დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.04.2021
საქმის ნომერი
2კ-304-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.04.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802221004453290

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№304I-21 ქ. თბილისი

ი–ი ე.(ე.), 304I-21 2 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე.(ე.) ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.(ე–ნ) ი–ის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2010 წლის 16 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მთავარმა პროკურატურამ გამოსცა საბრალდებო აქტი, რომლის თანახმად, ე.(ე–ნ) ი–ს ბრალი დაედო თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შურისძიების მოტივით), 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის დაზიანება, ჩადენილი პირის მიმართ, რომელსაც არ აქვს თავის დაცვის შესაძლებლობა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) და თურქეთის რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

2011 წლის 15 თებერვალს ე.(ე–ნ) ი–ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2012 წლის 9 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონულმა მძიმე სისხლის

სამართლის სასამართლომ ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოსცა ე.(ე–ნ) ი–ის დაკავების შესახებ ბრძანება.

2. ე.(ე–ნ) ი–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2014 წლის 18 ივნისს ე.(ე–ნ) ი–ი, ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ივნისის მოსამართლის განჩინებით ე.(ე–ნ) ი–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2014 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ე.(ე–ნ) ი–ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ე.(ე–ნ) ი–ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვის ვადით, 6 თვემდე - 2014 წლის 18 დეკემბრამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ე.(ე–ნ) ი–ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვის ვადით, 9 თვემდე - 2015 წლის 18 მარტამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მარტის განჩინებით ე.(ე–ნ) ი–ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2015 წლის 13 მარტის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ე.(ე–ნ) ი–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2015 წლის 7 მარტის განჩინების შეცვლის თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით ე.(ე–ნ) ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2017 წლის 6 ივლისის განაჩენში, რომლის თანახმად, ე.(ე–ნ) ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც განესაზღვრა 2 წლის ვადით სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის ვალდებულება, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

ე.(ე–ნ) ი–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 14 ოქტომბრიდან და დაასრულებს 2021 წლის 14 აპრილს.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ე.(ე–ნ) ი–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ე.(ე–ნ) ი–მ შურისძიების მოტივით გადაწყვიტა ჰ. ს–ს მოკვლა, რის შესახებაც აცნობა თავის მეგობრებს. ხსენებული მიზნით, ე.(ე–ნ) ი–მ თანამზრახველებთან ერთად შეისწავლა ჰ. ს–ს ყოველდღიური მარშრუტი და მიმოსვლის გრაფიკი. აღნიშნულის შემდეგ, 2010 წლის 28 ივნისს, 00:05 საათზე, ...........ის რესპუბლიკის ქ. ......ში, ე.(ე–ნ) ი–მ და ქ. ბ–მ, დაახლოებით ორი მეტრის მანძილიდან, მათ ხელთ არსებული უნებართვო ცეცხლსასროლი იარაღებიდან 20-ჯერ ესროლეს ჰ. ს–ს, მისივე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. სროლის შედეგად ასევე დაიჭრა ჰ. ს–ს არასრულწლოვანი ვაჟი თ. ს–ი, ხოლო ე.(ე–ნ) ი–ი თანამზრახველთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

4. 2021 წლის 15 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ე.(ე–ნ) ი–ის .........ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მოცემული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია:

- თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შურისძიების მოტივით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას უვადოდ;

- თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის დაზიანება, ჩადენილი პირის მიმართ, რომელსაც არ აქვს თავის დაცვის შესაძლებლობა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 18 თვემდე ვადით;

- თურქეთის რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ე. (ე–ნ) (E.) ი–ის (Y.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ე.(ე–ნ) ი–ის ექსტრადიციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში და დასჯადია:

- თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შურისძიების მოტივით);

- თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის დაზიანება, ჩადენილი პირის მიმართ, რომელსაც არ აქვს თავის დაცვის შესაძლებლობა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით);

- თურქეთის რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე.(ე–ნ) ი–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განჩინების გაუქმებას და ე.(ე–ნ) ი–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ე.(ე–ნ) ი–ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე.(ე–ნ) ი–ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2014 წლის 18 ივნისს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ, როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ე.(ე–ნ) ი–ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ე.(ე–ნ) ი–ი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე.(ე–ნ) ი-ს უარი ეთქვა საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე;

- ე.(ე–ნ) ი–მ განმეორებით მიმართა აღნიშნულ სამინისტროს საერთაშორისო დაცვაზე, მაგრამ 2017 წლის 14 თებერვალს მას უარი ეთქვა საქმის ხელახლა განხილვაზე. სამინისტროს გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვაზე უარის შესახებ ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით;

- 2018 წლის 18 სექტემბერს ე.(ე–ნ) ი–ს მესამედ ეთქვა უარი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე, ხოლო 2018 წლის 15 ოქტომბერს - მეოთხედ;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ე.(ე–ნ) ი–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოცემული გადაწყვეტილება ე.(ე–ნ) ი–მ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დაევალა საერთაშორისო დაცვაზე ე.(ე–ნ) ი–ის განმეორებითი განცხადების არსებითი განხილვა.

6. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც ე.(ე–ნ) ი–ი ბრალდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება: 1). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღვეთას 17 წლამდე ვადით; 2). ამავე კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით; 3). ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება). ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილი - 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა, შესაბამისად, 6 წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, 10 წელი - მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და 30 წელი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე.

7. ე.(ე–ნ) ი–მ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა 2010 წლის 28 ივნისს, ხოლო ამ ქმედებებთან დაკავშირებით 2010 წლის 16 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მთავარმა პროკურატურამ გამოსცა საბრალდებო აქტი. აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებითაც ცალსახაა, რომ მოცემულ დანაშაულებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით.

8. ადვოკატის მტკიცებით, ე.(ე–ნ) ი–ის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა ეწინააღმდეგება ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის დებულებებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9, მე-8 მუხლებით დაცულ უფლებებს და ამავე კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თავშესაფრის მაძიებელი პირის უფლებებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის სფეროში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობა ხელს არ უშლის. ამავდროულად, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე არ უნდა აღსრულდეს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც ე.(ე–ნ) ი–ის ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის საფრთხეზე მიუთითებს ანდა დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. ნიშანდობლივია, რომ ვერც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა რაიმე მტკიცებულება, რაც არსებითი საფუძველი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ ე.(ე–ნ) ი–ის ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის საფრთხე.

10. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ე.(ე–ნ) ი–ი არის .........ი ........ის შთამომავალი, 20.. წელს მოუკლეს მამა ჯ. ი–ი და მამიდაშვილი ი. ა–ი, ვინაიდან ისინი იყვნენ ......ის .......ზღვისპირეთში .....ს რაიონის ..........ი სათვისტომოს დამფუძნებელი წევრები და აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ ........... ..........ს შორის ეროვნული ცნობიერების გაღვიძებაში.

11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხეზე.

12. დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ ე.(ე–ნ) ი–ი .......ში იდევნება ეროვნული ნიშნით და მის სიცოცხეს საფრთხე ემუქრებოდა, დღესაც გრძელდება მისი დევნა. აღნიშნული საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია; არ დასტურდება ე.(ე–ნ) ი–ის ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტი. აღნიშნულზე ე.(ე–ნ) ი–ის მითითება გასაუბრების ოქმში ეყრდნობა არა ფაქტებს, არამედ ვარაუდებს ან/და შეფასებებს კონკრეტულ ფაქტებზე მითითების გარეშე. საექსტრადიციო მასალების თანახმად, 2002 წელს ჰ. ს–მა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოკლა ე.(ე–ნ) ი–ის მამა. აუცილებელი მოგერიების საფუძვლით იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან/პასუხისმგებლობისგან, რაც მიუღებელი იყო ე.(ე–ნ) ი–ისათვის და მან განიზრახა შურისძიება სისხლის აღების გზით. ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ე. (ე–ნ) ი–ს სიცოცხლის ხელყოფის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სასამართლო მოკლებულია გასაუბრების ოქმში მითითებული ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობას.

13. დაცვის მხარე ასევე უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევაზე ე.(ე–ნ) ი–ის ექსტრადიციის შემთხვევაში. ექსტრადიციის მასალების თანახმად, ...........ში ცხოვრობს ე.(ე–ნ) ი–ის მეუღლე ლ. გ. (დაბ. .....), რომელთანაც ე.(ე–ნ) ი–ი 2015 წლის 16 ნოემბრიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი - ე. ი. (დაბ. .....), ი. ი. (დაბ. ......) და ჯ. ი. (დაბ. ......). ე.(ე–ნ) ი–ის მითითება საქართვცელოში მყოფ მეუღლესა და შვილებზე არ არის საკმარისი საქართველოსთან ისეთი მყარი კავშირის მტკიცებისათვის, რითაც შეიძლება შეიქმნას ექსტრადიციაზე უარის საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ .....ს რესპუბლიკა არის .............ს მოსაზღვრე სახელმწიფო და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი, ე.(ე–ნ) ი–ის ოჯახს შესაძლებლობა ექნება ბიუროკრატიული და შორი მგზავრობით გამოწვეული დაბრკოლებების გარეშე იმოგზაუროს .......ის რესპუბლიკაში ე.(ე–ნ) ი–ის მოსანახულებლად. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR). საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ ე.(ე–ნ) ი–ის დედა, ძმა, ბიძა, ბიძაშვილები.

14. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

15. ამდენად, ..........ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ე.(ე–ნ) ი–ის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 და მე-8 მუხლების ხელყოფის საფრთხე დაუსაბუთებელია.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ე. (ე–ნ) (E. ) ი–ის (Y.) ...........ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ე.(ე–ნ) ი–ის ექსტრადიციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში და დასჯადია: 1. თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შურისძიების მოტივით); 2.თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის დაზიანება, ჩადენილი პირის მიმართ, რომელსაც არ აქვს თავის დაცვის შესაძლებლობა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით); 3. თურქეთის რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე.(ე–ნ) ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე