საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.03.2021
საქმის ნომერი
2კ-378აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№378აპ-19 ქ. თბილისი

ჯ-ე ვ-გ, 378აპ-19 29 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის, ასევე – მსჯავრდებულ ვ. ჯ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჭ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ჯ-ეს ბრალი დაედო: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ე.ი. სხეულის დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2016 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ-ში, გ-ის ქ. №-–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. ჯ-ემ შელაპარაკების ნიადაგზე გამართული ჩხუბის დროს ნ. მ-ეს, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანების განზრახვით, ცივი იარაღი დაარტყა მუცლის არეში. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ნ. მ-ის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

· 2016 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ-ში, გ-ის ქ. №-–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. ჯ-ემ შელაპარაკების ნიადაგზე გამართული ჩხუბის დროს, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა ლაშა მოდებაძეს, რომელსაც მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით ვ. ჯ-ე, – - გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (დაზარალებულ ლ. მ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში; ვ. ჯ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ნ. მ-ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე და ამ მუხლით, 2016 წლის 3 აპრილიდან იმავე წლის 7 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ჯ-ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით (დაზარალებულ ნ. მ-ის ეპიზოდი). აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2016 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ-ში, გ-ის ქ. №-–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთი მხრივ, ვ. ჯ-ესა და, მეორე მხრივ, ძმებს – ნ. მ-ესა და ლ. მ-ეს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გამართული ჩხუბის დროს, ვ. ჯ-ემ, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით ნ. მ-ეს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ლ. მ-ეს – ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ვ. ჯ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. მსჯავრდებული ვ. ჯ-ე და მისი ადვოკატი გ. ჭ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ ვ. ჯ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ.№593აპ-15), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრებიდან არ იკვეთება.

9. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ვ. ჯ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით; ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულ ვ. ჯ-ის გამართლების თაობაზე.

10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ მსჯავრდებული ვ. ჯ-ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რა დროსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიაყენა დაზარალებულებს. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა ფაქტის შემსწრე მოწმეებისა და მსჯავრდებულის დაკითხვის ოქმები, ასევე – ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულისა და დაზარალებულების ქცევა როგორც უშუალოდ ჯანმრთელობის დაზიანებამდე, ისე – მის შემდეგ. საყურადღებოა, რომ პირველი დარტყმა მუშტით სახის არეში ბრალდებულს მიაყენა დაზარალებულმა ლ. მ-ემ, რის შემდეგაც კონფლიქტი გადაიზარდა ორმხრივ დაპირისპირებაში, რომლის დროსაც ორივე დაზარალებული ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ვ. ჯ-ეს. აღნიშნული ფაქტი კი მათ ფიზიკურ უპირატესობაზე მიუთითებს, თუმცა მსჯავრდებულის ქმედებაში იკვეთება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება, ვინაიდან, მართალია, მას შეექმნა აგრესიისაგან თავის დაცვისა და მოგერიების ვითარება, მაგრამ მასზე თავდასხმა არ იყო მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის იმდენად საშიში, რომ მას დაზარალებულებისათვის მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით მიეყენებინა დაზიანებები.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვ. ჯ-ეს ობიექტურად ჰქონდა თავდაცვის მიზანი, მაგრამ ამისათვის გამოყენებული საშუალება აშკარად შეუსაბამო აღმოჩნდა თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან, რომლის დროსაც გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს (საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას ვ. ჯ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება (დაზარალებულ ნ. მ-ის ეპიზოდში), ხოლო სსკ-ის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ ლ. მ-ის ეპიზოდში) – გამართლება მართებულად მიაჩნია. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

14. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურრ ნუგზარ ჭიტაძის, ასევე – მსჯავრდებულ ვ. ჯ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი