საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002196667
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №520აპ-19 ქ. თბილისი
ფ–ა ი., 520აპ-19 13 იანვარი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განაჩენზე ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
პროკურორი გიორგი გაგნიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი. ფ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ფ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა კრედიტის უკანონო მიღება, ე.ი. ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით (ოთხი ეპიზოდი); ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 13 ივლისს ი. ფ–მ ქ. ..........ში მდებარე შპს „............“ ფილიალში, სს „.......... ბანკის“ გაყიდვების მენეჯერს კრედიტის მიღების მიზნით, მიაწოდა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, კერძოდ კი, კრედიტის მიღების მიზნით შევსებულ განაცხადში ი. ფ–მ მიუთითა, რომ ის მუშაობდა შპს „.........“ დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 800 ლარს. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზემოაღნიშნული ყალბი ცნობის სს „.......... ბანკისთვის“ მიწოდების საფუძველზე, ი. ფ–მ 2014 წლის 13 ივლისს უკანონოდ მიიღო კრედიტი - 555 ლარის ოდენობით.
2015 წლის 19 თებერვალს ი. ფ–მ ქ. .........ში, .........ის გამზირი #..-ში მდებარე შპს „...........“ მომსახურების ოფისში, სს „............ ბანკის“ განვადების მენეჯერს კრედიტის მიღების მიზნით, მიაწოდა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა. კერძოდ, კი, კრედიტის მიღების მიზნით შევსებულ განაცხადში ი. ფ–მ მიუთითა, რომ ის მუშაობდა შპს „............“ დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1000 ლარს. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზემოაღნიშნული ყალბი ცნობის სს „........... ბანკისათვის“ მიწოდების საფუძველზე, ი. ფ–მ 2015 წლის 19 თებერვალს უკანონოდ მიიღო კრედიტი 960 ლარის ოდენობით.
2015 წლის 19 სექტემბერს ი. ფ–მ ქ. ...........ში, ...........ის გზატკეცილზე მდებარე შპს „..............“ ფილიალში, სს „......... ბანკის“ განვადების მენეჯერს კრედიტის მიღების მიზნით მიაწოდა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, კერძოდ კი, კრედიტის მიღების მიზნით შევსებულ განაცხადში ი. ფ–მ მიუთითა, რომ ის მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1200 ლარს. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზემოაღნიშნული ყალბი ცნობის სს „.......... ბანკისათვის“ მიწოდების საფუძველზე, ი. ფ–მ 2015 წლის 19 სექტემბერს უკანონოდ მიიღო კრედიტი 600 ლარის ოდენობით.
2015 წლის 5 ოქტომბერს ი. ფ–მ ქ. ..........ში, სს „.............“ ..........ის ფილიალში კრედიტის მიღების მიზნით წარადგინა სს „.......... ბანკის“ სახელფასო ანგარიშის ყალბი ამონაწერი, სადაც მითითებული იყო, რომ ის მუშაობდა შპს „..........“ და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1200 ლარს. ასევე აღნიშნული ინფორმაცია მან დაადასტურა სამომხმარებლო სესხების განაცხადში. სს „........“ ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზემოაღნიშნული ყალბი ცნობის მიწოდების საფუძველზე, ი. ფ–მ 2015 წლის 8 ოქტომბერს უკანონოდ მიიღო კრედიტი 6123 ლარის ოდენობით.
2016 წლის ივნისში ქ. ............ში ი. ფ–მ გასაღების მიზნით დაამზადა და გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - შპს „...........“ ყალბი სახელფასო ცნობა, სადაც მითითებული იყო, რომ გ. ლ–ა მუშაობდა ზემოაღნიშნულ კომპანიაში უსაფრთხოების მენეჯერად და მისი ყოველთვიური სახელფასო სარგო შეადგენდა 2300 ლარს. ზემოაღნიშნული ყალბი სახელფასო ცნობა გ. ლ–მ 2016 წლის 13 ივნისს კრედიტის მიღების მიზნით წარადგინა სს „ბანკ ...............“ ...........ის ფილიალში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით:
ი. ფ–ა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ი. ფ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი, 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი, 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი, 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ი. ფ–ს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
გაუქმდა ი. ფ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პირადი თავდებობა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და ი. ფ–ს დამნაშავედ ცნობას აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მითითებას, რომ სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა საქმეზე ფაქტობრივად დადგენილი გარემოებები და მისი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ი. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებისათვის დაკმაყოფილებულად არ მიიჩნია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი.
8. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, app. no 10590/83, §77, 06/12/1988; Lavents v. Latvia, no 58442/00, §125, 28/11/2002; Melich and Beck v. Czech Republic, no 35450/04, §49, 24/07/2008).
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე