დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802220003733139
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№29I-20 ქ. თბილისი
გ. ვ., 29I-20 29 ივნისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. გ-ს მიმართ რუსეთის ფედერაციაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2014 წლის 1 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ... მთავარმა საგამოძიებო სამმართველომ გამოიტანა დადგენილება ვ. გ-ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, ვ. გ-ს ბრალი დაედო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
იმავე დღეს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ... მთავარი საგამოძიებო სამმართველოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა ვ. გ.ს ძებნა.
2015 წლის 7 აპრილს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ... რაიონული სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების გადაწყვეტილებით გამოცხადდა ვ. გ.ს მიმართ საერთაშორისო ძებნა.
2015 წლის 13 მაისს რუსეთის ფედერაციის ... რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ვ. გ.ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
2016 წლის 28 აპრილს გამოცხადდა ვ. გ.ს ძებნა ინტერპოლის არხებით.
რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ვ. გ.ს მიმართ რუსეთის ფედერაციაში ბრალად წარდგენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2011 წლის 1 მაისიდან 2012 წლის 29 დეკემბრამდე დროის მონაკვეთში, რუსეთის ფედერაციის ქ. ... შპს „...“ ფაქტობრივი მფლობელი - ვ. გ., შპს „...“ გენერალური დირექტორი - ა. კ. და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები წინასწარ შეკავშირდნენ რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი სახსრების მოტყუებით დაუფლებისათვის. ამ მიზნით მათ ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი ჯგუფი და შეიმუშავეს გეგმა, რომლის გამოყენებითაც განიზრახეს დღგ-ის ანაზღაურების უფლების უკანონოდ წარმოქმნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, კერძოდ: მოცემული პირები შეთანხმდნენ, მოეძიებინათ შპს „...“ მიერ 2011 წლის 1-ლი, მე-2 და მე-3 კვარტლებისა და 2012 წლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 კვარტლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის შიდა ბაზარსა და საზღვარგარეთ საქონლის შეძენასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული საბუღალტრო და სხვა სახის დოკუმენტები, რომლებიც თითქოსდა დაადასტურებდა, რომ საქონელი არ იყო მთლიანად რეალიზებული და ინახებოდა შპს-ს კუთვნილ საწყობებში, რასთან დაკავშირებითაც შპს ,,...“, რუსეთის ფედერაციის საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, წარმოექმნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დღგ-ის ანაზღაურების უფლება.
შემდგომ ჯგუფის წევრები საგადასახადო ორგანოში წარადგენდნენ საგადასახადო დეკლარაციებს, რომლებშიც განზრახ იქნებოდა მითითებული მცდარი მონაცემები საწყობებში არსებული საქონლის ნაშთისა და მათი ღირებულების შესახებ.
ზემოაღნიშნულის განხორციელების მიზნით, არაუგვიანეს 2012 წლის 29 დეკემბრისა, ვ. გ-მა, ა. კ-მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის მიზნით, დაამზადეს და დამატებით მოიძიეს დოკუმენტები, რომლებიც თითქოსდა მოწმობდა, რომ საქონელი რეალიზებული იყო საწყობიდან ვ. გ.ს კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ დადებული საკომისიო ხელშეკრულებების საფუძველზე.
ა. კ-მ, როგორც შპს ,,...“ გენერალურმა დირექტორმა, რომელიც მოქმედებდა დანაშაულებრივ ჯგუფში მისთვის დაკისრებული როლის შესაბამისად, 2012 წლის 29 დეკემბერს, ქ. ..., ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურში წარადგინა შპს ,,...“ 2011 წლის 1-ლი, მე-2 და მე-3 კვარტლებისა და 2012 წლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 კვარტლების საგადასახადო დეკლარაციები, რომლებიც შეიცავდა მცდარ მონაცემებს რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ასანაზღაურებელი დღგ-ის - 183 507 357 რუსული რუბლის ოდენობით თანხის გაანგარიშების შესახებ. წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო ორგანომ დაარეგისტრირა იმავე დღეს. აღნიშნულის შემდეგ, ვ. გ-მ და ა. კ-მ, საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას, საგადასახადო ორგანოში განზრახ წარადგინეს მცდარი მონაცემების შემცველი დოკუმენტები, რომლებიც თითქოსდა ადასტურებდნენ საგადასახადო დაქვითვის საფუძვლიანობას.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოცემულმა პირებმა დანაშაულებრივი ქმედება ვერ დაასრულეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვინაიდან საგადასახადო ორგანომ, შპს „...“ მიმართ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე, 2013 წლის 1 ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება 183 507 357 რუსული რუბლის დღგ-ის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.
2. ვ. გ.ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2017 წლის 27 მაისს ვ. გ. ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2017 წლის 29 მაისს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ვ. გ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2017 წლის 9 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ. გ.სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2017 წლის 29 მაისის განჩინების შეცვლის თაობაზე.
2017 წლის 3 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ვ. გ.ს ექსტრადიციის თაობაზე რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2017 წლის 25 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ვ. გ.ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი - 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. 2020 წლის 15 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ვ. გ.ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის .... მთავარი საგამოძიებო სამმართველოს 2014 წლის 1 სექტემბრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 ივნისის განჩინებით საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის - დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. გ.ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ... მთავარი საგამოძიებო სამმართველოს 2014 წლის 1 სექტემბრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით).
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ვ. გ.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ნ. საკასაციო საჩივრით ითხოვს, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 მაისის განჩინება, შემდეგი საფუძვლებით:
6. 2020 წლის მაისის ბოლოს დაცვის მხარემ საქართველოს გენერალური პროკურატურისგან სრულიად მოულოდნელად მიიღო ინფორმაცია, რომ ისინი სასამართლოში ვ. გ.ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შუამდგომლობის შეტანას აპირებდნენ. მიუხედავად დაცვის მხარის თხოვნისა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაცვის პოზიციის მოსამზადებლად რუსეთის ფედერაციიდან საჭირო მასალებისა და მტკიცებულებების ქართულ ენაზე სათარგმნელად მიეცა შესაბამისი დრო, პროკურატურამ მითითებული არ გაითვალისწინა და მაინც მიმართა სასამართლოს ზემოაღნიშნული შუამდგომლობით. თავის მხრივ, სასამართლომაც გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და დაცვის მხარეს არ მისცა დრო მასალების სრულად სათარგმნელად, რის გამოც დაცვის პოზიციის მტკიცებამ აზრი დაკარგა.
7 საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ვ. გ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავისი პოზიცია დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე მასალა თუ შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. რუსეთის ფედერაციაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვ. გ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 27 მაისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. დაცვის მხარის მთავარ პრეტენზიას წარმოადგენს ის, რომ მათ თავდაპირველად საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ხოლო მოგვიანებით კი - სასამართლომ არ მისცა საჭირო დრო დაცვის პოზიციის მტკიცებისათვის აუცილებელი მასალის ქართულ ენაზე სათარგმნელად, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. 2020 წლის 27 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ვ. გ.ს ადვოკატ გ. ნ-ს, ხოლო 29 მაისს - ვ. გ-ს აცნობა, რომ გენერალური პროკურატურა აპირებდა თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიემართა ვ. გ.ს ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე. 2020 წლის 1 ივნისს ადვოკატმა გ. ნ-მ საქართველოს გენერალური პროკურატურისგან ითხოვა 2 - კვირიანი ვადა დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტების ქართულ ენაზე სათარგმნელად, რაც პროკურატურამ არ გაიზიარა. 2020 წლის 7 ივნისს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-62 პუნქტის შესაბამისად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ვ. გ.ს ადვოკატმა ბრალდების მხარეს გაუცვალა ის დოკუმენტები, რომელთა წარდგენასაც აპირებდა სასამართლოში. ბრალდების მხარის პოზიციით, ვინაიდან ეს დოკუმენტები რუსული ენიდან სამართალწარმოების ენაზე - ქართულად არ იყო ნათარგმნი, ისინი წარმოადგენდნენ დაუშვებელ მტკიცებულებებს. სასამართლომ გაიზიარა გენერალური პროკურატურის პოზიცია და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით დაცვის მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ვ. გ.ს მიმართ საექსტრადიციო წარმოება დაწყებულია 2017 წლის 29 მაისს - საქართველოში ვ. გ.ს რუსეთის ფედერაციაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილის სახით დაკავების მომენტიდან. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც სასამართლომ დაუშვებლად ცნო, დათარიღებულია 2013-2019 წლებით, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება იმისათვის, რომ აღნიშნული მასალა დროულად ეთარგმნა და კანონით დადგენილი წესით წარმოედგინა. ამასთან, დაცვის მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რა საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო 2017 წლიდან - პროკურატურის მიერ შუამდგომლობის შეტანამდე დოკუმენტების სამართალწარმოების ენაზე დროულად გადათარგმნა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნაწილი არ არის დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ნაწილს არ ერთვის შესაბამის ორგანოში რეგისტრაციის თარიღი, ბეჭედი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა აუცილებელი რეკვიზიტი.
7. რაც შეეხება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ვ. გ.ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ შესაძლო დევნისა და უფლებების შელახვის რისკებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, კერძოდ:
8. დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას („შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia) ECtHR, №36378/02, 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით ( „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) ECtHR, №46827/99, 46951/99, 04/02/2005, §70). სიცოცხლის მოსპობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს იმავე მტკიცების სტანდარტითა და გარემოებებით, რაც რელევანტურია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში.
9. მართალია, დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ აპელირებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ვ. გ. რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება დევნასა და უფლებების შელახვის რისკებს, მაგრამ, ამასთან, არც საექსტრადიციო მასალებიდან არ იკვეთება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების შელახვის რაიმე რეალური საფრთხის არსებობა, და, ამდენად, არ არსებობს ექსტრადიციის დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოება.
10. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარმოუდგინა გარანტია, რომ ,,ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად ვ. გ.ს პოლიტიკური მოტივით დევნას მისი რასობრივი კუთვნილების, აღმსარებლობის, ეროვნების ან პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით“ და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ვ. გ. უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობით. იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლები)“. გარდა ამისა, 2019 წლის 25 დეკემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას სამართალწარმოების, წინასწარ პატიმრობაში ყოფნის, ხოლო მსჯავრდების შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსების მთელი დროის განმავლობაში ვ. გ.ს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და იგი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. სისხლის სამართალწარმოების პროცესში არ მოხდება მისი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია. რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ვ. გ.ს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად. მას მიეცემა შესაძლებლობა, ისარგებლოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული ყველა უფლებით.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 ივნისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ვ. გ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი