტაპი უკვე გადალახულია, კერძოდ: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად ცნო შუამდგომლობა და 2019 წლის 11 დეკემბერს გამოიტანა განაჩენი, საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვალდებულია, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განიხილოს დასაშვებობის შემოწმების გარეშე.

4. კასატორის მიერ მითითებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ, ვინაიდან იგი ეხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენების დაუშვებლობას ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მხოლოდ მოხმარებისათვის, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით გ. გ-ე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისა და მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვისათვის. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატ ი. ა-ის საჩივარი არ ემყარება რაიმე სამართლებრივ მოთხოვნას და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ის ადვოკატ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე