დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.02.2021
საქმის ნომერი
2კ-73-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141221004277462

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№731-21 24 თებერვალი, 2021 წელი

ო–ი ა., 731-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ო–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით ა. ო–ი, - დაბადებული წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ა. ო–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 22 აპრილიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრის მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 22 ოქტომბრის N02/20/შ/პ/ზ-167 გადაწყვეტილებით ა. ო–ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით 1 წლის, 5 თვისა და 30 დღის ვადით. მასვე დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება ყოველდღე 15:00 საათიდან 10:00 საათამდე. ა. ო–ს გათავისუფლდა პატიმრობიდან 2020 წლის 23 ოქტომბერს.

3. 2021 წლის 15 იანვარს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. ო–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ო–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დანიშნული სასჯელი, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრის მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 22 ოქტომბრის N........... გადაწყვეტილებით შეეცვალა შინაპატიმრობით 1 წლის, 5 თვისა და 30 დღის ვადით და პირობითი მსჯავრით განსაზღვრული სასჯელი 3 წელი, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით შეუმცირდა ერთი მეოთხედით და შინაპატიმრობის სახით მოსახდელად განესაზღვრა 1 წელი, 1 თვე და 15 დღე , ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი და 3 თვე. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ო–მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

6. მსჯავრდებულმა ა. ო–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ა. ო–ს მოთხოვნა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებით სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული“. ამდენად, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა)“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთათვის სასჯელის მხოლოდ ¼-ით შემცირებას და არ ითვალისწინებს სასჯელისგან სრულად გათავისუფლება. შესაბამისად, არ არსებობს ა. ო–ს სასჯელისგან სრულად გათავისუფლების საფუძველი.

4. ამნისტიის აქტის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმაზე. კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“. „ამნისტიის შესახებ“ კანონი მსჯავრდებული პირის ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის ( იხ. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი). მოცემულ შემთხვევაში ა. ოს დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 10000ლარის ოდენობით დაეკისრა 2017წლის 20 ივლისის განაჩენით ( ი.ე. 2012 წლის შემდეგ). შესაბამისად, არ არსებობს ა. ო–ს არც ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.

5. ამდენად, მსჯავრდებულ ა. ო–ს მიმართ სწორად გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რის შედეგადაც მას ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ო–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე