დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.02.2021
საქმის ნომერი
2კ-36-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141221004290267

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№361-21 17 თებერვალი, 2021 წელი

მ–ე გ., 361-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით გ. მ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ გ. მ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 4 დეკემბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ გ. მ–ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 4 დეკემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. მ–მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

5. მსჯავრდებულმა გ. მ–ემ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული; ხოლო ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მუხლებით. საქმის მასალების თანახმად, გ. მ–ე მსჯავრდებისას არ იყო ნასამართლევი. ამასთან, მისი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა და ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღების ნიშნით. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. მ–ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაენიშნა ერთიანი სასჯელი.

5. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლი ამომწურავად ადგენს სასჯელის სახეებს და მათ არ მიაკუთვნებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევას. აღნიშნული ნორმატიული აქტის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საკითხს არეგულირებს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).“ ამდენად, აღნიშნული უფლებების ჩამორთმევასთან დაკავშირებით „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლისათვის სასჯელის შემცირების პროპორციულად.

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. მ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე