საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001268570
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №256აპ-19 ქ. თბილისი
თ–ე თ., 256აპ-19 2 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულების - თ. თ–სა და შ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ–კ–სა და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების - თ. თ–სა და შ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ–მ და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა მარიამ გიგაურმა.
- დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების - თ. თ–სა და შ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით:
განაჩენი შ. გ–სა და თ. თ–ს მიმართ უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მსჯავრდებულთა ბრალეულობა, ხოლო განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; თ. თ–ემ ისარგებლა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და მხოლოდ საკუთარი აზრი გამოთქვა ლ. ს–ისა და ი. კ–ის სატელევიზიო გადაცემასთან დაკავშირებით, რამაც ჟურნალისტებში აგრესია გამოიწვია; მხარეთა შორის კონფლიქტის დაწყების მიზეზი არ უკავშორდება დაზარალებულთა ჟურნალისტურ საქმიანობას, იგი გამოიწვია ა. ქ–ის აგრესიულმა ქცევამ და იმ შეურაცხყოფამ, რომელიც მან თ. თ–ს მიაყენა; დაზარალებულთა ჩვენებები ეწინააღმდეგება მოწმეთა ჩვენებებსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
- ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა მარიამ გიგაურმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ლ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი დ. ლ–ს მიმართ არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ დ. ლ–ი, ისევე როგორც თ. თ–ე და შ. გ–ე, მათთან ერთად აყენებდა დაზარალებულებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მათ მიერ ტელევიზიით გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით; სამივე მათგანი აგინებდა და ემუქრებოდა დაზარალებულებს და ამდენად, მის განზრახვასაც წარმოადგენდა დაზარალებულების დევნა მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. თ–სა და დ. ლ–ს ბრალი დაედოთ ადამიანის დევნაში სიტყვის, აზრის გამო და მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად და ძალადობის მუქარით, ხოლო შ. გ–ეს - ადამიანის დევნაში სიტყვის, აზრის გამო და მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით.
თ. თ–ს, შ. გ–სა და დ. ლ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 20:40 საათზე, თ...........ში, ...............ის ქუჩა N..-ში მდებარე რესტორან ,,...........ში“ იმყოფებოდნენ თ. თ–ე, შ. გ–ე და დ. ლ–ი, რომლებმაც იცნეს იმავე რესტორანში მყოფი ტელეკომპანია ,,..........ს“ ჟურნალისტები: ი. კ–ე, ლ. ს–ე, ნ. მ–ი და ჟურნალ ,,........ს“ ყოფილი ჟურნალისტი ა. ქ–ე. იმის გამო, რომ მათთვის მიუღებელი იყო ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიერ მომზადებული გადაცემები რელიგიურ თემებზე, მათი აზრები და შეხედულებები მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებით, ჯგუფურად განიზრახეს მათი დევნა შეუწყნარებლობის მოტივით. ისინი მივიდნენ მაგიდასთან მსხდომ ზემოაღნიშნულ ჟურნალისტებთან, რომლებსაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სწორედ მათ მიერ რელიგიასთან დაკავშირებით გამოხატული განსხვავებული აზრისა და, ზოგადად, მათი პროფესიული საქმიანობის გამო, კერძოდ: შ. გ–ემ ა. ქ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ჯერ ხელი ჰკრა მარჯვენა მხარზე, შემდეგ ორჯერ დარტყა ფეხი ტანის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ. ლ–მ, თ. თ–ემ და შ. გ–ემ მათ დაურღვიეს მყუდროება, არ მისცეს მშვიდად ყოფნის საშუალება, რამდენიმე წუთის განმავლობაში ესროდნენ ჭურჭელს, გამოხატავდნენ აგრესიას, იმავდროულად, ემუქრებოდნენ ცემითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით. ასევე უთხრეს, რომ შემდგომშიც, მათი მხრიდან გამოხატული აზრისა თუ სიტყვის გამო, ნებისმიერ ადგილას დახვდებოდნენ და სცემდნენ. შესაბამისად, მათი ქმედებით დაირღვა ი. კ–ის, ლ. ს–ის, ა. ქ–ისა და ნ. მ–ის კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 მარტის განაჩენით დ. ლ–ი, - დაბადებული 1... წელს, - საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
გაუქმდა დ. ლ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
გამართლებულ დ. ლ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
თ. თ–ე, - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა თ. თ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
შ. გ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა შ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების - თ. თ–სა და შ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. კ–მ და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა კობა ბარამიამ.
- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების - თ. თ–სა და შ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
- ბრალდების მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება დ. ლ–ს გამართლების ნაწილში, მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების - თ. თ–სა და შ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულების - ი. კ–ის, ლ. ს–ის, ნ. მ–ის, ა. ქ–ის ჩვენებებით, მოწმეების - ი. კ–ის, ქ. მ–ს, თ. ვ–ს, მარიკა გურგულიანისა და სხვათა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება, რომ თ. თ–ემ და შ. გ–ემ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. ოთხივე დაზარალებულმა ცალსახად დაადასტურა, რომ, მათი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, თ. თ–ემ და შ. გ–ემ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოწვეული იყო დაზარალებულების მიერ რელიგიურ საკითხებთან მიმართებით გამოთქმული განსხვავებული აზრითა და, ზოგადად, მათი პროფესიული საქმიანობით, კერძოდ: დაზარალებულმა ი. კ–ემ განმარტა, რომ მათ მაგიდასთან პირველი თ. თ–ე მივიდა, რომელმაც უთხრათ: ,,თქვენ ხართ ..........ს რუპორები, როგორ ბედავთ საერთოდ, რომ აქ სხედხართ და როგორ გადაგდით ლუკმა”. დაზარალებულები შეეცადნენ სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ ამ დროს შ. გ–ემ ა. ქ–ს მუშტი ჩაარტყა მხარში, რის გამოც იგი სკამებსა და მაგიდას შორის ჩავარდა, ხოლო შემდეგ ფეხიც ჩაარტყა. დაზარალებულებმა - ლ. ს–ემ, ნ. მ–მ და ა. ქ–მ სრულად დაადასტურეს ი. კ–ის მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები და ასევე, დამატებით განმარტეს, რომ მსჯავრდებულები მათ ეკლესიის შემარცხვენლებსა და მტრებს უწოდებდნენ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ, რესტორანში მყოფ ხალხს კი მოუწოდებდნენ, დაზარალებულებს არ დახმარებოდნენ.
9. დაზარალებულების ჩვენებების გარდა, ის ფაქტი, რომ სწორედ ჟურნალისტების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოხდა კონფლიქტი, დასტურდება ასევე შემთხვევის შემსწრე მოწმეების, რესტორნის პერსონალის - ი. კ–ისა და ქ. მ–ს ჩვენებებით. მოწმე ი. კ–ი განმარტავს, რომ მან კონფლიქტის დროს გაიგო, რომ დაპირისპირების მიზეზი იყო ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემა, რომელშიც საუბარი იყო რელიგიისა და სარწმუნოების, ეკლესიის შეურაცხყოფაზე. მან დარბაზში მისვლისას დაინახა წაქცეული მამაკაცი, რომელსაც აყენებდა რამდენიმე ადამიანი, ხოლო რამდენიმე ცდილობა მეორე ჯგუფის შეკავებას. თ. თ–ე რეპლიკებით ამბობდა, რომ ჟურნალისტები იყვნენ რელიგიის შეურაცხმყოფელები და მოუწოდებდა ხალხს, არ დახმარებოდნენ მათ. ქ. მ–ს ჩვენებებით კი დგინდება, რომ, როგორც მან დაინახა, ერთ-ერთი მაგიდის წევრი ბიჭები მისულები იყვნენ სხვა მაგიდასთან და მათ შორის იყო დაძაბული სიტუაცია, კერძოდ, მისული ბიჭები დამხვდურებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი ეწეოდნენ ანტიქრისტიანულ კამპანიას, გმობდნენ ქართულ ეკლესიას და პატრიარქს მოიხსენიებდნენ ცუდად. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ თ. თ–სა და შ. გ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულები არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
10. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რის შესახებაც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
11. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, დ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 27,156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, რომლის თანახმადაც, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება ის ფაქტი, რომ, მართალია, თ. თ–ე, შ. გ–ე და დ. ლ–ი მივიდნენ დაზარალებულების მაგიდასთან და მათ შორის იყო დაძაბული სიტუაცია, რადგან ისინი დაზარალებულებს ეუბნებოდნენ, რომ ეწეოდნენ ანტიქრისტიანულ კამპანიას და პატრიარქს უდიერად მოიხსენიებდნენ, მაგრამ კონკრეტულად, რა მოქმედებაში (მუქარაში, ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაში) გამოიხატა დ. ლ–ს მხრიდან მათი დევნა, ვერც დაზარალებულები და ვერც მოწმეები ვერ უთითებენ, განსხვავებით თ. თ–სა და შ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებებისა. დაზარალებულები დ. ლ–ს ქმედებასთან მიმართებით განმარტავენ მხოლოდ იმას, რომ იგი მოუწოდებდა იქ მყოფ პირებს, არ გამოეძახათ პოლიცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას დ. ლ–ს დამნაშავედ ცნობის შესახებ და მიაჩნია, რომ მასთან მიმართებით ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა. სააპელაციო პალატამ ამ საკითხზეც ამომწურავად და საფუძვლიანად იმსჯელა განაჩენში, რასაც საკასაციო სასამართლოც აგრეთვე სრულად იზიარებს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - თ. თ–სა და შ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ–კ–სა და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი