საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №645აპ-19 თბილისი
ხ. ა., 645აპ-19 27 თებერვალი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ხ.-ისა და მისი ადვოკატის - შ. ხ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ა. ხ.-ის შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ა. ხ., - დაბადებული წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დაეკისრა ჯარიმა - 10100 ლარი. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ა. ხ.-ს, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის საგანი - 35756.11 ლარის საბაჟო ღირებულების „ეფლი აიფონის“ ფირმის 19 მობილური ტელეფონი.
2. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ხ.-მა ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ა. ხ.-მ საბაჟო გამშვები პუნქტის - „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 35756.11 ლარის საბაჟო ღირებულების მოძრავი ნივთი - „ეფლი აიფონის“ ფირმის 19 მობილური ტელეფონი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ხ.-მ და მისმა ადვოკატებმა - შ. ხ.-მ და ი. ლ.-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ხ.-ისა და მისი ადვოკატების - შ. ხ.-ის, ი. ლ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ხ.-მ და მისმა ადვოკატმა შ. ხ.-მ, რომლებიც საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ პროკურორსა და ა. ხ.-ს შორის საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ასევე, მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია ა. ხ.-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
9. ამასთან, პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ თითქოს, პროკურორსა და ა. ხ.-ს შორის საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ასევე, მას შეეზღუდა დაცვის უფლება და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის ასეთი მოსაზრება საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო ა. ხ.-ს კანონით დაცული უფლებები არ დარღვეულა და მასა და პროკურორს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, კერძოდ: საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლომ დაადგინა, რომ საპროცესო შეთანხმება წარდგენილი იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, მათ შორის - ა. ხ. უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნისა და ადვოკატის მომსახურებით და მასა და პროკურორს შორის საპროცესო შეთანხმება დაიდო ნებაყოფლობით.
10. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიას, რომ თითქოს, საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან ერთად ადვოკატებმა მსჯავრდებულ ა. ხ.-ს აღუთქვეს დამატებითი შეღავათების გაწევა, რაც არ შეასრულეს და შეთანხმება დაიდო მოტყუებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო შეთანხმების მიღმა მსჯავრდებულ ა. ხ.-ს ადვოკატების მიერ სავარაუდოდ მიცემული პირობა სასამართლოსთვის უცნობია და არ დასტურდება საქმის მასალებით, შესაბამისად, ამ მოცემულობით არ წარმოადგენს სასამართლოსათვის განხილვის თემას.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ხ.-ს და მისი ადვოკატის - შ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი