დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141221004282148
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2881-21 ქ. თბილისი
ვ–ი რ.,2881-21 29 მარტი, 2021წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ვ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განაჩენით რ. ვ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. რ. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაიწყო 2019 წლის 6 აგვისტოდან.
- მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-41 პუნქტების შესაბამისად, 2 წლით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო(საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება. პასიური საარჩევნო უფლება. იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლით.
2. 2021 წლის 19 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ვ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რომან ვართანიანზე გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 21 იანვრის კანონი და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განაჩენში. კერძოდ:
- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 6 წლით განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი შეცვლილი აქვს პირობით, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
- რ. ვ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 6 აგვისტოდან -ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;
- დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ვ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
5. მსჯავრდებულმა რ. ვ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
6. მსჯავრდებულ რ. ვ–ის მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 29 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ რ. ვ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებისა და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ¼-ით შემცირების შესახებ.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.“
4. რ. ვ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ეხება ამნისტია). შესაბამისდ, რ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 6 წლით განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი შეცვლილი აქვს პირობით, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
5. ამასთან, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლი ამომწურავად ადგენს სასჯელის სახეებს და მათ არ მიაკუთვნებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევას. აღნიშნული ნორმატიული აქტის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საკითხს არეგულირებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). ამდენად, აღნიშნული უფლებების ჩამორთმევასთან დაკავშირებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლისათვის სასჯელის შემცირების პროპორციულად(მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება 141-21).
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. ვ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე