საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.12.2020
საქმის ნომერი
2კ-320აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002553715

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №320აპ-19 ქ. თბილისი

ვ–ა გ., 320აპ-19 8 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ვ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულ გ. გ–ის ძე ვ–ს პირდაპირი ჩვენება და ასევე სასწრაფო სამედიცინო ბარათის ჩანაწერის მონაცემები, რომლის თანახმად დგინდება, რომ ძალადობიდან მალევე დაზარალებულს აღენიშნებოდა ყელის ტკივილი; სასამართლოს არ უნდა გეზიარებინა დაცვის მხარის მოწმის ქ. გ–ს ჩვენება; სასამართლომ დაზარალებულის ჩვენებას ასევე სამართლებრივად არასწორად დაუპირისპირა მისივე სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ვ–ს ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

გ. ვ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

უკანასკნელი ორი წელი გ. ზ–ს ძე ვ–ა სისტემატურად, თითქმის ყოველდღიურად, თავის პაპას - .... წელს დაბადებულ, გ. გ–ის ძე ვ–ას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უყვიროდა, ესაუბრებოდა უხეშად და უქმნიდა სახლიდან წასვლის პირობებს, ხოლო 2018 წლის 3 ივლისს, დილის საათებში, ..........ის რაიონის სოფელ ............ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელები მოუჭირა ყელზე და ცდილობდა მის დახრჩობას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით გ. ვ–ა, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ გ. ვ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

გაუქმდა გ. ვ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრე გ. ვ–ს.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. ვ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. უსაფუძვლოა კასატორი მოსაზრება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ გ. ვ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის ბრალეულობას. ამასთან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუ რატომ არ არის დაზარალებულ გ. გ–ის ძე ვ–ას ჩვენება დამაჯერებელი და უტყუარი და, აგრეთვე, რატომ არ შეესაბამება და ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, მათ შორის - დაზარალებულის სამედიცინო ბარათი და მოწმეთა ჩვენებები პირდაპირ ვერ ადასტურებს გ. ვ–ს ბრალეულობას ინკრიმინირებულ ქმედებაში, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი