დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.02.2021
საქმის ნომერი
2კ-4-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№4I-21 ქ. თბილისი

ა–ი ე., 4I-21 4 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ა–ის (E. A–I) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა–ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

2020 წლის 9 ოქტომბერს ა–ის რესპუბლიკის ა–ის რაიონული პოლიციის სამმართველოს მიერ გამოცემული ე. ა–ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად, ე. ა–ის ბრალად ედება ა–ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177.4 მუხლით (ქურდობა, რამაც გამოიწვია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. იმავე დღეს ა–ის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა ზემოაღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოაცხადეს ე. ა–ის ძებნა.

2. 2020 წლის 10 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის აბშერონის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ე. ა–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

3. ა–ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ე. ა–ისათვის ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 31 დეკემბერს ა–ის რესპუბლიკაში, ა–ის რაიონის სოფელ .........ში, ე. ა–მ თანამონაწილეებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მათთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ა. გ–ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და ფარულად დაეუფლა მის ფულსა და საიუველირო ნაკეთობებს, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენდა 547 170 .... მანათს.

4. აღწერილი ქმედება დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177.4 მუხლით (ქურდობა, რამაც გამოიწვია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანი), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

5. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

6. 2020 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ა–ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ა–ი.

7. 2020 წლის 21 ოქტომბერს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ე. ა–ის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

8. 2020 წლის 2 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ე. ა–ის ექსტრადიციის თაობაზე ა.............ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

9. 2021 წლის 15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ე. ა–ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2021 წლის 19 აპრილამდე. ამჟამად ე. ა–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

10. 2021 წლის 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ე. ა–ის ა........ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ა.........ის რესპუბლიკიდან მოწოდებულ მასალებში.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით დასაშვებად ცნო ე. ა–ის ა..........ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ა..........ის რესპუბლიკის ა........ის რაიონული პოლიციის სამმართველოს 2020 წლის 9 ოქტომბრის დადგენილებაში ე. ა–ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ა..........ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177.4 მუხლით (ქურდობა, რამაც გამოიწვია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანი).

12. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ა–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ზ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ..............ის რესპუბლიკაში ე. ა–ის ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას იმ მოტივით, რომ ა.............ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე და „4 მცირეწლოვანი შვილი დარჩება მამისა და ლუკმაპურის გარეშე“; მას 15 წლის განმავლობაში აქვს ............თან ურთიერთობა და აქ გააჩნია მცირე ბიზნესი; მიგრაციის სამსახურის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში და ელოდება შესაბამის რეაგირებას.

13. პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა ე. ა–ის ა............ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ე. ა–ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2020 წლის 19 ოქტომბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ............ოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ა.........ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ე. ა–ის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ე. ა–ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ ა............ის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ა..........ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შესახებ.

5. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).

6. მხედველობაშია მისაღები ა.............ის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში ა..........ის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის ა............ის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

7. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო.

8. საექსტრადიციო მასალების შესწავლით ასევე ირკვევა, რომ ე. ა–ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ ა..........ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მისი უფლებები, მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული ე. ა–ის უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმეშია აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ე. ა–ი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას, იგი ისარგებლებს ა............ის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა ა..........ის რესპუბლიკა, ასევე – დაცვის ყველა შესაძლებლობით, მათ შორის – ადვოკატის მომსახურებით.

9. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ე. ა–ი არ ითვლება ს..............ოს მოქალაქედ ან ...............ში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ..........ის რესპუბლიკის მოქალაქე.

10. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს. როგორც საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის ცნობიდან ირკვევა, ე. ა–ის უარი ეთქვა .............ოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ე. ა–ი არის ......ის რესპუბლიკის მოქალაქე, ხოლო მის ექსტრადიციას მოითხოვს მესამე, არაწარმოშობის სახელმწიფო – ა...........ის რესპუბლიკა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.

11. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ე. ა–ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულთან დაკავშირებით. შესაბამისად, ე. ა–ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.

12. გარდა ამისა, დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც ე. ა–ი ბრალდებულია ა................ის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ე. ა–ისათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა 2019 წელს, ხოლო ე. ა–ის ამ ქმედებასთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა 2020 წელს. შესაბამისად, მოცემულ დანაშაულთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ა...........ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული საექსტრადიციო მასალებისა და აზერბაჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის არც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით.

13. აღსანიშნავია ისიც, რომ ე. ა–ის არ გააჩნია ს...........ში მუდმივად ცხოვრების კანონიერი საფუძველი. როგორც ე. ა–მ 2020 წლის 15 დეკემბერს, გასაუბრებისას განმარტა, მისი მეუღლე და ოთხი არასრულწლოვანი შვილი თ.........ის მოქალაქეები არიან. ასეთ ვითარებაში ე. ა–ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ა–ის ა...........ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ა..........ის რესპუბლიკის ...........ის რაიონული პოლიციის სამმართველოს 2020 წლის 9 ოქტომბრის დადგენილებაში ე. ა–ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177.4 მუხლით (ქურდობა, რამაც გამოიწვია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანი), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი