საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.06.2020
საქმის ნომერი
2კ-49აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.06.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100119002951336

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№49აპ-20 ქ. თბილისი

კ. ი., 49აპ-20 1 ივნისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. კ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებებში. პროკურორის მითითებით, მოწმეებმა - დ. გ-მ და დ. ნ-მ დაადასტურეს, რომ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე შეტყობინების საფუძველზე მისულებმა ნახეს ე. კ. და მისი შვილები, რომლებიც ამხელდნენ ი. კ-ს ძალადობაში, იყვნენ შეშინებულები და მიუხედავად იმისა, რომ ციოდა, ფეხსაცმელებისა და თბილი სამოსის გარეშე, ეზოში ელოდებოდნენ სამართალდამცავებს; სამედიცინო ბარათითა და ე. და ე. კ-ების ვიზუალური დათვალიერების ოქმებით დადასტურებულია, რომ დაზარალებულებს აღენიშნებოდათ სხეულის დაზიანებები; ე. და ე. კაებმა უარი განაცხადეს ოჯახის წევრის - ი. კ-ს წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, თუმცა საქმეში მოიპოვება ვითარების აღდგენის ოქმი, რომელიც არ არის დაზარალებულის ჩვენებაზე დაფუძნებული მტკიცებულება და შესაძლებელია მისი ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. კ-ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობასა და სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ი. კ-ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

წ-ს რაიონის დაბა თ-ში ი. კ. უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში არასრულწლოვანი შვილების - ე. კ-სა და ლ. კ-ს თანდასწრებით, სისტემატური შეურაცხყოფის გზით, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე - ე. კ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

20.. წლის .. მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, წ-ს რაიონის დაბა თ-ში, კ-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ყოფითი ხასიათის თემაზე განაწყენებულმა ი. კ-მ სახის არეში ხელის გარტყმით ფიზიკურად იძალადა თავის არასრულწლოვან შვილზე - ე. კ-ზე. შემთხვევის ადგილზე მყოფმა ე. კ-მ მეუღლეს სთხოვა, შეეწყვიტა შვილის მიმართ ძალადობა, რის საპასუხოდ ი. კ-მ გამოხატა აგრესია, ხოლო შემდეგ თავის არეში ხელის ძლიერი დარტყმით ასევე იძალადა მეუღლეზე - ე. კ-ზე, რის შედეგადაც იგი წაიქცა. ი. კ-ს ძალადობის შედეგად ე. კ-მ და ე. კ-მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ი. კ-ს მიერ მეუღლის - ე. კ-ს მიმართ ფიზიკურ ძალადობას შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - ე. კ. და ლ. კ.

20.. წლის .. მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, წ-ს რაიონის დაბა თ-ში, კ-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ყოფითი ხასიათის თემაზე განაწყენებულმა ი. კ-მ სახის არეში ხელების არაერთჯერადი დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავის არასრულწლოვან შვილზე - ე. კ-ზე. ასევე ფიზიკურად იძალადა შემთხვევის ადგილზე მყოფ მეუღლეზე - ე. კ-ზე, რომელიც ცდილობდა შვილის დაცვას. ძალადობის მომენტში ი. კ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს - ე. კ-სა და მეუღლეს - ე. კ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში.

4. ი. კ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ქვეპუნქტით.

5. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით ი. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

6. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელიც ითხოვდა ი. კ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა ი. კ.ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები (მათ შორის - მოწმეების: დ. გ-ს, დ. ნ-სა და ე. ა-ს გამოკითხვის ოქმები) არის ირიბი; ე. და ლ. კ-ებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები თავიანთი ახლო ნათესავის - ი. კ-ს წინააღმდეგ, ხოლო ე. კ-ს კანონიერმა წარმომადგენელმა უარი განაცხადა მის დაკითხვაზე და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა; ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულებისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით ე. და ე. კ-ებს ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდათ; რაც შეეხება დაზარალებულ ე. კ-ს მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: ა) ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად; ბ) საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულია დაზარალებულ ე. კ-ს ჩვენების შესამოწმებლად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფაქტობრივად (შინაარსობრივად) არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რომელიც ასახულია გამოკითხვის ოქმში. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა - ე. კ-მ ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ი. კ-მ თავისი ოჯახის წევრებზე - ე. და ე. კ-ებზე იძალადა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი