გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი

სისხლის სამართლის 09.03.2021
საქმის ნომერი
2კ-680აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119003020505

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№680აპ-20 ქ. თბილისი

ჩ. ზ., 680აპ-20 9 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან -კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - გიორგი კაკულიას

ადვოკატ - თ. ი-ს

გამართლებულ - ზ. ჩ-ს

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში; კასატორის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდებოდა ზ. ჩ-ს ბრალეულობა; არასრულწლოვანმა დაზარალებულმა - თ. პ-მ თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა მამინაცვლის მხრიდან ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტები; დაზარალებულის ჩვენება დასტურდება თვითმხილველი მოწმის - ნ. ს-ს გამოქვეყნებული ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დაზარალებულს დაუდგინდა სხეულის დაზიანება, რომლის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებოდა დანაშაულის ჩადენის თარიღს; მოწმეების - დ. და მ. ს-ს ჩვენებებით, რომლებმაც აღწერეს, როგორ მიაკითხეს ღამით თ. პ-მ და ნ. ს-მ, რომლებიც შიშისგან კანკალებდნენ, ტიროდნენ და ყვებოდნენ ზ. ჩ-ს მხრიდან ძალადობასა და მუქარაზე; სასამართლომ უაპელაციოდ გაიზიარა მოწმე ს. ჩ-ს არასანდო განმარტებები, რომელმაც გამოძიებაში არ მისცა თავისი ძმის მამხილებელი ჩვენება, სასამართლოში კი დაადასტურა ზ. ჩ-ს მონათხრობი; ბ. მ-ს ჩვენებით, გარდა იმისა, რომ ესმოდა ჩხუბის ხმა, არაფერი დადგენილა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ჩ-ს, - დაბადებულს 1--- წლის 15 აპრილს, - ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, .... მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს ზ. ჩ-მ იძალადა არასრულწლოვან გერზე - თ. პ-ზე, კერძოდ, თმა მოქაჩა და იატაკზე ათრია, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2019 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, -–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს ზ. ჩ. ხელთ ნაქონი ფიწლის, დანისა და ღუმლის საჩხრეკის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის არასრულწლოვან გერს - თ. პ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ზ. ჩ-ს წარედინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განაჩენით ზ. ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3. საკასაციო სასამართლო აცნობიერებს რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი და სათანადო პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს პირის ბრალეულობის დასადასტურებელი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით მოცემულობის დადგენის აუცილებლობას. ცალკეული მტკიცებულების შეფასებისას საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: აქვს თუ არა სამხილს შეხება მტკიცების საგანთან; რამდენად სწორად ასახავს იგი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს; არის თუ არა სანდო ინფორმაციის წყარო და, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენად რელევანტურია მტკიცებულება მისი უტყუარობის თვალსაზრისით.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ზ. ჩ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებების გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად კერძოდ:

5. დაზარალებულ თ. პ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 აპრილს, ღამით, დედის საძინებლიდან შემოესმა ჩხუბისა და ტირილის ხმა. ჩხუბის მიზეზი იყო მამინაცვლის ეჭვიანობა, რომელიც ნ. ს-ს უკრძალავდა ექიმთან მარტო წასვლას და მოითხოვდა მობილური ტელეფონის შინ დატოვებას. იგი შევიდა საძინებელში და დაინახა, რომ საწოლზე მწოლიარე დედამისს ზემოდან მოქცეოდა ზ. ჩ., რომელსაც ცალ ხელში ბალიში ეჭირა, ხოლო მეორეთი ხელებს უგრეხდა. მას შეეშინდა, დედის დასაცავად მამინაცვალს თმაში მოჰკიდა ხელი და ძირს გადმოაგდო. ზ. ჩ–მ თმაში წაავლო ხელი, ძირს დააგდო და დაახლოებით 3-4 წუთი თმით ათრევდა. მამინაცვალი ისე ძლიერად ქაჩავდა თმას, რომ ეტკინა და ტირილი დაიწყო. დედაც ტიროდა და მამინაცვალს მისთვის ხელი გააშვებინა. მოგვიანებით ექსპერტიზაზე მთელი სხეული შეუმოწმეს, თუმცა დაზიანება სად დაუდგინდა, არ იცის, რადგან თავად სხეული არ დაუთვალიერებია.

6. არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენება მამინაცვლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ნაწილში სრულად არის თანხვდენილი და დასტურდება საქმეში არსებული პირდაპირი მტკიცებულებებით: შემთხვევის თვითმხილველი მოწმის - ნ. ს-ს სასამართლოში გამოქვეყნებული ჩვენებითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, კერძოდ:

7. მოწმე ნ. ს-ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 22 აპრილს, ღამით, მისი მეუღლე იყო გაღიზიანებული და უკრძალავდა ექიმთან მარტო წასვლას, სთხოვდა, რომ მობილური ტელეფონი შინ დაეტოვებინა. კონფლიქტისას ზ. ჩ. მწოლიარეს მუხლით დააწვა ფეხზე და ორივე ხელი გადაუგრიხა, ეუბნებოდა, რომ მის გარეშე არსად გაუშვებდა. ამ დროს მას ტკივილი არ განუცდია. საძინებელში შევიდა მისი ქალიშვილი - თ. პ-ი, რომელმაც უკნიდან მოქაჩა თმა მამინაცვალს და საწოლიდან გადააგდო. ზ. ჩ-მაც ჩაავლო თმაში ხელები თ-ს და ქაჩავდა. თ. ცდილობდა თმაში ხელი წაევლო ზ-სთვის, რათა შეეწყვიტა ძალადობა და გაეშვა მისთვის ხელი. ქალიშვილი და მეუღლე მან გააშველა. ზ. ჩ*ს არც ის და არც მისი ქალიშვილი არ უცემია.

8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოიებას, რომ დაზარალებულმა ბავშვმა გულწრფელად აღნიშნა, რომ მამინაცვლის მხრიდან ძალადობის შემდეგ მას თავისი სხეული არ დაუთვალიერებია და ამიტომ არ იცის, ფიზიკურად აღენიშნებოდა თუ არა რაიმე დაზიანება, თუმცა ამავდროულად სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით (დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - თამაზ ზედელაშვილმა) სარწმუნოდ დგინდება, რომ ძალადობის შედეგად ბავშვს მარჯვენა მტევნის ზურგის არეში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა, რომლის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება ბრალად წარდგენილი ქმედების თარიღს - 2019 წლის 22 აპრილს.

9. საპირისპირო განმარტა თავად ზ. ჩ-მ, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა მეუღლესა და გერზე ფიზიკური ძალადობა, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ზემოგანხილული მტკიცებულებები ერთგვაროვნად და სწორად ასახავენ თ. პ-ზე ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებულ მთავარ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე კანონიერი სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად და აღნიშნავს, რომ ზ. ჩ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების თვითმხილველი სამი მოწმიდან ორი - თ. პ. და ნ. ს.ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ ზ. ჩ-მ თავდაპირველად იძალადა თავის მეუღლზე, რომელსაც ზემოდან მოექცა, აჭერდა ფეხს და უგრეხდა ხელებს; დედაზე ძალადობას შეესწრო საძინებელში შესული თ. პ., რომელმაც თმაში მოქაჩა მამინაცვალს, საწოლიდან გადმოაგდო და განარიდა იგი დედას; ზ. ჩ. მიუბრუნდა გერს და ახლა მასზე იძალადა - ქაჩავდა თმას და ათრევდა. ბავშვის ჩვენებით ცალსახა და ნათელია, რომ ზ-. ჩ.3-4 წუთის განმავლობაში იმდენად ძლიერად ქაჩავდა მას თმას, რომ იგი განიცდიდა ტკივილს და ტიროდა.

10. სააპელაციო სასამართლომ ზ. ჩ-ს ზემოაღნიშნულ ბრალდებაში გამართლების მოტივად მიუთითა, რომ ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია თვითმხილველი და კონფლიქტში მონაწილე მოწმეების ჩვენებები ძალადობის ნაწილში, კერძოდ, ნ. . აღნიშნავს, რომ მეუღლესთან კამათის დროს მოულოდნელად მათთან ოთახში შევიდა თ. პ., რომელიც თმაში სწვდა ზ. ჩ-ს, მოქაჩა და საწოლიდან გადააგდო იგი, რასაც ადასტურებს თავად დაზარალებულიც, რომელიც აღნიშნულს ხსნის დედის დაცვის მოტივით, თუმცა ნ. ს-მ ასევე განმარტა, რომ ზ. ჩ-ს არც ის და არც მისი შვილი - თ. პ. არ უცემია, მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: სააპელაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ყურადღების მიღმა ტოვებს იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტს, რომ ნ. ს- მის ჩვენებაში ცალსახად ადასტურებს, რომ მეუღლე მწოლიარეს ზემოდან მოექცა, მუხლი ჩააჭირა ფეხში და ხელები გადაუგრიხა, რასაც შეესწრო მათ საძინებელში შესული მისი არასრულწლოვანი შვილი და ასევე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სწორედ მასზე ძალადობის თვითმხილველმა ბავშვმა მოქაჩა თმა მამინაცვალს, გადმოაგდო საწოლიდან და განარიდა მისგან. ამდენად, მართლაც რომ გაუგებარია, რაში მდგომარეობს ზ. ჩ-ს მხრიდან ბავშვზე ფიზიკურ ძალადობასთან მიმართებით თ. -სა და ნ. ს-ს მონათხრობს შორის წინააღმდეგობა ან სხვა, რა გონივრული ახსნა შეიძლება მოეძებნოს ბავშვის საქციელს, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ ძალადობდნენ დედამისზე და მყისიერად, ბუნებრივი რეაქციით, შეეცადა მოეშორებინა მისთვის მოძალადე. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს აქცენტს იმაზე, რომ ნ. ს-ს მითითებით, ზ. ჩ-ს არც ის და არც მისი შვილი არ უცემია, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, განმარტავს, რომ სამართლებრივად ზ. ჩ-ს არც ბრალდების მხარე ედავებოდა ვინმეს ცემას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სულ სხვა დანაშაულია, ხოლო, მეორე მხრივ, ხაზგასასმელია, რომ ნ. ს-მ თავის ჩვენებაში ფაქტობრივად დაადასტურა მამინაცვლის მხრიდან ბავშვზე ფიზიკური ძალადობა (თმის მოქაჩვა), რომლის სამართლებრივი შეფასება სწორედ სასამართლოს პირდაპირი მოვალეობაა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: მიუხედავად იმისა, რამდენად აღიქვამს მსხვერპლი, რომ მოძალადის ცალკეული გამოვლინებები - წიხლის ჩაჭერა, ხელების გადაგრეხა, თმის მოქაჩვა, ქცევის კონტროლი, კომუნიკაციის შეზღუდვა და ა.შ. - არის ძალადობა, რამდენად არის ამგვარი მოპყრობა მსხვერპლის ცხოვრების ჩვეული წესი და რამდენად ადეკვატურად რეაგირებს იგი ძალადობაზე, არ ათავისუფლებს სასამართლოს, აღკვეთოს დანაშაული და სათანადო პასუხი მიაგოს დამნაშავეს.

12. და ბოლოს, საკასაციო სასამართლო განმარტავს: იმ ვითარებაში, როდესაც ეჭვგარეშე დგინდება, რომ თ. პ. მოქმედებდა აბსოლუტურად მართლზომიერად, შეესწრო მამინაცვლის მხრიდან დედაზე ძალადობას, დაიცვა იგი და განარიდა მისგან მოძალადე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ: ,,ზ. ჩ. დიდი ალბათობით თავს იცავდა, ვიდრე ფიზიკურად ძალადობდა არასრულწლოვან თ. პ-ზე და მისი მხრიდან თ. პ-სათვის თმების მოქაჩვა წარმოადგენდა მის ინსტინქტურ რეაქციას დაზარალებულის მოქმედებებზე“ - არასათანადოა და სცდება ფაქტების რელევანტურად შეფასების ფარგლებს.

13. ზ. ჩ-ს მხრიდან მუქარასთან დაკავშირებით დაზარალებულმა თ. პ-მ დაადასტურა, რომ ფიზიკური ძალადობის შემდეგ ზ. ჩ. სახლიდან გარეთ გავიდა, ხოლო დაბრუნებულს ხელში ეკავა ხისტარიანი რკინის ფიწალი, რომელსაც მას უქნევდა და თან მოკვლით ემუქრებოდა. მამინაცვალმა ფიწალი რამდენჯერმე მოუქნია, რომელიც დედამ დაიჭირა და ამიტომ არ მოხვედრია. მას მუქარის შეეშინდა, სამზარეულში შევიდა და დანა აიღო, რომელიც დედამ წაართვა, დედას კი - ზ-მ, რომელიც მოგვიანებით დანითაც დაემუქრა (რაზეც დამაზუსტებელ შეკითხვაზე განმარტა, რომ ზუსტად არ ახსოვს) და ღუმელის საჩხრეკი ,,მაშითაც“. ზ. ჩ. იყო განრისხებული, ხოლო მისი მუქარა - ძალიან რეალური, ამიტომაც შეეშინდა. მამინაცვლის სახლიდან წამოსვლის შემდეგ ის და დედა მივიდნენ პაპა-ბებიასთან, რომლებსაც ყველაფერი უამბეს.

14. მოწმე ნ. ს-ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ფიზიკური ძალადობის შემდეგ ზ. ჩ-მ ეზოში აიღო ფიწალი და მოსთხოვა მათ სახლში შესვლა. ზ. ფიწლით მას არ დამუქრებია, თუმცა ბავშვს დაემუქრა თუ არა - არ ახსოვს. თ-ს შეეშინდა, მამინაცვალს მათთვის რამე არ დაეშავებინა, შევარდა სახლში და ღუმლიდან აიღო საჩხრეკი ,,მაშა“, რის შემდეგაც მისმა მეუღლემ ფიწალი დააგდო, ხოლო თ-მ - ,,მაშა“. ის და მისი ქალიშვილი წავიდნენ მისი მშობლების სახლში.

15. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 23 აპრილს, 12:40-13:25 საათზე, ნ. ს-ს მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - ... მდებარე ნ. ს-სა და ზ. ჩ-ს საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ამოღებულ იქნა ოთხთითა ფიწალი, რომელზეც ნ. ს-მ განმარტა, რომ 2019 წლის 22 აპრილს ზ. ჩ-მ სწორედ ეს ფიწალი ამოიტანა ეზოდან სახლში და ეკავა ხელში. საგამოძიებო მოქმედების შედეგად შემთხვევის ადგილიდან ასევე ამოღებულ იქნა ღუმელის საჩხრეკი ,,მაშა“ და საშუალო ზომის დანა. საგამოძიებო მოქმედების ოქმს ერთვის ფოტოცხრილი, რომელზეც აღბეჭდილია ამოღებული ნივთები.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს ძირითადი არგუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო გამამართლებელ განაჩენს, მდგომარეობდა შემდეგში: დაზარალებულ თ. პ-სა და მოწმე - . ს-ს ჩვენებებს შორის წინააღმდეგობების სიმრავლემ გაართულა მათი სანდოობის გადამოწმების შესაძლებლობა; მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანზე ფიზიკურ ძალადობას, კერძოდ - თმის მოქაჩვას, ადასტურებენ თ. პ-ცა და ნ. ს-ც, მათი ჩვენებები წინააღმდეგობრივია თ. პ-ს ხელში დანის არსებობის ნაწილში, რასაც თავად დაზარალებული აღიარებს, ხოლო დედამისი - უარყოფს; ნ. ს-მ აღნიშნა, რომ არ ახსოვს ზ. ჩ-ს მხრიდან მუქარის ფაქტი, რაც, თავის მხრივ, არაფერს გამორიცხავს, თუმცა ვერც დაზარალებულის ჩვენებას ამყარებს.

17. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ დაზარალებულ თ. პ-ს ჩვენება მამინაცვლის მხრიდან ფიწლის დემონსტრირებით მუქარასთან მიმართებით, რომელიც მან რეალურად აღიქვა და შეეშინდა, თანხვდენილია და დასტურდება მოწმე ნ. ს-ს ჩვენებითა და მისივე მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რა დროსაც სწორედ მისი მითითებით იქნა ამოღებული ფიწალი, რომელიც ოჯახური ძალადობის დროს გამოიყენა ზ. ჩ-მ. საყურადღებოა, რომ ნ. ს-მ, როგორც ჩვენებაში, ასევე საგამოძიებო მოქმედების პროცესში, დაადასტურა ის ფაქტი, რომ ზ. ჩ-მ ოჯახური კონფლიქტის დროს ნამდვილად მოიშველია ფიწალი, რომელიც ეზოდან ამოიტანა და ხელში ეკავა, თუმცა არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ გაიგონა, როგორ ან რა სიტყვებით დაემუქრა მისი მეუღლე თ. პ-ს. საკასაციო სასამართლო, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ფიწლის ფოტოსურათი, მიიჩნევს, რომ 15 წლის ბავშვისათვის, რომელზეც მანამდე ფიზიკურად იძალადა მამინაცვალმა, სულ რომ ხმა არ ამოეღო მოძალადეს და ვერბალურად არ დამუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, მოძალადის ხელში ზემოაღნიშნული ოთხკბილა ფიწლის დანახვა უპირობოდ იქნებოდა დამთრგუნველი და შემაშინებელი.

18. საკასაციო სასამართლო საეჭვოდ არ მიიჩნევს დაზარალებულის მონათხრობს, რომ მას შემდეგ, რაც ზ. ჩ. მას ფიწლით დაემუქრა, შეეშინდა, გავიდა სამზარეულოში და დანა აიღო, რომელიც დედამ გამოართვა, დედას კი - მამინაცვალმა და მოგვიანებით დანითაც დაემუქრა (რაზეც დამაზუსტებელ შკითხვაზე განმარტა, რომ ზუსტად არ ახსოვს) და ღუმლის საჩხრეკი ,,მაშითაც“. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია ობიექტური საფუძველი, არ ენდოს ბავშვის მონათხრობს, რომელიც არის აშკარად გულწრფელი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დანასთან მიმართებით დაზარალებულის ჩვენება არ არის კატეგორიული, ხოლო ფაქტის თვითმხილველმა - ნ. ს-მა ქალიშვილსა და მეუღლეს შორის კონფლიქტში დანის გამოყენებასთან მიმართებით დუმილი არჩია (რაც შესაძლოა, მდგომარეობის შემსუბუქების სურვილით აიხსნას), ფაქტების უტყუარად დადგენისათვის სავალდებულო მტკიცებულებების საკმარისობის ჭრილში შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ. ჩ. ფიწლის დემონსტრირებით ემუქრებოდა თ. პ-ს სიცოცხლის მოსპობით, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

19. მუქარის ბრალდებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვან მტკიცებულებებად მიიჩნევს მოწმეების - მ. და დ. ს-ს ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყდეს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

20. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ შესაძლებელია, პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის პირდაპირი ჩვენებაც, ასახავდეს მომხდარ ფაქტს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ - მხოლოდ მის ერთ, თუმცა მნიშვნელოვან მონაკვეთს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება N626აპ-17 საქმეზე, პუნქტი 34). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ზ. ჩ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) შემადგენლობისათვის აუცილებელია დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის რეალურობის დადგენა, სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ მოწმეების: მ. და დ. ს-ს ჩვენებები, რომლებმაც შემთხვევიდან მალევე პირადად ნახეს, რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული და რას განმარტავდა იგი მომხდართან დაკავშირებით, კერძოდ: გვიან ღამით მათთან სახლში მივიდნენ ქალიშვილი - ნ. ს. და შვილიშვილი - თ. პ., მათ შორის ნ. იყო ფეხშიშველი, ორივე კანკალებდა, ტიროდა და ამხელდა ზ. ჩ-ს ძალადობასა და მუქარაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმეების: მ. და დ. -ს ჩვენებების ნაწილი მართლაც შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც მათთვის დაზარალებულისა და მოწმისაგან გახდა ცნობილი, თუმცა მათი მონათხრობი ასევე ეხება ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც მათ საკუთარი თვალით იხილეს. ასე, მაგალითად, რას განიცდიდა ბავშვი მამინაცვლის მხრიდან ძალადობისა და მუქარის შემდეგ, იყო შეშინებული და ტიროდა, რაც შეესაბამება ძალადობის შემდგომ მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას.

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ცალმხრივ მსჯელობას დაზარალებულის ჩვენების არასანდოობასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რადგან არის დამაჯერებელი და თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, ხოლო სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევისას არ დადგენილა რაიმე ისეთი მოტივი, რაც მას საეჭვოს გახდიდა. საგულისხმოა, რომ არც დაცვის მხარე აღნიშნავს და არც მტკიცებულებების გამოკვლევით დადგენილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც მიუთითებდა არასრულწლოვანი ბავშვის მიკერძოებასა და მის არაჯანსაღ დაინტერესებაზე, ემხილა მამინაცვალი არჩადენილ დანაშაულში, მეტიც, ჩვენების მიცემისას თ. პ-მ აღნიშნა, რომ ზ. ჩ-თან აქვს ნორმალური ურთიერთობა, რასაც ასევე ცხადყოფს საქმის მასალებში არსებული თანხმობა, რომლითაც დაზარალებულმა განაცხადა, რომ თანახმაა, ზ. ჩ-ზე გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები და მის მიმართ არ აქვს პრეტენზია.

22. საპირისპიროდ, მეტად საეჭვოდ გამოიყურება ზ. ჩ-ს დის - ს. ჩ-ს ქცევა, რომელმაც გამოძიებაში ისარგებლა კანონით მინიჭებული პრივილეგიით და არ მისცა თავისი ძმის საწინააღმდეგო ჩვენება, მოგვიანებით კი სასამართლოში ზედმიწევნით დაადასტურა თავისი ძმის მონათხრობი, რომ თითქოსდა, ზ. ჩ-ს არც უძალადია და არც დამუქრებია თ. პ-ს, არამედ პირიქით - ბავშვი ემუქრებოდა მამინაცვალს დანით, რაც ეწინააღმდეგება საქმეში არსებული მტკიცებულებებით სარწმუნოდ დადგენილ ფაქტებს, ვერ აკმაყოფილებს სანდოობის მინიმალურ სტანდარტს და შეუძლებელია, სასამართლომ საპირწონე სამხილებთან აშკარა წინააღმდეგობები ამ ჩვენებების სასარგებლოდ გადაწყვიტოს.

23. ამდენად, საკასაციო სასამართლოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული, საკმარისი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 22 აპრილს ზ. ჩ-მ თავის არასრულწლოვან გერზე ჯერ ფიზიკურად იძალადა - თმა მოქაჩა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი, ხოლო შემდეგ ფიწლის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ამდენად, მის ქმედებებში გამოკვეთილია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 4 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) - გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობებისათვის სავალდებულო ნიშნები, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. ჩ-ს მართლწინააღმდეგობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

25. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც მსჯავრი უნდა დაედოს ზ. ჩ-ს, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (2019 წლის 4 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

26. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეული ბავშვის უფლებაა, საკუთარი ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან ისარგებლოს დაცვის ისეთი მექანიზმებით, რაც აუცილებელია მისი, როგორც მცირეწლოვნის, სტატუსის შესაბამისად. საქართველოს კანონის ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-2 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია, მათ შორის, მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულის მეორეული და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად კი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. ,,არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც - არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება.

28. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მე-111 მუხლი (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) და 1261-ე მუხლი (ოჯახში ძალადობა). კანონის პროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანი ეხმიანება ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზანს - დაამკვიდროს ნულოვანი ტოლერანტობა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. აღნიშნული სულისკვეთებიდან გამომდინარე, ოჯახური დანაშაულის ცალკე ნორმებად არსებობის მიზანიც ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად კვალიფიკაცია და ადეკვატური სანქციის დანიშვნაა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება №355აპ-18, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4).

29. საკასაციო სასამართლო ზ. ჩ-სათვის სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლებს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და ზ. ჩ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (ახალი განზრახი დანაშაული ჩადენილია პირობით მსჯავრდებულის მიერ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში; გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი და ოჯახურ დანაშაულთა სიმრავლე) მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ ზ. ჩ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით უნდა შეეფარდოს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (2019 წლის 4 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

30. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ზ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობითად, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. ზ. ჩ-ს სასჯელი აეთვალა 2013 წლის 29 აგვისტოდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. ჩ. გათავისუფლდა პირობით ვადამდე 5 თვითა და 27 დღით ადრე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა - 3 თვით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ჩ-მ ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რისი გათვალისწინებითაც, უნდა გაუქმდეს მის მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა შეეფარდოს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, რაც, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ზ. ჩ-ს პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308–ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს კანონის - ,,არასრულელოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 25-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განაჩენი ზ. ჩ-ს მიმართ;

3. ზ. ჩ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 4 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელიდან ნაწილს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელიდან ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ზ. ჩ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯოს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 24 აპრილიდან 2020 წლის 21 იანვრის ჩათვლით;

5. ნივთიერი მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ფიწალი, ღუმლის საჩხრეკი და დანა განადგურდეს;

6. არასრულწლოვან დაზარალებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი