საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119002971707
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№965აპ-19 ქ. თბილისი
გ-ე ბ, 965აპ-19 3 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით ბ. გ-ე, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ბ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.
საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. გ-ს დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი.
ბ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 14 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2018 წლის მარტიდან 2019 წლის 27 მარტის ჩათვლით, თ-ს რაიონის სოფელ შ-ი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბ. გ-ე მამას - ზ. გ-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ზ. გ-ე ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2019 წლის 27 მარტს თ-ს რაიონის სოფელ შ-ი, საკუთარ საცხოვრებელი სახლში, ბ. გ-მ დანის გამოყენებით მამას - ზ. გ-ს მარჯვენა მხრის არეში მიაყენა ღია ჭრილობა, რაც განეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში ცვლილების შეტანას, ბ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
6. კასატორის მითითებით, ბ. გ-ს მიმართ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი არის ძალიან მსუბუქი, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა დანაშაულთა ერთობლიობის ფაქტი. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლის შესაბამისად, გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს ბრალდებულისათვის წაყენებული ბრალის დაუდასტურებლობას. ბრალის დადასტურება კი საქმეში არსებული მტკიცებულებათა შეფასების გზით ხდება. ამ შემთხვევაში არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ მტკიცებულებებით ვერ დგინება ქმედების ჩადენის ადგილი, დრო, ან ის, რომ რაიმე მტკიცებულება ეჭვქვეშ აყენებს მათ სინამდვილეს.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. ბ. გ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (მათ შორის, რომ აღიარა დანაშაული, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რამაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელი არის სამართლიანი და მისი გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.
10. ამასთან, პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ბ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და აღნიშნავს, რომ პროკურორს საჩივარში არ მიუთითებია რაიმე ისეთი სახის ახალ გარემოებაზე, რაც შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი გამხდარიყო.
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი