საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.12.2020
საქმის ნომერი
2კ-401აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100117002989386

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №401აპ-20 ქ. თბილისი

რ–ი ზ., 401აპ-20 10 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების - ზ. რ–ისა და გ. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც–ის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის, პროკურორ დავით ძნელაშვილის საკასაციოსაჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

მსჯავრდებულების - ზ. რ–ისა და გ. ს–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ც–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების გამართლებას.

პროკურორი დავით ძნელაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ნ. ხ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ისეთი სახისა და ზომის სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება კანონით განსაზღვრული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთის) მაქსიმალურ ზღვართან; ზ. რ–ისა და გ. ს–სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას; დანარჩენ ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ხ–ს, - დაბადებულს .... წელს, ზ. რ–ს, - დაბადებულს ... წელს, და გ. ს–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 17 მაისს, დაახლოებით 03:30 საათიდან 04:05 საათამდე დროის შუალედში ..............ის საავტომობილო გზაზე თავდაპირველად ............ის, შემდეგ კი ...............ის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარითა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდა ავტომანქანა “ბმვ-X5“, სახელმწიფო ნომრით ..........., რომელსაც მართავდა 1995 წლის 5 ივლისს დაბადებული ბ. ხ–ა. აღნიშნული ავტომობილის გაჩერებისა და შემდგომი ღონისძიებების გატარების მიზნით, მას დაედევნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ............ის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, მათ შორის: სახაზო-საპატრულო სამმართველოს მეორე განყოფილების მეორე ოცეულის ათეულის მეთაური ნ. ხ–ი და საპატრულო ეკიპაჟის წევრები - ზ. რ–ი და გ. ს–ი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვერ მოახერეს ბ. ხ–ს შეჩერება, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ..............ის მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების მეორე ოცეულის ათეულის მეთაურმა ნ. ხ–მა გადაწყვიტა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ბ. ხ–ას შეჩერების მიზნით .......... გვირაბთან ,,ტრაილერით“ გადაეკეტა საავტომობილო გზა, რისთვისაც აღნიშნულის შესაბამისი მითითება მისცა ზ. რ–სა და გ. ს–ს.

“პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პოლიციის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდარღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულებითი ღონისძიების გამოყენებისას პოლიციელი უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. პოლიციელს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. “საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებების შეტანა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარჯზე დაუშვებელია.

საჯარო მოხელეებმა - ათეულის მეთაურმა ნ. ხ–მა, პატრულ-ინსპექტორებმა - ზ. რ–მა და გ. ს–მა, ნაცვლად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში ემოქმედათ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ზემოაღნიშნული ნორმების სრულიდაცვით, განზრახ გადაამეტეს თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ათეულის მეთაურ ნ. ხ–ის მითითების შესაბამისად პატრულ-ინსპექტორებმა - ზ. რ–მა და გ. ს–მა შეარჩიეს ადგილი, სადაც მათი მითითებით “Mersedes Benc Actors“ მოდელის სატვირთო ავტომობილის მძღოლმა გ. ღ–მა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გვირაბის გამოსასვლელიდან დაახლოებით 200 მეტრში, ავტომანქანით სრულად გადაკეტა საავტომობილო გზის ორივე სავალი ნაწილი და სათადარიგო გზის ნაწილი. ამ დროს გორის გვირაბიდან გამოვიდა საავტომობილო გზის პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავი ავტომანქანებით დატვირთული “Ford Tranzit 190 EF“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ......., რომელსაც მართავდა რ. ნ–ა და რომელიც ზემოაღნიშნულმა პატრულ-ინსპექტორებმა შეაჩერეს საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, დაახლოებით 30 მეტრში იმ ადგილიდან, სადაც “Mersedes Benc Actors“ მოდელის სატვირთო ავტომანქანით გზის გადაკეტვის შემდეგ ნაწილობრივ დარჩენილი იყო ავტომანქანით გასასვლელი სათადარიგო გზა. გზის ამგვარი გადაკეტვა, “პოლიციის შესახებ“ და “საგზაო მოძრაობის შესახებ“ მითითებული კანონების დარღვევასთან ერთად, არ შეესაბამებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 28 თებერვლის N76 ბრძანების მოთხოვნებს. საავტომობილო გზის სრულად გადაკეტვით ნ. ხ–მა, ზ. რ–მა და გ. ს–მა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად, დაბრკოლება შეუქმნეს და გაუმართლებელი რისკის ქვეშ დააყენეს როგორც დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა “ბმვ-X5-ის“ მძღოლი ბ. ხ–ია, ასევე იმ დროისათვის მაგისტრალზე მოძრავი სხვა ავტომანქანების მძღოლები, მათ შორის - “Mersedes Benc Actors“ მოდელის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი გ. ღ–ი და “Ford Tranzit ....“ მოდელის ავტომანქანის მძღოლი რ. ნ–ა, ასევე მისი მგზავრი ბ. ი–ე. ამით არსებითად დაარღვიეს მითითებული ფიზიკური პირების უფლებები, მათ შორის - უსაფრთხო გადაადგილების უფლება და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები, რამდენადაც შეილახა საპატრულო პოლიციის პრესტიჟი და ავტორიტეტი.

საავტომობილო გზის გადაკეტვისას ათეულის მეთაური ნ. ხ–ი, პატრულ-ინსპექტორები - ზ. რ–ი და გ. ს–ი უსაფუძვლოდ იმედოვნებდნენ, რომ შეაჩერებდნენ ბ. ხ–ს სწრაფად მოძრავ ავტომანქანას და მძღოლთან კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებდნენ, თუმცა გორის გვირაბიდან საშუალოდ 210 კმ/სთ სიჩქარით გამოსულმა ბ. ხ–მ, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლების გამო, ვერ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება, საავტომობილო გზის მეორე სამოძრაო ზოლიდან მუხრუჭის გარეშე გადავიდა პირველ სამოძრაო ზოლში, რის შემდეგაც ჯერ წინა მარჯვენა ნაწილით დაეჯახა ნაწილობრივ მარჯვენა სამოძრაო ზოლში მდგარ “Ford Tranzit ....“ მოდელის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ...... და მასზე მოთავსებულ “NISSAN-ის“მარკის ავტომანქანას, ხოლო შემდეგ დაეჯახა საავტომობილო გზაზე განივად მდგარ სატვირთო ავტომანქანა “Mersedes Benc Actors“, სახელმწიფო ნომრით ......., რის შედეგად ბ. ხ–ა გარდაიცვალა.

შეჯახებამ გ. ღ–ს მიაყენა 17078 ლარის, რომან ნოდიას - 3872 ლარისა და “Ford Tranzit ....“ მარკის ავტომობილზე განთავსებული “NISSAN-ის“ მარკის ავტომობილის მესაკუთრე ბ. ი–ს - 5502 ლარის ქონებრივი ზიანი, რითიც არსებითად დაირღვა მათი უფლებები, ასევე ფაქტობრივად განადგურდა ავტომანქანა, რომელსაც ბ. ხ–ა მართავდა და გამოწვეულმა ქონებრივმა ზიანმა შეადგინა 125360 ლარი.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით:

ნ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა ნ. ხ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

ნ. ხ–ს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

ზ. რ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ზ. რ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რომლის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან და ასევე გავრცელდეს ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან.

ზ. რ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

გ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ. ს–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რომლის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან და ასევე გავრცელდეს ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე. გ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან.

გაუქმდა გ. ს–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შემტანს უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ნ. ხ–ის, ზ. რ–ისა და გ. ს–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას წარდგენილი ბრალდების ყველა ნაწილში; ამასთან, მსჯავრდებულების - ზ. რ–ისა და გ. ს–სთვის შეფარდებული სასჯელების დამძიმებას; ხოლო დაცვის მხარე - ზ. რ–ისა და გ. ს–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მათ გამართლებას წარდგენილი ბრალდების ყველა ნაწილში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 მარტის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ნ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ნ. ხ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს თანხა.

ნ. ხ–ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის თანახმად, აქვს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

ზ. რ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ზ. რ–ს დანაშაულთშა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. ზ. რ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 27 მარტიდან.

მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ზ. რ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

გ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ. ს–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 27 მარტიდან;

მხედველობაში იქნა მიღებული, რომ გ. ს–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიიჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ნ. ხ–ის, მ. ძ–ის, გ. ჟ–ის, ლ. გ–ის, გ. ა–ის, ვ. მ–ის, ლ. ს–ას, გ. ღ–ის, ნ. ს–ის, ნ. ნ–სა და სხვათა ჩვენებებით, დაზარალებულების - გ. ღ–ის, რ. ნ–ს, ბ. ი–სა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ. ხ–ს ჩვენებებით, ამოცნობის ოქმით, დათვალიერების ოქმით, ვიდეო და ფონოსკოპიური, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა, სასამართლო-სამედიცინო, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით, ავტომანქანის ბორტის ვიდეოჩანაწერებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვაგონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა - ზ. რ–მა და გ. ს–მა ჩაიდინეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

8. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გამართლებულ ნ. ხ–ის საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების შესახებ და მთლიანად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა საკმარის საფუძველს, რათა სარწმუნოდ იქნეს მიჩნეული ნუკრი ხაბელაშვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

9. რაც შეეხება მსჯავრდებულების - ზ. რ–ისა და გ. ს–სათვის შეფარდებულ სასჯელებს, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს, პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ არ არსებობს ზ. რ–ისა და გ. ს–სათვის დანიშნული სასჯელები სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების - ზ. უ–სა და გ. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც–ის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის, პროკურორ დავით ძნელაშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე