საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.09.2020
საქმის ნომერი
2კ-381აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119003087849

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №381აპ-20 ქ. თბილისი

გ. რ. , 381აპ-20 8 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. გ.-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ რ. გ.-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. გ.-სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით რ. გ., - დაბადებული …. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111-151-მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ. გ.-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 2 ივნისიდან.

რ. გ.-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 2 ივნისს, დილის საათებში, ქ.რ.-ში, მე-…. მ/რ N../…-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში რ. გ.მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შვიდი თვის ორსულ ს. მ.-ს ყელზე მოუჭირა ხელები, რის გამოც ს. მ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 29 მაისს, შუა დღის საათებში, ქ. რ.-ში, მე-… მ/რ N../…-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში რ. გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შვიდი თვის ორსულ ს. მ.-ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილების - 11 წლის გ. გ.-ის, 10 წლის ბ.-მ გ.-სა და 4 წლის ა. გ.-ის თანდასწრებით, თავისა და ხელების არეში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, ასევე ჩაარტყა მარცხენა ფეხზე. რ. გ.-ის ქმედებებით ს. მ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 25 მაისს, შუადღის საათებში, ქ. რ.-ში მე-…. მ/რ N…/….-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ხოლო 2019 წლის 2 ივნისს დაახლოებით 18:00 საათზე, სატელეფონო კომუნიკაციის დროს, რ. გ.-მ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შვიდი თვის ორსულ ს. მ.-ს უთხრა, რომ მასაც და მის შვილებსაც მოკლავდა. ს. მ.-ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, რადგან 2019 წლის 25 მაისს რ. გ.-მ დამუქრებისას მას შუბლზე მიადო შავი ფერის პისტოლეტი.

2019 წლის 3 ივნისს, 04:50 საათზე, ქ. რ.-ში მე-.. მ/რ N../…-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რ. გ. უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში ასევე უკანონოდ შეძენილ 0.0348 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მეორე ნაწილით (ოპიუმის მოხმარების ფაქტი) ადმინისტრაციულ სახდელდადებულ რ. გ.-ს 2019 წლის 3 ივნისს ქ. რ.-ში, მ.-ის გამზ. N…-ში მდებარე ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმებისას დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება.

4. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და სააპელაციო საჩივრის დაზუსტებული მოთხოვნით იშუამდგომლა სასჯელის შემსუბუქება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

რ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111-151-მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ. გ.-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 2 ივნისიდან.

რ. გ.-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტულისაქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

7. დაცვის მხარე ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება. სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რამალ გუსეინოვისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. სააპელაციო პალატამ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო რ. გ.-ის მიერ ჩადენილი ქმედებების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ რ. გ. დაზარალებულს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და შვიდი თვის ორსულ ს. მ.-ს უთხრა, რომ მასაც და მის შვილებსაც მოკლავდა. ფიზიკურ ძალადობას ოჯახში ორსული ქალის მიმართ გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი, აქვს დამანგრეველი გავლენა მსხვერპლზე და საფრთხეს უქმნის ასევე ნაყოფს.

8. კასატორის განმარტება, რომ დაზარალებულს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია მეუღლის მიმართ და შერიგებულია, ვერ გახდება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსხვერპლის პოზიციას ვერ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების მიხედვით, შეურაცხყოფის მიყენებას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან ორსული მეუღლის მიმართ არასწრულოვანი შვილების თანდასწრებით განხორციელებული ძალადობა უარყოფითად აისახებოდა მათ არასრულწლოვან შვილებსა და ნაყოფზე, არღვევს ბავშვის უფლებას უსაფრთხო გარემოზე, საფრთხის ქვეშ აყენებს ბავშვის სოციალურ განვითარებას, აქვს მოკლე და გრძელვადიანი გავლენა ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოიცავს მათ შორის ბავშვის კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, საზოგადოებრივი და სხვა ინტერესების გათვალისწინების საჭიროებას. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აკისრებს მშობლებს ვალდებულებას თავისი შესაძლებლობისა და ფინანასური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ცხოვრების პირობები (მუხლი 27, პუნქტი 2). ამავე კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, კი საქართველოს ეკისრება ბავშვთა დაცვა მათ შორის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან.

11. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გამოყენებული სასჯელის გამკაცრების საკითხზე.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/20202; Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. გ.-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე