ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100120003879647
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №128აპ-21 ქ. თბილისი
ა-ი ე. 128აპ-21 22 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ე. ა–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 120-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
- ე. ა–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
- მასვე, 2 წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
- ე. ა–ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2020 წლის 18 აგვისტოდან 2020 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით.
2. გასაჩივრებული განაჩენით ე. ა–ს მსჯავრი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 20:45 საათზე, ........ის მუნიციპალიტეტის სოფელ ......ში, ე. ა–სა და დაზარალებულის ძმის - ბ. რ–ს შორის არსებული კონფლიქტის გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, ე. ა–მ ა. რ–ს, დანის გამოყენებით, გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიაყენა ორი ჭრილობა, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ ე. ა–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. კასატორი - პროკურორი გიორგი სახიაშვილი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულ ე. ა–ის მიმართ სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში და ითხოვს მის დამძიმებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, კერძოდ:
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
4. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ე. ა–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
5. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2021 წლის 30 მარტს შემოვიდა ე. ა–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის - ა. რ–ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმადაც დაზარალებული შერიგებულია ე. ა–ს და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს.
7. შესაბამისად, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მსჯავრდებული ე. ა–ი სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის (6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი) მოხდისაგან გათავისუფლდება.
8. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.
9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. ა–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა - 2 წლით, რომელზეც გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და ე. ა–ი გათავისუფლდება მოცემული დამატებითი სასჯელისაგან. რაც შეეხება ჯარიმას - 2000 ლარის ოდენობით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს სასჯელის იმ სახის მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ე. ა–ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის(6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი) მოხდისაგან;
4. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ე. ა–ი გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის - იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა -2 წლით მოხდისაგან;
5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე