შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 12.11.2020
საქმის ნომერი
2კ-468აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.11.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141318002314121

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№468აპ-20 ქ. თბილისი

ნ. ვ, 468აპ-20 12 ნოემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიასა და მსჯავრდებულების - ვ. ნ-ს, ა. კ-ს, ს. ო-ს, ჯ. ს-სა და ჯ. ნ-ს ადვოკატების - გ. ნ-სა და გ. ქ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ და მსჯავრდებულების - ჯ. ნ-ს, ა.კ-ს, ს- ო-ს, ჯ. ს-სა და ვ ნ-ს ადვოკატებმა - გ. ნ-მ და გ. ქ-მ.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზაზა ცქვიტარია ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულების - ვ. ნ-ს, ა. კ-ს, ს. ო-ს, ჯ. ს-სა და ჯ. ნ-ს დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ი. ფ-ს, მოწმეების - ი. დ-ს, გ-ს, თ. სს, ლ. შ-ს, ჟ. ა-ს, ი-სა და ს. ქ-ს ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულების შენობაში შეჭრის შემდეგ მომხმარებლები იძულებულნი გახდნენ, გარკვეული დროით შეეწყვიტათ თამაში, დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და დაწესებულებამ 5-20 წუთით შეწყვიტა ნორმალური ფუნქციონირება; დაზარალებულების - ა. გ-სა და ა. ს-ს ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერებით კი უტყუარად დგინდება, რომ დაცვის პოლიციელებზე თავდასხმა განაპირობა ვ. ნ-ს უკმაყოფილებამ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავთა გამოჩენის გამო და არა მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლის სურვილმა. პოლიციელებზე თავდასხმა მოხდა მანამ, სანამ ისინი მოასწრებდნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას და დაიწყებდნენ წესრიგის დაცვას.

3. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულბის - ვ. ნ-ს, ა. კ-ს, ს. ო-ს, ჯ. ს-სა და ჯ. ნ-ს ადვოკატები - გ. ნ. და გ. ქ. ითხოვენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, მსჯავრდებულების მიმართ სამართალწარმოების პროცესში დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციით გარანტირებული უფლებები; დაცვის მხარე სადავოდ არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ა. ს-ს მიღებული ჰქონდა დაზიანებები, თუმცა გაუგებარია, რატომ დააკავეს სწორედ მსჯავრდებულები, როდესაც ჩხუბში 15-20 პირი მონაწილეობდა; საეჭვოა მსჯავრდებულთა მიერ ა. გ-ს ფიზიკური შურაცხყოფაც, ვინაიდან დაზარალებულს სხეულის დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა; ჯ. ნ. არ მონაწილეობდა ინციდენტში, იგი იდგა დაცვის პოლიციის ავტომანქანასთან; ორივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეფუძნება პოლიციელთა ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, რომლებსაც ნაკლები მტკიცებულებითი ძალა აქვს, ვინაიდან ა. ს. და ა. გ. თავად მოქმედებდნენ აშკარად უკანონოდ; სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს დაცვის მხარის დასაბუთებული არგუმენტები პოლიციელთა შესაძლო მიკერძოების თაობაზე და ექსპერტიზის დასკვნა, რომ დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერი პირთა იდენტიფიცირებისათვის უვარგისია.

4. ვ. ნ-ს, ა. კ-ს, ს. ო-ს, ჯ. ს-სა და ჯ. ნ-ს ბრალად დაედოთ: პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე, ვ. ნ., ა. კ-სთან, ს. ო-სთან, ჯ. ნ-სთან, ჯ. ს-სა და სხვა პირებთან ერთად შევიდა ..... არსებულ სლოტ-კლუბ ...., სადაც შელაპარაკება მოუვიდა სლოტ-კლუბის პერსონალთან, რაც გადაიზარდა ხმამაღალ საუბარში. ინციდენტის თავიდან არიდების მიზნით სპეციალური პულტის მეშვეობით ადგილზე გამოიძახეს დაცვის პოლიციის თანამშრომლები. სლოტ-კლუბში გამოძახებაზე გავიდნენ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის უმცროსი ინსპექტორი ა. ს. და ამავე განყოფილების ინსპექტორი ა. გ.. პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ სლოტ-კლუბიდან გამოსულ ვ. ნ-სა და მის თანმხლებ პირებთან, რა დროსაც ვ. ნ-მ, ა. კ-მ, ს. ო-მ, ჯ. ნ-მ და ჯ. ს-მ გამოთქვეს უკმაყოფილება პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლაზე და თავს დაესხნენ ა. ს-სა და ა.გ-ს, რომელთაც ვ. ნ-მ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა ხელებითა და ფეხებით მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება.

- ვ. ნ. და მასთან ერთად მყოფი ა. კ., ს. ო., ჯ. ნ. და ჯ. ს., განაწყენებულნი იმ ფაქტით, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს, კვლავ მიბრუნდნენ სლოტ-კლუბში, სადაც ვ. ნ-მ და ჯ. ს-მ სლოტ-კლუბის დაცვის თანამშრომელ ი. ფ-ს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ასევე სლოტ-კლუბის თანამშრომლებს, ძალადობის მუქარით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და ხელი შეუშალეს სლოტ-კლუბის ნორმალურ ფუნქციონირებას.

5. ვ. ნ-ს, ა. კ-ს, ს. ო-ს, ჯ. ს-სა და ჯ. ნ-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენით:

- ვ. ნ-ს, - ..., - მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე; ვ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- ა. კ., - დაბადებული ..., - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; ა. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

- ს. ო., - დაბადებული ..., - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; ს. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

- ჯ. ს., - დაბადებული ..., - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; ჯ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

- ჯ. ნ., - დაბადებული ., - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; ჯ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

7. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ; მსჯავრდებულ ს. ო. ადვოკატმა გ.მ; მსჯავრდებულ ჯ.ს-ს ადვოკატებმა - გ. ხ-მ და ო. მ-მ; მსჯავრდებულების - ვ. ნ-ს, ა. კ-ს, ს. ო-ს, ჯ. ს-სა და ჯ. ნ-ს ადვოკატმა - გ. ქ-მ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

- ვ. ნ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე; ვ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

- ა. კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; ა. კ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- ს. ო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; ს. ო-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- ჯ. ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; ჯ.ს-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- ჯ. ნ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; ჯ. ნ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორთა საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების - ვ. ნ-ს, ა. კ-ს, ს. ო-ს, ჯ. ს-სა და ჯ. ნ-ს ადვოკატების - გ. ნ-სა და გ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ვ. ნ-ს, ა. კ-ს, ს. ო-ს, ჯ. ს-ისა და ჯ. ნ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ხულიგნობისთვის, რაც შინაარსობრივად გულისხმობს ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ობიექტური მხრივ ხულიგნობას ახასიათებს შემდეგი ნიშნები: ა) პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი; ბ) ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; გ) ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. აღნიშნული ნიშნებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან: მოწმეების - ი. დ-ს, გ-ს, თ. ს-ს, ჟ. ა-ს, ი-სა, ს. კ-სა და ლ. შ-ს ჩვენებებით ცალსახად არ დგინდება მსჯავრდებულების მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყურდ დაადასტურებდა ვ. ნ-ს, ა. კ-ს, ს. ო-ს, ჯ. ს-სა და ჯ. ნ-ს ქმედებებში ხულიგნობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ელემენტების არსებობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი ბრალდებების ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომლის თანახმადაც, ვ. ნ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ი. ფ-ს, მოწმეების - ს. კ-სა და ლ. შ-ს ჩვენებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირადი მოტივით ჩხუბი ვერაფრით მიიჩნევა ხულიგნობად. დაზარალებულ ი. ფ-ს, მოწმეების - ს. კ-ს, ი-ს, ი. დ-ს, თ. ს-ს და ლ. შ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ი. ფ-ზე ძალადობის კონკრეტული მოტივი იყო ვ. ნ-ს მხრიდან შურისძიება, რომელიც გაანაწყენა შემთხვევის ადგილზე პოლიციელების გამოძახებამ. ამასთან, არასწორია ქვემდგომი ინსტანციების სასამართლობის მითითება ვ. ნ-ს მიერ სისტემატური ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ჩადენაზე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ვინაიდან ქმედების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლოება ვ. -ს მიერ ი. ფ-ზე ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკვალიფიცირეს, რაც ითვალისწინებს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. გარდა ამისა, ბრალდების შესახებ დადგენილებასა და სისხლის სამართლის საქმის მასალებში, მინიშნებაც კი არ ყოფილა ვ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სისტემატურობაზე. საკასაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ. ნ-მ, რომელიც იყო გაბრაზებული შემთხვევის ადგილზე პოლიციელების გამოძახების გამო, შურისძიების მოტივით სცემა ი. ფ-ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და, ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტების ნაცვლად მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, არის კანონიერი, ხოლო შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი.

4. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულთა მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებები გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ. ნ-ს, ა. კ-ს, ს. ო-ს, ჯ. ს-სა და ჯ. ნ-ს მიერ მათთვის ბრალად წარდგენილი ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ ,ვ. ნ-მ, ა. კ-მ, ს. ო-მ, ჯ. ნ-მ და ჯ. ს-მ უკმაყოფილება გამოთქვეს პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლით და პოლიციის მუშაკებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაგან ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტის და შეცლის მიზნით, რათა მათ არ გაეგრძელებინათ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და არ მიეღოთ შესაბამისი ზომები, ძალადობით, ჯგუფურად შეუშალეს ხელი ამ საქმიანობაში“. ამასთან, ფაქტების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვ. ნ-მ, ა. კ-მ, ს. ო-მ, ჯ. ს-მ და ჯ. ნ-მ ჩაიდინეს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ჯგუფის მიერ ე.ი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დისპოზიციაში მითითებული რამდენიმე ალტერნატიული ქმედება, დანაშაულის ჩადენის ყველა ალტერნატიული ხერხით.

6. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ,,მსჯავრდებულების მხრიდან ადგილი არ ჰქონია პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, თავდასხმაში, რაც გულისხმობს აგრესიულ აქტს, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა. ამავე დროს ადგილი აქვს პოლიციელზე მის სამსახურეობრივ, საცხოვრებელ ან და სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას, ასევე მათი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. თავდასხმის ადრესატი შეიძლება იყოს პოლიციელი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, მათი სამსახურეობრივი ან საცხოვრებელი შენობა, მათი სატრანსპორტო საშუალება ანდა მათი ოჯახის წევრი”, რაზეც საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულებს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, - პოლიციელზე ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით, - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა მსჯავრდებულების ქმედებებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის არარსებობა, რომ საერთოდ არ უმსჯელია ბრალად წარდგენილ ქმედებაზე, რომლის ნაცვლად მიმოიხილა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სულ სხვა დანაშაული, რომლის ჩადენასაც მსჯავრდებულებს ბრალდების მხარე არ ედავებოდა.

7. საკასაციო პალატა მიიჩნევს: იმისათვის, რათა სამართლებრივად სწორად შეფასდეს დავის საგნად ქცეული ქმედების კვალიფიკაცია, უნდა გაივლოს ზღვარი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობასა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას შორის; უნდა გაიმიჯნოს ამ დანაშაულთა შემადგენლობებისთვის სავალდებულო ნიშნები და დადგინდეს, მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფა იყო დანაშაულებრივი მიზნის მიღწევის საშუალება, თუ წარმოადგენდა ხელყოფის უშუალო ობიექტს; მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს მსჯავრდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მათი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, რასაც თან სდევდა დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა, თუ მათი ქმედებები პირდაპირ იყო მიმართული, პოლიციელების საქმიანობიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ.

8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულთა მიზანი იყო პოლიციელთა საქმიანობისათვის, კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ძალადობით ხელის შეშლა და შეწყვეტა, არ არის მართებული და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ:

9. დაზარალებულ ა. ს-ს ჩვენებით ცალსახად დგინდება, რომ სლოტ-კლუბთან მისვლისთანავე, სანამ ვითარებაში გარკვევას მოასწრებდნენ, კლუბის შესასვლელშივე მას და ა. გ-ს შეხვდნენ უცხო პირები, რომელთა შორის მყოფმა ვ. ნ-მ მიმართა ა. გ-ს: ,,ძაღლებო, თქვენ ვინ გამოგიძახათო?“, რასაც მოჰყვა სწორედ პოლიციელების მიმართ აგრესიულად განწყობილი მსჯავრდებულების მხრიდან ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც ცხვირი ჰქონდა გატეხილი და სახეზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები; დაზარალებულ ა. გ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე მიახლოებისას სლოტ-კლუბის კართან მას და ა. ს-ს შეხვდნენ ახალგაზრდები, რომელთა შორის მყოფმა ვ. ნ-მ დაიყვირა: ,,როდესაც ჩვენ აქ ვართ, ძაღლებს ვინ დაუძახაო?“, თან პოლიციელებს აგინებდა, რის შემდეგაც, მსჯავრდებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს მას. როდესაც გაქცევით ცდილობდა თავისთვის ეშველა, ზურგსუკან შემოსემა: ,,ჯ- დაიჭირე, ამისი ძაღლი დედა ვატირეო“. ძალადობის შედეგად მას ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა, თუმცა უჩიოდა ტკივილებს.

10. სამედიცინო ექსპერტიზის №... და №... დასკვნების თანახმად: ა. ს-ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა ორ ადგილას, სისხლჩაქცევები ორივე თვალბუდის ქუთუთოებზე და მარჯვენა ყვრიმალის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო, ხოლო ა. გ-ს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა საექსპერტო კვლევისას უჩიოდა მცირე ტკივილს კეფის არეში, რაზეც საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის ხელყოფა გულისხმობს როგორც სხეულის დაზიანების მცდელობას, ისე ფაქტობრივ დაზიანებას და, ამდენად, დანაშაული დასრულებულია ჯანმრთელობის ხელყოფის ანუ ჯანმრთელობის დაზიანების მცდელობის მომენტიდან.

11. საკასაციო პალატამ კრიტიკულად შეაფასა მოწმე პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც ამხელენ მსჯავრდებულებს დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებიდან დაზარალებულების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მათ არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები, რაც არ შეიძლება გახდეს იმის უპირობოდ მტკიცების საფუძველი, რომ ისინი ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით (რის საფუძველზე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, რა ვითარება დახვდათ სლოტ-კლუბთან, რამ გამოიწვია მსჯავრდებულების აგრესია და რა გახდა მათზე ძალადობის მიზეზი, კონკრეტულად ვინ მიაყენათ ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელმა პოლიციელმა გაისროლა გამაფრთხილებლად, ვინ ცდილობდა იარაღის წართმევას, როგორ და რა ფორმით იცავდნენ თავს და ა.შ.) ისინი იძლევიან თანმიმდევრულ და ამომწურავ ჩვენებებს, რომლებიც ზედმიწევნით თანხვდენილია და დასტურდება შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით, რომლებსაც ამ მტკიცებულების თვალსაჩინო ბუნებიდან გამომდინარე, სამხილების შეფასებისას უპირობოდ ძალიან მაღალი წონა აქვს.

12. დაცვის მხარის მოსაზრებაზე, რომ შეუძლებელია შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით ფაქტების უტყუარად დადგენა, ვინაიდან ისინი პირთა იდენტიფიკაციისათვის უვარგისია, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაცვის მხარის ინიციატივით ექსპერტიზა ჩაუტარდა მხოლოდ სლოტ-კლუბის შიდა პერიმეტრზე განთავსებული კამერებისა და გარე პერიმეტრზე არსებული სავალუტო ჯიხურის ჩანაწერებს. პირველ შემთხვევაში პირთა იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა კამერისგან მოქმედების სიშორის, ხოლო მეორე შემთხვევაში - შენობაში სიბნელის გამო. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გაითვალისწინეს, რომ სლოტ-კლუბის შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები იყო ბუნდოვანი და იგი ვერ დაედებოდა საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება სლოტ-კლუბის გარე პერიმეტრზე არსებული კამერების ჩანაწერებს, საყურადღებოა, რომ გარდა სავალუტო ჯიხურისა, საქმეში წარმოდგენილია სლოტ-კლუბ ... და ტოტალიზატორ ... გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს დანაშაულს, არის მკაფიო და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ შეამოწმოს დაზარალებულების მონათხრობის სისწორე და თანმიმდევრულობა. ასევე აღსანიშნავია, რომ დაზარალებულებმა ა. ს-მ და ა. გ-მ სწორედ ამ ჩანაწერების დათვალიერებისას უყოყმანოდ ამოიცნეს დამნაშავეები. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რაიმე ობიექტური გარემოება, რაც დაზარალებულების - ა. ს-სა და ა. გ-ს მიუკერძოებლობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა. დაცვის მხარის მითითება პოლიციელთა მხრიდან უკანონო ქმედებების ჩადენაზე, რამაც, თითქოსდა განაპირობა მათ მიერ ცრუ ჩვენებების მიცემა, უსაფუძვლოა და არ დასტურდება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით. უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შესაძლოა, შეინიშნებოდეს დაზარალებულთა მონათხრობში, მთლიანად აღებული ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად გამორიცხავს დაცვის მხარის მტკიცებას მსჯავრდებულების უდანაშაულობის თაობაზე. დაცვის მხარის ვერსია, რომ ჯ. ნ. საერთოდ არ მონაწილეობდა ინციდენტში ეწინააღმდეგება არა მარტო დაზარალებულების ჩვენებებით, ამოცნობის ოქმითა და ვიდეოჩანაწერებით დადგენილ გარემოებებს, არამედ თავად ჯ. ნ-ს ჩვენებასაც, რომლის თანახმად, ა. გ-მ ჩხუბის დროს აქეთ დაარტყა მას მუშტი სახეში. სამართალწარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციის, საპროცესო სამართლის ნორმებისა და ადამიანის უფებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციით გარანტირებული უფლებების უხეში დარღვევა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, საქმის მასალებით არ დადგენილა.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულების - ა. ს-სა და ა. გ-ს, მოწმეების - ი-ს, ი. დ-ს, გ-სა და თ. ს-ს ჩვენებებში ცალსახად არის მითითება იმ გარემოებაზე, რომ პოლიციელები ძალადობის ობიექტები გახდნენ მანამ, სანამ ისინი სლოტ-კლუბში შესვლასა და ვითარების გარკვევას მოასწრებდნენ, სანამ გაიგებდნენ, რა გახდა მათი შემთხვევის ადგილზე გამოძახების მიზეზი და შეუდგებოდნენ წესრიგის დაცვას. ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ ვ. ნ-მ ა- ს-სა და ა. გ-ს მიმართ აგრესია გამოხატა მათი დანახვისთანავე, არა იმიტომ, რომ ისინი იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და სურდა მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლა ან/და მათი საქმიანობის შეწყვეტა, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები. ა. ს და ა. გ. მსჯავრდებულთა მხრიდან თავდასხმის ობიექტები გახდნენ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში წინააღმდეგობის გაწევისას, არამედ გამოკვეთილად მათი სტატუსიდან გამომდინარე, რაც იმთავითვე და უპირობიდ გამორიცხავს მსჯავრდებულთა ქმედებებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობას.

14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. ნ-ს, ა. კ-ს, ს. ო-ს, ჯ. ს-სა და ჯ. ნ-ს ქმედებებში, რომლებმაც პოლიციელების - ა. ს-სა და ა. გ-ს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელყვეს მათი ჯანმრთელობა, გამოხატულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ელემენტები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით: დაზარალებულების ა. ს-სა და ა. გ-ს ჩვენებებითა და მათივე მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმებით, დაზარალებულის ტანსაცმლის ამოღების ოქმით, შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რისი გათვალისწინებითაც, უნდა შეიცვალოს მსჯავრად შერაცხული ქმედებების კვალიფიკაცია და შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში, როგორც ამ ქმედების სამართლებრივი შეფასების, ასევე - სასჯელის ნაწილშიც.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

16. საკასაციო პალატა სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებს, მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, კერძოდ: ჩადენილია მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული; ვ. ნ, ა. კ. და ს. ო. არიან ნასამართლევები; დაზარალებულ ა. ს--ს მიაყენეს ფიზიკური ზიანი (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ვ. ნ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით უნდა განესაზღვროს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; ა კ-სა და ს. ო-ს - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჯ. ს-სა და ჯ. ნ-ს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას. გასათვალისწინებელია, რომ ვ. ნ-ს, ს. ო-სა და ა. კ-ს დანაშაული ჩადენილი აქვთ პირობით მსჯავრდებისას, ამასთან, ვ. ნ--ს შემთხვევაში გამოკვეთილია დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობა, ხოლო ა. კ-სა და ს. ო-ს შემთხვევაში - განაჩენთა ერთობლიობა, რომელთაც საბოლოო სასჯელები უნდა განესაზღვროთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3, მე-5 ნაწილების საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულების - ვ. ნ-ს, ა. კ-ს, ს. ო-ს, ჯ. ს-სა და ჯ. ნ-ს ადვოკატების გ. ნ-სა და გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

4. ვ ნ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე და იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვროს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ვ. ნ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს 2018 წლის 16 თებერვლიდან.

5. ა. კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

- ა. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენითა და საქართველოს სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის ... გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და ა. კ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს 2018 წლის 16 თებერვლიდან.

6. ს. ო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

- ს. ო. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და ს. ო-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს 2018 წლის 23 თებერვლიდან.

7. ჯ. ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

- ჯ. ს. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს 2018 წლის 16 თებერვლიდან.

8. ჯ. ნ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

- ჯ. ნ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს 2018 წლის 16 თებერვლიდან.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი