საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100120003684363
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №991აპ-20 ქ. თბილისი
ჯ–ა ზ., 991აპ-20 19 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ზ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ჯ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 15 აპრილს, დღის საათებში, ქ. ზ–ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში ნასვამი ზ. ჯ–ა, ოჯახური კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, ბებიას - მ. ლ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 ივნისის განაჩენით ზ. ჯ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ზ. ჯ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
ზ. ჯ–ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ზ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2020 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულმა მ. ლ–მ, რომელიც არის ზ. ჯ–ს ბებია, პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - ზ. ჯ–ს წინააღმდეგ.
8. 1994 წლის 22 სექტემბრის ზ. ჯ–ს №.. და 1977 წლის 01 დეკემბრის №... დაბადების სააქტო ჩანაწერებით დადასტურებულია, რომ ზ. ჯ–ა და თ. ჯ–ა არიან დედა-შვილი, ხოლო მ. ლ–ა არის ზ. ჯ–ს ბებია.
9. მოწმე თ. მ–მა განმარტა, რომ 2020 წლის 15 აპრილს პირად საქმეზე დაურეკა მ. ლ–ს, რომელსაც შეატყო, რომ იყო აღელვებული და ჰკითხა მიზეზი, მან უპასუხა, რომ შვილიშვილთან, ზ. ჯ–სთან, ჰქონდა კონფლიქტი და იგი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მათ შორის უფრო სერიოზული დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო, დარეკა 112-ში. ამდენად, მოცემული ინფორმაცია ეფუძნება სხვა პირის - დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.
10. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ზ. ჯ–ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე