დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802220003933259
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№39I-20 ქ. თბილისი
ჩ. თ., 39I-20 29 სექტემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მ. გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – თ. ჩ.ს (T. Ç.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – თ. ჩ.ს მიმართ თ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2013 წლის 15 თებერვალს თ-ს რესპუბლიკის ზ-ს სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით თ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 38-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად - 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი დაგეგმვით და ამ 3 დანაშაულის წაქეზება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით, თ. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თ-ს რესპუბლიკიდან მიღებული საექსტრადიციო მასალების თანახმად, თ. ჩ.ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
- მ-მ ა-მ თ. ჩ-ს ასესხა 250 000 თურქული ლირა. შეთანხმების თანახმად, თ. ჩ-ს გაზის ბიზნესიდან მიღებული მოგების ნაწილი უნდა გადაეცა მ. ა-სათვის და ამ გზით გადაეხადა ვალი. თ. ჩ-მ შეთანხმება არ შეასრულა, რის გამოც მ. ა-მ მიმართა აღსრულების ბიუროს. თ. ჩ. დაემუქრა მ. ა-ს და საჩივრის აღსრულების ბიუროდან გამოტანა მოსთხოვა, რაზეც მან უარი განუცხადა.
- 2008 წლის 14 თებერვალს თ-ს რესპუბლიკის ქ. თ-ში თ. ჩ-მ წააქეზა საკუთარი სიძე, მ. ნ., რათა მას მ. ა-ს მკვლელობა დაეგეგმა. 2008 წლის 9 მარტს მ. ნ. შეხვდა ე-ს და მ. ქ-ს, რომელთაც აცნობა მ. ა-სთან არსებული უთანხმოების შესახებ, რის შემდგომაც ისინი მ. ა-ს მოკვლაზე შეთანხმდნენ.
- 2008 წლის 14 მარტს თ-ს რესპუბლიკის ქ. თ-ში ე-მა. მ. ნ-ს მითითების შესაბამისად, ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულს. ტყვიებიდან ერთი მოხვდა ავტომობილს, ხოლო მეორე - მ. ა-ს, რის შედეგადაც მან მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნულის შემდგომ ე., მ. ქ.ი და მ. ნ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
თ-ს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
2014 წლის 11 ივნისს გამოიცა თ. ჩ.ს დაკავების ბრძანება.
2016 წლის 18 აგვისტოდან თ. ჩ. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. თ. ჩ.ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2017 წლის 21 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თ. ჩ..
2017 წლის 23 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით თ. ჩ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.
2017 წლის 9 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი თ. ჩ.სა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
2017 წლის 31 მარტსა და 18 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თ. ჩ.ს ექსტრადიციის თაობაზე თ-ს რესპუბლიკის შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2017 წლის 16 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თ. ჩ.ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო - 2017 წლის 13 ივნისს.
2017 წლის 19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით თ. ჩ.ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2017 წლის 21 აგვისტომდე.
2017 წლის 23 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი თ. ჩ.სა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
2017 წლის 18 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით თ. ჩ.ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2017 წლის 21 ნოემბრამდე.
2017 წლის 3 ნოემბერს პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით თ. ჩ.ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი, რომლის თანხადაც განისაზღვრა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით თ. ჩ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ გირაოსთან ერთად, აკრძალული აქვს საქართველოს გენერალური პროკურატურის ნებართვის გარეშე საქართველოს ტერიტორიის დატოვება და ამასთანავე, მის ვალდებულებებს წარმოადგენს კვირაში ერთხელ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის რაიონულ პროკურატურაში გამოცხადება და ანგარიშგება.
3. 2020 წლის 14 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა თ. ჩ.ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თ-ს რესპუბლიკის ქ. ზილეს სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განაჩენში და დასჯადია თ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 38-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად - 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი დაგეგმვით და ამ დანაშაულის წაქეზება).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი თ. ჩ.ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თ-ს რესპუბლიკის ქ. ზილეს სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განაჩენში და დასჯადია თ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 38-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლივად - 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი დაგეგმვით და ამ დანაშაულის წაქეზება).
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. ჩ.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინება და პროკურატურას უარი ეთქვას თ. ჩ.ს ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, შემდეგი საფუძვლებით:
6. თ. ჩ. ბრალს არ აღიარებს, არანაირი დანაშაული მას არ ჩაუდენია და მისთვის წარდგენილი ბრალდებები არის აბსურდი, რის გამოც მას შეელახა სამართლიანი სასამართლოს უფლება; თ. ჩ. საქართველოში ცხოვრობს თავისი ოჯახის წევრებთან ერთად, რომელთაც სურთ საქართველოს მოქალაქეობის მიღება, რისი გათვალისწინებითაც, დაირღვევა „ოჯახის ურღვევობის“ პრინციპი; ამასთან, ექსტრადიციის შემთხვევაში იგი შეიძლება ასევე გახდეს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მხვერპლი, რადგან საქართველოში ცხოვრებისას მან შეიცვალა სარწმუნოება და მოინათლა ქრისტიანად. ამ საფუძვლით თ-ს რესპუბლიკაში სისტემატურად ხდება ადამიანზე ფიზიკური ძალადობა და მკვლელობაც კი; თ-ს რესპუბლიკაში განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად და არ არსებობს გარანტია, რომ თ. ჩ-ს მიეცემა თავისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა და არ იქნება უზრუნველყოფილი თ-ს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით.
7 საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. ჩ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავისი პოზიცია დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე მასალა თუ შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თ-ს რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თ. ჩ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 21 თებერვალს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. ჩ.ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის შესახებ, კერძოდ:
5. დაცვის მხარე განმარტავს, რომ თ. ჩ-ს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მისი ბრალდება აბსურდულია, რითაც დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ხსენებულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. ჩ.ს ბრალეულობის/მსჯავრდების საფუძვლიანობის საკითხი არ განიხილება, არამედ - სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმის თაობაზე, ხომ არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. ამასთან, თ-ს რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების მიხედვით, თ. ჩ.ს საქმეში არ იკვეთება რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ-ს რესპუბლიკაში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
6. დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ ექსტრადიის შემთხვევაში დაირღვევა თ. ჩ.ს „ოჯახის ურღვევობის“ პრინციპი და ამასთან, იგი შესაძლოა, რელიგიური ნიშნით დაექვემდაბაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე, შესაძლოა, მის სიცოცხლესაც კი დაემუქროს საფრთხე, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს შემდეგს:
7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისათვის სახელმწიფოთა შორის არსებული თანამშრომლობა ექსტრადიციის საკითხებზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირადი ან ოჯახური ცხოვრება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის კანონიერ მიზანს, რომელსაც პირის ექსტრადიცია მიემართება. ანალოგიურ შემთხვევებში უფლებაში ჩარევის პროპორციულობის შესაფასებლად სასამართლო მხედველობაში იღებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმესა და უფლებაში ჩარევის ინტენსივობას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (King v. The United Kingdom), no. 9742/07).
8. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებით დგინდება, რომ, მართალია, თ. ჩ. საქართველოში ცხოვრობს თავისი ოჯახის წევრებთან ერთად, მაგრამ ყველა მათგანი თ-ს რესპუბლიკის მოქალაქეა და ამდენად, ისინი ყოველგვარი შეზღუდვებისა და დაბრკოლებების გარეშე შეძლებენ თ-ს რესპუბლიკაში მის მონახულებას, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ზემოაღნიშნული უფლების დარღვევის საფრთხე.
9. თ. ჩ.ს რელიგიური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებaზე:
10. დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia) ECtHR, №36378/02, 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით („მამატკულოვი და ასკაროვი თ-ს წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) ECtHR, №46827/99, 46951/99, 04/02/2005, §70).
11. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას. აღნიშნულის თაობაზე მტკიცების ტვირთი აკისრია დაცვის მხარეს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „მამატკულოვი და ასკაროვი თ-ს წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) No 46827/99 46951/99, ECHR [GC], 73).
12. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის რელიგიური ნიშნით დევნის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, ამასთან, არც საექსტრადიციო საქმის მასალებიდან იკვეთება და ვერც საქართველოს პროკურატურამ მოიძია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თ. ჩ.ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობას, კასატორის მხოლოდ ზოგადი მითითება უფლებების დარღვევის რისკების არსებობის შესახებ, ვერ იქნება საკმარისი საფუძველი ექსტრადიციის განხორციელებაზე უარის თქმისთვის.
13. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თ-ს რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თ-ს რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თ-ს რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. სწორედ ამიტომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „ჩენტიევი და იბრაგიმოვი სლოვაკეთის წინააღმდეგ“ (Chentiev and Ibragimov v. Slovakia), App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის კიდევ ერთ პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან თ-ს რესპუბლიკაში თ. ჩ.ს ბრალდების საქმე განხილულია მის დაუსწრებლად, იგი არ იქნება უზრუნველყოფილი თ-ს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა საქართველოს შესაბამის ორგანოებს წარმოუდგინეს გარანტია, რომლის თანახმად, თ. ჩ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა და ამასთან, იგი ხელახალი სასამართლო განხილვის პროცესში უზრუნველყოფილი იქნება მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. ჩ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი