საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.12.2020
საქმის ნომერი
2კ-691აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№691აპ-20 ქ. თბილისი

ა-ე ი-ა, 691აპ-20 24 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 აპრილის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ვლადიმერ თურმანიძისა და მსჯავრდებულ ბ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. შ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ა-ე არის „ქურდული სამყაროს“ წევრი, ქურდულ სამყაროში ცნობილია მეტსახელით – „კ.“. ი. ა-ე აღიარებს ქურდულ სამყაროს და დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე „კანონიერ ქურდ“ მ. ლ-ის მიერ მართულ ქურდული სამყაროს წევრებთან ერთად „ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებითა და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლისა და უპირატესობის მიღების, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭებისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით და უშუალოდ, აჭარის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს საქმიანობაში.

მ. ლ-იმ საკუთარი კრმინალური გავლენის გამოყენებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, ქურდულად გაარჩია და გადაწყვიტა კ. თ-ის სარგებლობაში არსებული „აუდის“ მარკის (სახ. №--) ავტომანქანასა და თანხასთან დაკავშირებული დავა, რაც არ შესრულდა და შეჩერდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების მიერ. მის მიერ მანამდე ქურდულად გარჩეული და გადაწყვეტილი დავის შეუსრულებლობისა და შეცვლა-შეჩერებით გაბრაზებული მ. ლ-ი საზღვარგარეთიდან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით 2018 წლის 24-25 აპრილს ქ. ბ-ში მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მასთან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობით დაკავშირებულ და მის მიერ მართული „ქურდული სამყაროს“ წევრ ი. ა-ეს, მეტსახელად „კ.ს“. მან, როგორც „კანონიერმა ქურდმა“, სატელეფონო საუბრების დროს ი. ა-ეს დაავალა, აღნიშნულთან დაკავშირებული დავის „ქურდული გარჩევის“ მიზნით, კ. თ-ის, გ. თ-ის, ჯ. ნ-ის, ზ. გ-ისა და სხვა პირების შეკრება და ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით დავის ქურდულად განხილვა-გადაწყვეტაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

მ. ლ-იმ ზემოაღნიშნული დავის განხილვის თაობაზე ი. ა-ესთან სატელეფონო საუბრების მიმდინარეობისას, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის, მათ შორის – მის მიერ მართული „ქურდული სამყაროს“ წევრის – შ. კ-ის კრიმინალური გავლენის მოსაპოვებლად სტატუსის შეცვლაზე საუბარი და „ქურდული გარჩევა“ მოაწყო შ. კ-ესა და ი. ა-ესთან. სატელეფონო საუბარში მან შ. კ-ეს უსაყვედურა, თუ რატომ შეეცადა „ქურდულ სამყაროში“ მომავალი „კანონიერი ქურდობის“ სტატუსის, ე.წ. „განაბობის“ მოსაპოვებლად სხვა კანონიერ ქურდებთან საკითხის გარკვევას, მაშინ, როდესაც ამ საკითხის მოგვარება, როგორც „კანონიერ ქურდს“, თავადაც შეეძლო და დაარიგა, რომ ემოქმედა „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად. შ. კ-ემ „კანონიერ ქურდ“ მ. ლ-ისთან საუბარში არაერთხელ დაადასტურა მზადყოფნა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის, აგრეთვე „კანონიერ ქურდებსა“ და „ქურდულ სამყაროს“ პატივისცემა და მხარდაჭერა აღუთქვა. შ. კ-ემ მ. ლ-ისაგან მიიღო დავალება, რომ მომავალი „კანონიერი ქურდობის“ სტატუსის, ე.წ. „განაბობის“ მოსაპოვებლად, სხვა „კანონიერ ქურდებთან“ საკითხის გარკვევის მიზნით, მასთან, როგორც მის მხარდამჭერ კანონიერ ქურდთან შესახვედრად თურქეთის რესპუბლიკაში გადასულიყო.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ. ნ-ე არის „ქურდული სამყაროს“ წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე „კანონიერ ქურდ“ მ. ლ-ის მიერ მართულ ქურდული სამყაროს წევრებთან ერთად „ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებითა და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლისა და უპირატესობის მიღების, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭებისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით და უშუალოდ, აჭარის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს საქმიანობაში.

ჯ. ნ-ემ რამდენიმე თვით ადრე „ქურდული გარჩევით“ ნ. პ-ეს დააკისრა მ. მ-ის ვალის 2018 წლის 20 მაისისათვის გადახდა. ვინაიდან „ქურდული გარჩევის“ დროს ჯ. ნ-ისათვის მიცემული პირობა მ. მ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდის თაობაზე ნ. პ-ემ ვერ შეასრულა, აღნიშნული ჯ. ნ-ემ „ქურდულ სამყაროში“ საკუთარი კრიმინალური გავლენის შეურაცხყოფად მიიღო. ამის გამო მან ნ. პ-ის დასჯა და დაშინება გადაწყვიტა. ამ მიზნით 2018 წლის 21 მაისს, ქ. ბ-ში ყოფნის დროს, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ნ. პ-ეს და დაშინებითა და მუქარით ქ. ბ-ში, ჭ-ის ქუჩაზე, სს „თ. ბ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა აიძულა. შეხვედრის შემდეგ „ქურდული გარჩევით“ დაშინებისა და დასჯის მიზნით, ნ. პ-ე სხვა პირებთან ერთად სოფელ გ-ოს ტერიტორიაზე, ზღვის სანაპიროსთან ახლოს გაიყვანა და „ქურდული შეკრებით“ მ. მ-ის სასარგებლოდ, მუქარითა და ფიზიკური ძალადობით თანხის გადახდას აიძულებდა. მომდევნო დღეებში, მ. მ-ისათვის თანხის მიცემის შემდეგ, შემდგარი სატელეფონო საუბრების მიმდინარეობისას, ნ. პ-ეს, „ქურდული შეკრების“ დროს მიცემული პირობის დარღვევის გამო, კრიმინალური გავლენის გამოყენებით ჯ. ნ-ე თავის სასარგებლოდაც სთხოვდა თანხის გადახდას.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. დ-ე არის „ქურდული სამყაროს“ წევრი, ქურდულ სამყაროში ცნობილია მეტსახელით – „ჟ.“. ბ. დ-ე აღიარებს ქურდულ სამყაროს და დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე „კანონიერ ქურდ“ მ. ლ-ის მიერ მართულ ქურდული სამყაროს წევრებთან ერთად „ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებითა და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლისა და უპირატესობის მიღების, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭებისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით და უშუალოდ, ა-ის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს საქმიანობაში.

„ქურდული სამყაროს“ წევრი ბ. დ-ე 2018 წლის 8 მაისს იმყოფებოდა ქ. ბ-ში, რა დროსაც მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მ. წ-ეს, რომელიც ასევე არის „კანონიერ ქურდ“ მ. ლ-ის მიერ მართული „ქურდული სამყაროს“ წევრი. ბ. დ-ისათვის ცნობილი იყო, რომ მ. წ-ეს „ქურდული გარჩევით“ უნდა გადაეწყვიტა ბ. დ-ის ახლობლისა და დ. ბ-ის შვილის – ჯ. ბ-ესა და სხვა პირებს შორის არსებული სადავო საკითხი, რაც უკავშირდებოდა რამდენიმე დღით ადრე ქ. ბ-ში მდებარე ერთ-ერთ კარაოკებარში მომხდარ დაპირისპირებას. სატელეფონო საუბრისას ბ. დ-ემ მზაობა განაცხადა, რომ თავადაც მიიღებდა მონაწილეობას მ. წ-ის მიერ მოწყობილ „ქურდულ გარჩევაში“, რომელიც უნდა შემდგარიყო სოფელ ა-ის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ დავით და ჯ. ბ-ეებმა ავტომანქანით მიაკითხეს ბ. დ-ეს, რომელიც გაჰყვა და მონაწილეობა მიიღო სოფელ ახალშენში მ. წ-ის მიერ ორგანიზებულ ქურდულ გარჩევაში.

ბ. დ-ე 2018 წლის 1 ივნისს ქ. ბ-დან მობილური ტელეფონით დაუკავშირდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდ“ მ. ლ-ის და „ქურდულ სამყაროში“ არსებული დავის, რომელიც შეეხებოდა თავად ბ. დ-ის მხრიდან ვინმე „ა-ათვის“ „თავანის“ ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას, შეათანხმა და მ. ლ-ისაგან, როგორც „კანონიერი ქურდისაგან“, მიიღო მითითება, თუ როგორც უნდა მოქცეულიყო „ქურდული გარჩევის“ დროს. სატელეფონო საუბარში ბ. დ-ემ გამოხატა როგორც „კანონიერი ქურდის“ – მ. ლ-ის, ასევე – „ქურდული სამყაროს“ აქტიური მხარდაჭერა და ერთგულება.

4. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. წ-ე არის „ქურდული სამყაროს“ წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე „კანონიერ ქურდ“ მ. ლ-ის მიერ მართულ ქურდული სამყაროს წევრებთან ერთად „ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებითა და სხვა უკანონო ქმედებით, თავისთვის და სხვისთვის სარგებლისა და უპირატესობის მიღების, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭებისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით და უშუალოდ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის – ქ. ბ-ში აქტიურად მონაწილეობს ქურდული სამყაროს საქმიანობაში.

„ქურდული სამყაროს“ წევრი მ. წ-ე 2018 წლის 8 მაისს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ქ. ბ-ში მყოფ ბ. დ-ეს, რომელიც ასევე არის „კანონიერ ქურდ“ მ. ლ-ის მიერ მართული „ქურდული სამყაროს“ წევრი. ბ. დ-ისათვის მანამდეც იყო ცნობილი და მ. წ-ისაგანაც შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს „ქურდული გარჩევით“ უნდა გადაეწყვიტა ბ. დ-ის ახლობლისა და დ. ბ-ის შვილის – ჯ. ბ-ესა და სხვა პირებს შორის არსებული სადავო საკითხი, რაც უკავშირდებოდა რამდენიმე დღით ადრე ქ. ბ-ში მდებარე ერთ-ერთ კარაოკებარში მომხდარ დაპირისპირებას. სატელეფონო საუბრისას ბ. დ-ემ მზაობა განაცხადა, რომ თავადაც მიიღებდა მონაწილეობას მ. წ-ის მიერ მოწყობილ „ქურდულ გარჩევაში“, რომელიც უნდა შემდგარიყო სოფელ ა-ის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ დ. და ჯ. ბ-ეებმა ავტომანქანით მიაკითხეს ბ. დ-ეს, რომელიც მათ გაჰყვა და მიიღო მონაწილეობა სოფელ ა-ში მ. წ-ის მიერ ორგანიზებულ ქურდულ გარჩევაში.

2018 წლის მარტ-აპრილში ქ. ბ-ში ქურდული გარჩევა მოაწყო „ქურდული სამყაროს“ წევრმა მ. წ-ემ, რომელმაც მ. ბ-ესა და ი. გ-ეს შორის ავტომანქანასთან დაკავშირებული სადავო საკითხი, თავისთვის სარგებლის მიღების მიზნით, დაშინებით, შეურაცხყოფითა და ფიზიკური ანგარისწორების მუქარით გადაწყვიტა.

2018 წლის 3 ივნისს ქ. ბ-ში მყოფი ქურდული სამყაროს წევრი მ. წ-ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მ. გ-ეს, რომელსაც დაშინებით, შეურაცხყოფით, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდა დაუყოვნებლივ შეხვედრას და ქურდული შეკრებისა და გარჩევის გზით მასთან სადავო საკითხის გადაწყვეტას.

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობიდან გამომდინარე, 2018 წლის 7 ივნისს მ. წ-ეს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა დაუდგენელი პირი. მათ შორის საუბარი შედგა „კანონიერ ქურდ“ მ. ლ-ის „ქურდულ საქმიანობასთან“ დაკავშირებით. სატელეფონო საუბრის დროს დაუდგენელმა პირმა მ. წ-ეს შესთავაზა „გოლფ–3“ მოდელის ავტომანქანის თაობაზე არსებული სადავო საკითხთან დაკავშირებით „ქურდული გარჩევა“, რაზეც მ. წ-ისაგან მიიღო დაპირება, რომ საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, მუქარით, ძალადობითა და სხვა უკანონო ქმედებით გადაუწყვეტდა არსებულ დავას.

მ. წ-ეს, ქურდული სამყაროს საქმიანობიდან გამომდინარე, 2018 წლის 12 ივნისს მობილური ტელეფონით დაუაკავშირდა დ. ნ-ი, რომელმაც სატელეფონო საუბრისას შესთავაზა მ. ბ-ესა და თავის ახლობელ თ. ს-ას შორის 2500 აშშ დოლართან დაკავშირებით არსებული სადავო საკითხის „ქურდული გარჩევის“ გზით მოგვარება, რაზეც მ. წ-ისაგან მიიღო დაპირება, რომ საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, მუქარით, ძალადობითა და უკანონო ქმედებებით გადაწყვეტდა არსებულ დავას. ამავე საკითხის „ქურდული გარჩევით“ მ. ბ-ეზე გავლენის მოსახდენად და მატერიალური სარგებლის მისაღებად, დ. ნ-ის შუამავლობით, მ. წ-ეს თ. ს-ამაც მიმართა და აუხსნა საქმის ვითარება. მ. წ-ე 2018 წლის 12-13 ივნისს მობილური ტელეფონით არაერთხელ დაუკავშირდა მ. ბ-ეს, რომელიც მისი დაჟინებული თხოვნის შემდეგ, 2018 წლის 16 ივნისს, ქ. ბ-ში შეხვდა მ. წ-ეს და „ქურდული შეკრების“ დროს, „ქურდული გარჩევით“ მ. ბ-ეს დაავალა განსაზღვრულ ვადაში თ. ს-ასათვის თანხის გადახდა.

მ. წ-ის ძმას – მ. წ-ეს 2018 წლის ივნისში ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ის ტერიტორიაზე შელაპარაკება მოუხდა სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლ დ. დ-ესთან, რა დროსაც მ. წ-ემ და დ. დ-ემ ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც განიმუხტა იქ მყოფი მოქალაქეების ჩარევის შედეგად.

აღნიშნულით განაწყენებული მ. წ-ე, დ. დ-ეზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, წინასწარ შეუთანხმდა თავის ძმას – მ. წ-ეს, ასევე გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირს, რომლებთან ერთადაც მომდევნო დღეს სოფელ ა-ის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერა დ. დ-ე -- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სამარშრუტო მიკროავტობუსით გადაადგილებისას, რომელსაც თვითონ დ. დ-ე მართავდა. შეჩერების შემდეგ იმავე მიკროავტობუსის უკანა სალონში მ. წ-ემ და მ. წ-ემ ფსიქოლოგიურად იძალადეს დ. დ-ეზე, აგრეთვე რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელებისა და ფეხების დარტყმით სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დ. დ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენით მ. წ-ის, ბ. დ-ის, ჯ. ნ-ისა და ი. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან და 2232-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

მ. წ-ე, – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით, ხოლო 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 17 ივლისიდან.

ჯ. ნ-ე, – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 17 ივლისიდან.

ბ. დ-ე,– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით, 6 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 17 ივლისიდან.

ი. ა-ე, – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის აღსრულება გადაუვადდა გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა. მსჯავრდებული ი. ა-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 17 ივლისიდან 2019 წლის 8 აპრილის ჩათვლით.

6. სასამართლომ დაადგინა:

ი. ა-ემ ე.წ. „კანონიერ ქურდ“ მ. ლ-ისთან 2018 წლის აპრილში მობილური ტელეფონით საუბრისას გარკვეული პირების შეხვედრების თხოვნითა და მათთან დაკავშირებაში დახმარებით გამოხატა „ქურდული საქმიანობის“ მხარდაჭერა, რაც ქმნის „ქურდული საქმიანობის“ განხორციელების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს.

ჯ. ნ-ე დაუკავშირდა ნ. პ-ეს მ. მ-ესთან არსებულ ვალთან დაკავშირებულ საკითხზე. რადგან ნ. პ-ემ დათქმულ დროს – 2018 წლის 20 მაისისათვის ვერ გადაიხადა თანხა, მოითხოვა მასთან შეხვედრა. 2018 წლის 21 მაისს, ქ. ბ-ში ყოფნის დროს, ჯ. ნ-ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ნ. პ-ეს და შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სხვა პირებთან ერთად გაიყვანა სოფელ გ-ს ტერიტორიაზე და მ. მ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდასთან დაკავშირებით გაუბრაზდა, თუ რატომ არ შეასრულა მისთვის მიცემული პირობა და რატომ მოატყუა. სატელეფონო საუბრებში ჯ. ნ-ესთან ლ. დ-ე ითხოვდა დახმარებას და ასევე სატელეფონო საუბრებით ნ. პ-ე ესაუბრება თანხის გადახდის გზებზე, რომ ელოდებოდა სხვა პირებს, რომლებსაც მისთვის უნდა მიეტანათ თანხა და შეესრულებინა მ. მ-ესთან არსებული ვალდებულება. ნ. პ-ემ ამ შეხვედრის შემდეგ, რა დროსაც შეხლა-შემოხლაც მოხდა, გადაიხადა თანხის ნაწილი. ჯ. ნ-ე თავისი მოქმედებით, მოქმედების შინაარსით აშკარად გამოხატავდა „ქურდული საქმიანობის“ მხარდაჭერას და ქმნიდა ამ საქმიანობის განხორციელების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს.

ბ. დ-ე 2018 წლის 1 ივნისს დაუკავშირდა „კანონიერ ქურდ“ მ. ლ-ის, მასთან მოიკითხა გარკვეული საკითხი და იმავე დღეს საუბრით გამოხატა მასთან ყოფნის მზაობა, ასევე – მისი საქმიანობაში მხარდაჭერა. საუბრის შინაარსის მიხედვით დასტურდება საფრთხე ასეთი სახის საქმიანობის განხორციელებისათვის.

მ. წ-ე 2018 წლის მარტ-აპრილში ქ. ბ-ში მონაწილეობდა მ. ბ-ესა და ი. გ-ეს შორის ავტომანქანასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტაში. მ. წ-ეს 2018 წლის 12 ივნისს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა დ. ნ-ი, რომელმაც სატელეფონო საუბრის დროს მ. წ-ეს შესთავაზა მ. ბ-ესა და თავის ახლობელ თ. ს-ას შორის 2500 აშშ დოლართან დაკავშირებით არსებულ სადავო საკითხზე მ. ბ-ესთან შეხვედრა. მ. წ-ეს თ. ს-ამაც მიმართა და აუხსნა საქმის ვითარება. მ. წ-ე 2018 წლის 12-13 ივნისს მობილური ტელეფონით არაერთხელ დაუკავშირდა მ. ბ-ეს, დაჟინებული თხოვნის შემდეგ, 2018 წლის 16 ივნისს, შეხვდა მას და დაავალა განსაზღვრულ ვადაში თ. ს-ასათვის თანხის გადახდა. თავისი მოქმედებებით მ. წ-ემ გამოხატა აშკარა და საჯარო მხარდაჭერა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობისადმი და, მოქმედებების შინაარსიდან გამომდინარე, შექმნა აშკარა საფრთხე ასეთი სახის საქმიანობის განხორციელებისათვის.

მ. წ-ე, დ. დ-ესთან ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, წინასწარ შეუთანხმდა თავის ძმას – მ. წ-ეს, ასევე გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირს, რომლებთან ერთად მომდევნო დღეს სოფელ ა-ის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერა დ. დ-ე -- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სამარშრუტო მიკროავტობუსით გადაადგილებისას, რომელსაც თვითონ დ. დ-ე მართავდა. შეჩერების შემდეგ იმავე მიკროავტობუსის უკანა სალონში მ. წ-ემ და მ. წ-ემ ფსიქოლოგიურად იძალადეს დ. დ-ეზე, აგრეთვე რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელებისა და ფეხების დარტყმით სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დ. დ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი შეიცვალა: მ. წ-ის, ბ. დ-ის, ჯ. ნ-ისა და ი. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან და 2232-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

მ. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ხოლო 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ჯ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით, 6 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ი. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის აღსრულება გადაუვადდა გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ და მსჯავრდებულ ბ. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. შ-ემ.

9. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ბ. დ-ის, ჯ. ნ-ისა და ი. ა-ის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 2232-ე მუხლით, ხოლო მ. წ-ის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 2232-ე მუხლითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავეებად ცნობას და მათთვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას, ხოლო ადვოკატი პ. შ-ე – გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ბ. დ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

10. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

12. საკასაციო პალატა არ იზიარებს მხარეთა საკასაციო საჩივრების პოზიციებს და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების ჩვენებებით, ფონოგრამებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით,სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა: ი. ა-ემ, ჯ. ნ-ემ და ბ. დ-ემ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულმა მ. წ-ემ – სსკ-ის 2233-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

13. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

14. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ვლადიმერ თურმანიძისა და მსჯავრდებულ ბ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი