საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1აპ-20 ქ. თბილისი
ო-ი ნ-რ, 1აპ-20 11 ივნისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ნ. ო-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 273-ე მუხლით – ჯარიმა 1000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ. ო-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 4 ოქტომბრიდან იმავე წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით და 2018 წლის 5 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენში აღმოიფხვრა დაშვებული უზუსტობა და ნ. ო-ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. ო-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ადევნება პირადად, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
5. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 3 ოქტომბერს ქ-ში, თ-ის ქ. №--ში მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, ნ. ო-მა სიტყვიერი შელაპარაკებისას მეუღლეს – ი. ს-ეს სახეში დაარტყა ხელი. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2018 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 15:09 საათზე, ქ-ში, წ-ის ქ. №--ში მდებარე ადვოკატის ოფისში, ნ. ო-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი. ს-ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2018 წლის 4 ოქტომბრიდან იმავე წლის 4 დეკემბრის ჩათვლით ნ. ო-ი მეუღლესთან – ი. ს-ესთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონითა და პირადად, რაც იწვევდა დაზარალებულის ტანჯვას. ი. ს-ე ასევე იძულებული გახდა, ცხოვრების ჩვეულებრივი წესი შეეცვალა, კერძოდ, რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი სახლი.
· 2018 წლის 5 დეკემბერს ნ. ო-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების – „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის დადგენილებით ნ. ო-ს დაედო ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაცილ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი გ. კ-ია ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმებას განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ ნ. ო-ისათვის უფლებების ჩამორთვის თაობაზე.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ნ. ო-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001). ამასთანავე, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
11. საკასაციო პალატის აზრით, საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე; სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც
საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე