საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.12.2020
საქმის ნომერი
2კ-481აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #080100117001981334

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №481აპ-20 ქ. თბილისი

ლ–ე ჯ., 481აპ-20 18 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ლ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ ჯ. ლ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ს–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ჯ. ლ–ის გამართლებას.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ლ–ე, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ჯ. ლ–ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ჯ. ლ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 25 მაისიდან იმავე წლის 9 ივნისის ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2018 წლის 3 ოქტომბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 25 მაისს ქალაქ .........ში, გ.........ს ქუჩაზე, საქართველოს შსს ...........ის, ............სა და ..........ის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკებმა ჯ. ლ–ეს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რაც მისივე თანხმობით გაგრძელდა ასევე ...........ში მდებარე .............ოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დიაგნოსტიკურ დეპარტამენტში. ენდოსკოპიური წესით ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციით ჯ. ლ–ის კუჭიდან ამოღებულ იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, მცირე ზომის 2 პაკეტში შეფუთული ფხვნილი, საერთო წონით 0,3235 გრამი, რაც შეიცავს 0,00647 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების (ბუპრენორფინინი, მეტადონი) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ჯ. ლ–ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და შეეფარდა ჯარიმა - 500 ლარი. აღნიშნულის შემდეგ ჯ. ლ–მ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც შემოწმებით დაუდგინდა 2017 წლის 22 მაისს.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა ჯ. ლ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო სასამართლოს მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

7. სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ჯ. ლ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი.საკასაციო სასამართლოიზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ჯ. ლ–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შესახებ და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, უტყუარი, ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით.

8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ჯ. ლ–ე დააკავეს და პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს მუქარის, გინებისა და ფიზიკური ზეწოლის პირობებში. იმავდროულად სასამართლო ითვალისწინებს, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, დასავლეთ საქართველოს საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ემუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით.

9. საქმეში არსებული პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჯ. ლ–ის პირადი ჩხრეკა და შინაგანი ორგანოების დათვალიერება მოხდა მისი თანხმობით. მან თავად განუცხადა პოლიციის თანამშრომლებს, რომ სუბოქსინის აბებს ინახავდა კუჭში. აღნიშნულის თაობაზე მინაწერი ჯ. ლ–ის მიერაა შესრულებული და თავადვე აწერს ხელს (ტ.1,ს.ფ.7-11).

10. დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ჯ. ლ–ე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, არ უნდა იქნეს გაზიარებული: პირადი ჩხრეკის ოქმში პირდაპირ არის მითითებული, რომ ჯ. ლ–მ თავად მიუთითა მის სხეულში ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის თაობაზე; ნარკოლოგიური შემოწმების №..... დასკვნით დასტურდება, რომ ჯ. ლ–ე კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და მას ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი(ტ.1,ს.ფ.28). ექსპერტ ლ. დ–ის განმარტებით, ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის კლინიკური ნიშნები მოხმარებიდან 30-60 წუთში გამოვლინდება და გრძელდება 6-8 საათამდე, ხოლო მისი მოხმარების კვალი ორგანიზმში რჩება დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში(ტომი1, ს.ფ.94).

11. მსჯავრდებულის პოზიცია 2017 წლის 25 მაისს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დროის და ადგილის შესახებ არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ: როგორც პირადი ჩხრეკის ოქმით, ასევე მოწმის სახით დაკითხული ექიმის-ნ. ბ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ ჯ. ლ–ის კუჭში ნახეს პოლიეთილენის პატარა ზომის ორი პაკეტი, რაც ამოღებული იქნა პოლიმერული კაუჭის მეშვეობით (იხ. მაგ, ტ.1. ს.ფ. 10; 37; 174). ესპაკეტები გადაიტანეს თაბახის ფურცელზე და დალუქეს. ამდენად, დადგენილია, რომ ჯ. ლ–ის კუჭიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პატარა ზომის ორ ცალ ნაჭერში მოთავსებული, თეთრი ფერის სველი ფხვნილი. ამოღებული ნივთიერების მდგომარეობის აღწერა სრულ თანხვედრაში როგორც საქმეში წარმოდგენილ საგამოძიებო მოქმედების ოქმებში და ექსპერტიზის დასკვნაში ასახულ ინფორმაციასთან ასევე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ჩვენებებთან.

12. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ არ იკითხება პირადი ჩხრეკის ოქმი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საპროცესო დოკუმენტების შედგენისას დაცული უნდა იყოს როგორც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და შინაარსის კრიტერიუმები, ასევე დოკუმენტი უნდა იყოს წაკითხვადი - პროცესში მონაწილე პირებს უნდა ჰქონდეთ დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა არაგონივრული ძალისხმევის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება რომ საგამოძიებო მოქმედების ოქმის შინაარსი არ იყო ცნობილი დაცვის მხარისთვის, რამაც ჯ. ლ–ს შეუზღუდა დაცვის უფლების განხორციელება .

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. ლ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე