საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.10.2020
საქმის ნომერი
2კ-420აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.10.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№420აპ-20 ქ. თბილისი

ხ-ა გ-მ, 420აპ-20 13 ოქტომბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით გ. ხ-ა, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ხ-ას ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, რ-ში, შ-ას გამზ. №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ხ-ამ ო. მ-ას, რომელთან ერთადაც ორი წელი ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც ო. მ-ამ ქალა-ტვინის დახურული ტრავმის, ტვინის შერყევისა და მარცხენა თვალ-ბუდის მოტეხილობის სახით მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ხატია გოგრიჭიანი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და გ. ხ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ხ-ას ბრალდების საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი.

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა დანაშაულის დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება. დაზარალებულმა და მოწმეებმა (ო. მ-ამ, ვ. მ-მა და ტ. ბ-ამ) უარყვეს გ. ხ-ას მხრიდან ო. მ-აზე ძალადობა, მოწმე გ. მ. კი არ არის ფაქტის თვითმხილველი. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც უტყუარად არ არის დადგენილი დაზიანებების წარმოშობის მექანიზმი და დამზიანებელი პირი, არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება – სამართლიანად გადაწყვიტა გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასიკეთოდ.

9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე