საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.06.2020
საქმის ნომერი
2კ-66აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002512007

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№66აპ-20 ქ. თბილისი

ო. ს., 66აპ-20 9 ივნისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ო-ს ადვოკატ ნ. მ-სა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულ ს. ო-ს ადვოკატმა ნ. მ-მ, რომელიც ითხოვს ს. ო-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში გამართლებას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის შემსუბუქებასა და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის შთანთქმის პრინციპით განსაზღვრას; მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, რომელიც ითხოვს ს. ო-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას.

2. დაცვის მხარის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან ს. ო-ს მტკიცებით, 2018 წლის 15 და 16 ივნისს მან თავად შეიძინა რ. მ-საგან ნარკოტიკული საშუალებები და არა - პირიქით; რ. მ-ს ჩვენება, რომელმაც საკუთარი თავის გადასარჩენად უდანაშაულო პირი ამხილა არჩადენილ დანაშაულში, არის არასანდო; საქმეში წარმოდგენილ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში არსად ჩანს, ვინ ვის გადასცა ნარკოტიკული საშუალება; არ არის უარყოფილი ეჭვი რ. მ-საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაძლო გამოცვლის თაობაზე, ვინაიდან 2018 წლის 15 და 16 ივნისს ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებიდან ნარკოტიკების ამოღებამდე გასულია გარკვეული დრო.

3. ბრალდების მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი, ვინაიდან არასწორად შეფასდა მსჯავრდებულის პიროვნება და დანაშაულის ხასიათი - ს. ო. მხილებულია ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ორ ეპიზოდში, იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების პირობებში, რაც მიუთითებს მის მიდრეკილებაზე ნარკოტიკული დანაშაულისადმი და მას უარყოფითად ახასიათებს.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენით ს. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებისა და ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ს. ო-ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბერის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ს. ო-მა, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,0582 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რომელიც 2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 ლარად გაასაღა რ. მ-ზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბერის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ს. ო-მა, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,0673 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რომელიც 2018 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 ლარად გაასაღა რ. მ-ზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბერის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ს. ო-მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,0152 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რომელიც შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს 2018 წლის 22 ივნისს ს. ო.ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილს დადგენილებით ს. ო-ს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი. ს. ო-მ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები - ,,ოპიუმის“ ჯგუფი და ,,მეთადონი“, რაც 2018 წლის 22 ივნისს დაუდგინდა ნარკოლოგიური შემოწმებისას.

6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს. ო-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ, რომელიც ითხოვდა ს. ო-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ს. ო-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა; საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ს. ო-ს მსჯავრდებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ ყოფილა რ. მ-ს ჩვენება, რომელიც დაცვის მხარემ არასანდოდ მიიჩნია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ დეტალურად შეაფასა როგორც ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენება, ასევე - 2018 წლის 15 და 16 ივნისის ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები და აღნიშნა, რომ კომუნიკაციის ფორმიდან და საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სწორედ ს. ო-მა გაასაღა რ. მ-ზე ნარკოტიკული საშუალება და არა - პირიქით და რაიმე გონივრული ეჭვი ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ არ არსებობს; სააპელაციო სასმართლომ ასევე დეტალურად მიმოიხილა რ. მ-ს თანამშრომლობა საგამოძიებო ორგანოებთან და მართებულად მიიჩნია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების პირობებში ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვები სრულად შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სტანდარტებს; რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ უგულებელყოფილი არ არის ეჭვი ნივთმტკიცებების შესაძლო გამოცვლასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2018 წლის 15 და 16 ივნისის ჩანაწერებში კარგად ჩანს ცისფერ და ლურჯ პოლიეთილენის ნაჭრებში შეფუთული ნივთიერებები, ხოლო 2018 წლის 19 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები მოთავსებული იყო სწორედ ცისფერ და ლურჯ პოლიეთილენის ნაჭრებში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - რ. მ-ს, დ. გ-ს, დ. ბ-ს, გ. ნ-ს, ქ. ჰ-ს ჩვენებებით, ამოღებისა და ჩხრეკის ოქმებით, ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერებით, ჰაბიდოსკოპიური, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ს. ო.ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

11. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ს. ო-ს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის შემსუბუქება ან დამძიმება, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სპეციფიკიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ო.ს ადვოკატ ნ. მ.სა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი